საგამოფენო სივრცე - "არტარეა" მულტიმედიურ გამოფენას "პეიზაჟი მოგვითხრობს ამბავს" მასპინძლობს, რომელიც 25 ივნისს გაიხსნა და 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ევროკავშირის მხარდაჭერით, ორგანიზაცია CENN-ისა და კომპანია Gopa Intec-ის ორგანიზებული გამოფენა 11 ქართველი ხელოვანის 20-მდე ნამუშევარს აერთიანებს - ფერწერულ ტილოებს, ინსტალაციებს, სკულპტურებს, ილუსტრაციებსა და ვიდეოპროექტებს. გამოფენის მონაწილე ხელოვანები წარმოადგენენ მხატვრულ ხედვას ენერგიებისა და ენერგომატარებლების თემაზე, თითოეულ სახელოვნებო ნამუშევარს ექსპრესიულად, კრეატიულობითა და საინტერესო ენით მიაქვს საზოგადოებამდე ის მნიშვნელოვანი სათქმელი და საყურადღებო პრობლემები, რომლებიც კლიმატის ცვლილებასა და მის ნეგატიურ შედეგებს უკავშირდება. ხელოვანები კი  კულტურის საფუძვლების, მითოლოგიის, ორგანული მასალების ენისა და შესაძლებლობების გაერთიანებით ცდილობენ წარმოაჩინონ ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების როლი ამ ნეგატიური გავლენების შერბილებისა და თავიდან აცილების პროცესში.

გარემოს ხელოვნება 1960-იანი წლებიდან არსებობს, როგორც პეიზაჟის გარდაქმნის არტისტული პრაქტიკა, რაც გულისხმობს ბუნებასთან მეგობრულ თანამშრომლობასა და ზრუნვას. გამოფენა - "პეიზაჟი მოგვითხრობს ამბავს" გადმოსცემს ბუნების როლს სამყაროს აღქმაში და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ბუნების უკეთ გაგებას, რაც შემდგომში დაგვეხმარება აღმოვაჩინოთ ახალი ენერგეტიკული რესურსები. 

IMG_9108.png 1.48 MB
ხათუნა ხაბულიანი, გამოფენის კურატორი:


 "გამოფენის თემა დაკავშირებულია ორგანიზაცია CENN-თან და მის დამფუძნებელთან - ნანა ჯანაშიასთან, რომელიც გარდა ბუნების დამცველისა, ხელოვნების ერთგული ქომაგი იყო, სწორედ მას მიეძღვნა გამოფენა - "პეიზაჟი მოგვითხრობს ამბავს". ეს არის გარემოს ხელოვნების ერთგვარი გაშლა - დაკავშირებული ენერგიების ტრანსფორმაციასთან, ენერგომატარებლებთან, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ და ზიანის მომტანია, ჩვენს ყოველდღიურობაში კი მუდმივად არის იმის საჭიროება და აუცილებლობა, რომ რაღაცნაირად შეიცვალოს თანამედროვე სამყაროში მიდგომა ენერგომატარებლების მიმართ, რაც საკმაოდ რთული, მაგრამ აუცილებელია ტექნოლოგიების სამყაროში ეკოლოგიურ თემებზე გაფრთხილება და ამ თემის წინ წამოწევა. ზოგადად, ხელოვნებაში 60-70-იანი წლებიდან აქტუალურია გარემოს ხელოვნება, რომელსაც ჰყავს ძალიან მნიშვნელოვანი წარმომადგენლები, მათ შექმნეს ბაზა ამ მიმართულებით - ხელოვნების დაკავშირება გარემოსთან, ბუნებასთან, იმ პროცესებთან, რომლებიც უშუალოდ ბუნებაში მიმდინარეობს და დაახლოება პლანეტასა და ხელოვანს შორის. გამოფენისთვის 11 ხელოვანი შეირჩა, მათ სხვადასხვა მედიუმში შეასრულეს მულტიმედიური ნამუშევრები - ციფრული, გრაფიკული დიზაინის პოსტერები, ფერწერული ნამუშევრები, ვიდეოინსტალაციები, პერფორმანსი". 

თეო ბურკი, ხელოვანი:


 "გამოფენის კონცეფცია ძირითადად აგებულია ეკომეგობრულ საკითხებზე - ენერგომატარებლებზე, იმ ეკოლოგიურ საკითხებზე, რომელსაც უკავშირდება ორგანიზაცია CENN-ს, შესაბამისად, გამოფენისთვის შეირჩნენ ისეთი არტისტები, რომლებიც ამ თემატიკაზე მუშაობენ, თუმცა წარმოადგენენ სხვადასხვა მედიას და ერთმანეთისგან განსხვავებული ფორმით გამოსახავენ აქტუალურ პრობლემებს. გამოფენაზე წარმოდგენილი ჩემი ნამუშევრები ეხება კლიმატურ პირობებსა და ცვლილებებს, ნაჩვენებია აბსტრაქტული ფერწერული ტილოების სახით და სათაურები, მაგალითად, "წითელი ქარები"  ან "იასამნისფერი წვიმა" ეხება იმ თემებს, რომლებიც შეიძლება იყოს ატმოსფერულ ცვლილებებთან დაკავშირებული, თუმცა გამოსახულია განზოგადებული, თანამედროვე აბსტრაქციის ფორმებით. ასევე, გარკვეული ფიზიკური, სივრცული მატერიალიზაციისთვის წარმოდგენილი მაქვს ობიექტები პატარა ქანდაკებების სახით, რომლებიც შექმნილია ნაპოვნი მასალით და აგებულია შეფუთვის პრინციპზე, რაც იმას გულისხმობს, რომ მთლიანად შებათქაშებულია სხვადასხვა ეკომეგობრული მასალით. გალერეაში ინსტალაციის ფიზიკური ფორმა არის ქვიშაში ჩაფლული, ქვიშის ბუნებით გადაფარული ობიექტები კი გარკვეულ რეფერენსს წარმოადგენს". 

შოთა იმერლიშვილი, ხელოვანი:


“ჩემი ნამუშევრები შეიქმნა პროექტის ფარგლებში - "პეიზაჟი მოგვითხრობს ამბავს", რომელიც არის CENN-ის პროექტი კლიმატურ ცვლილებებთან და ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით. არტისტებმა ერთი თვის განმავლობაში შევქმენით ნამუშევრები, რომლებიც დაკავშირებულია გამოფენის კონცეფციასთან. გადავწყვიტე, ჩემებურად გადმომეცა მოსაზრება კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით და გამოვსახე სხვადასხვა ფერში, მაგალითად, მწვანე გამოსახავს ბუნებას, ხოლო ყვითელი - ენერგოეფექტურობას - მზის პანელებს, ქარის რადიატორებს და ა.შ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ გამოფენაში მონაწილეობა, რადგან სრულიად სხვანაირად ვემზადებოდი ერთი თვის განმავლობაში, ამ პერიოდში აზრებს, ემოციებს, განცდებსა და შეხედულებებს ერთად მოვუყარე თავი და დავხატე ეს ნამუშევრები. გარდა ამისა, გამოფენაზე ძალიან საინტერესო არტისტები მონაწილეობენ, საერთო ჯამში კი იქმნება მნიშვნელოვანი გამოცდილება".

მაკა კილაძე, ხელოვანი: 


"ჩემი ნამუშევარი ჯადოსნური სამყაროს - უფლისციხეს ანარეკლია. გამოფენაზე წარმოდგენილი კერამიკული ნამუშევრები რამდენიმე წლის წინ საფრანგეთში შევქმენი და მხოლოდ იქ მქონდა გამოფენილი, დღეს კი მომეცა საშუალება დამთვალიერებელს ინსტალაცია "მი ზი ინანა" გავუზიარო.  ეკოლოგია ჩემს ცხოვრებაში დიდი ხანია არსებობს, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ არტისტი გავხდებოდი. იქამდე ყველა ჩემი ნამუშევარი სხვადასხვა სფეროში უკავშირდებოდა მულტიფუნქციური ნარჩენების გამოყენებას, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მრავალჯერადი გამოყენების ნივთები, ობიექტები, სივრცეები, ნებისმიერი რაიმე. სწორედ ეს გამოფენა დაუკავშირდა ჩემს მრავალწლიან ხედვასა და წარმოდგენას, ამ თანხვედრის შედეგად გადავწყვიტე, ჩემი ნამუშევრით მომეყოლა ჯადოსნურ მთაზე, სადაც ქალღმერთები და ღმერთები ცხოვრობდნენ, მათ შორის ქალღმერთი ნანა, რომელიც იმოსებოდა ბუნებით და ზოგადად, გამოიხატება ადამიანებისა და ღმერთების უწყვეტი კავშირი ბუნებასთან. ნამუშევარი ეფუძნება ქსნის იმ უძველეს კულტურას, რაზეც დგას ჩვენი ქვეყანა და უძველეს ძეგლს, რომელიც ჩემთვის მაგიურ ტრანსფორმაციასთან ასოცირდება, როგორც ადამიანისთვის და არტისტისთვის. ბევრი საჩუქარი მივიღე ამ ადგილთან ურთიერთობით და დღევანდელი დღეც, ეს გამოფენაც ვთვლი, რომ საჩუქარია ჩემთვის, რადგან მომეცა საშუალება, კიდევ ერთხელ შევახსენო ადამიანებს, რომ ძალიან მინიმალური, მეორადი მოხმარების, ნაპოვნი და ყოველდღიური ნივთებით შესაძლებელია ჯადოსნური სამყაროს შექმნა". 

 

გამოფენაში მონაწილე ხელოვანები არიან: თეო ბურკი, დავით კუხალაშვილი, შოთა იმერლიშვილი, მარიამ საკნელაშვილი, მაკა კილაძე, გვანცა ფანჩულიძე, დიეგო მიქავა, მარიამ ტურაბელიძე, ქეთევან გამდლიშვილი, ელენე გურამიშვილი და ნიკა მომცელიძე.
 
მულტიმედიური გამოფენა - "პეიზაჟი მოგვითხრობს ამბავს" - სტუმრებს 30 ივნისის ჩათვლით, ყოველდღე, 12:00-იდან 20:00 საათამდე უმასპინძლებს.