Vogue World ჟურნალ Vogue-ის ინიციატივაა, რომელიც მაღალ მოდას და ხელოვნებას, განსაკუთრებით კი პერფორმანსის ხელოვნებას, ერთმანეთთან აკავშირებს. ეს ცოცხალი ღონისძიების იდეა პირველად 2021 წელს გაჩნდა და მიზნად Vogue-ის სარედაქციო ხედვის სრულიად ახალ ფორმებში, ცოცხალ სცენაზე გადმოცემას გულისხმობდა. პირველი ღონისძიება ნიუ-იორკში გაიმართა, რომელიც ჩანაფიქრის მიხედვით ქუჩის ბაზრობას წააგავდა, აქ ნაჩვენები იყო სპექტაკლები, მოდის ჩვენებები და ინტერაქციული პერფორმანსები, რომლებიც აქცენტს ნიუიორკულ სახელოვნებო სივრცეებზე და ადგილობრივ თანამედროვე ხელოვანებაზე აკეთებდა. ნიუ-იორკის შემდეგ, 2022 წელს Vogue World ლონდონში, Royal Drury Lane-ში გაიმართა და კიდევ უფრო თეატრალური მიდგომით გამოირჩეოდა, სადაც ანი ლენოქსის საკულტო შესრულება ღონისძიების ისტორიაში დღემდე ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტად ითვლება.
წინა ორისგან სრულიად განსხვავდებოდა წლევანდელი Vogue World, რომელიც 23 ივნისს პარიზში, Place Vendome-ში გაიმართა, წლევანდელი ღონისძიების კონცეფცია მოდასთან ერთად სპორტსაც უკავშირდებოდა და სიმბოლურად პარიზის ოლიმპიურ თამაშებსაც. მოდისა და სპორტის სანახაობრივი ნაზავი ფრანგული მოდის 100 წლის ისტორიას აღნიშნავდა, რომელსაც Vogue-ის გლობალური სარედაქციო ნაწილის დირექტორი ანა ვინტური ხელმძღვანელობდა.
“თუ Vogue World New York იყო ქუჩის გამოფენა, ლონდონში კი საზოგადოებამ გლამურული ღამე თეატრში იხილა, პარიზში გამართული ღონისძიება ფრანგული მოდისა და სპორტის 100 წლისთავს აღნიშნავს, ისევე როგორც ამ არაჩვეულებრივ ქალაქს.” - განაცხადა ანა ვინტურმა.
წლევანდელი Vogue World ფრანგულ სპორტულ აკადემიებთან თანამშრომლობით გაიმართა, რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობებს, მათ შორის: ველოსპორტს, ტანვარჯიშს, ჩოგბურთს, ფარიკაობას და სხვ. აერთიანებდა. ეს ის სახეობებია, რომლებსაც თავიანთი მნიშვნელოვანი გავლენა 1920-იანი წლებიდან დღემდე აქვს ფრანგულ მოდაზე.
პარიზი მოდასთან ერთად ხელოვნების და კინოს მთავარი ცენტრია, შესაბამისად, მრავალწლიანი ისტორიიდან 23 ივნისს ბევრი საინტერესო კულტურული მომენტი გაცოცხლდა, მათ შორის Chanel-ის 1924 წლის ის სამოსი, რომელიც ამავე წლის Vogue-ის ფურცლებზე დაიბეჭდა, კიდევ ერთხელ გაცოცხლდა Lanvine-ის 1924 წლის Vogue-ში დაბეჭდილი ლუქებიც, მრავლად იყო ნაჩვენები ვერცხლისა და ოქროს ჯაზის ეპოქის შთაგონებით შექმნილი Dior-ის, Givenchy-ის, Elie Saab-ის, Miu Miu-ს 2024 წლის კოლექციებიც.
2024 წლის ღონისძიებაში თავისი ადგილი კინემატოგრაფსაც დაეთმო. Fantomas-ისა და Les Vampire-ის გმირების კოსტიუმების შთაგონებით შექმნილი სამოსი მოირგო ერთ-ერთმა ველომრბოლელმა, მარლენ დიტრიხის 1930 წლის სასცენო კოსტიუმი კი კიონა რევლონს ეცვა, რომელიც წლევანდელი კოლექციისთვის Nina Ricci-ის სახლმა შეკერა. Yves Saint Lauren-ის 1940-იანი წლების “ოვერსაიზ" პიჯაკები კი Emily In Paris-ის მსახიობმა მოირგეს.
მნიშვნელოვანი იყო Balenciaga-ს 1939 წლის Couture კაბის ხელახლა გაცოცხლებაც, ისევე როგორც Schiapparelli-ის 1938 წელს სალვადორ დალისთან ერთად შექმნილი კაბის თანამედროვე ინტერპრეტაციაც.
ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო Jacquemus-ის 2015 წლის კოლექციაც, რომელიც სამხრეთ საფრანგეთის სანაპიროების და მისი ესთეტიკის შთაგონებით შეიქმნა. Jacquemus-თან ერთად საზღვაო თემატიკის ირგვლივ გაერთიანდა Jean Paul Gaultier-ს 2003 და 2020 წლის ზოლიანი ლუქებიც. სპეციალურად წლევანდელი Vogue World Paris-ისთვის შეიქმნა Dior-ის რამდენიმე კაბა, რომლის შთაგონებაც 1947 წლის გაზაფხულის Couture კოლექცია გახლდათ.
ფრანგულ მოდაში ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ბრენდის, Hermes-ის სახე წარმოადგინეს ცხენზე ამხედრებულმა ჯიჯი ჰადიდმა და კენდალ ჯენერმა. სპორტის ეს სახეობა ბრენდის ესთეტიკასა და ვიზუალურ იდენტობაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს, შესაბამისად, ფრანგული სპორტისა და მოდის ისტორიის აღნიშვნა Hermes-ის გარეშე ვერ ჩაივლიდა.
პარიზული სულის და ატმოსფეროს გაცოცხლებისათვის სანახაობრივად ყველაზე შთამბეჭდავი Cours de Cafe-ს პერფორმანსი იყო, რომლის ისტორიის მიხედვით, მე-20 საუკუნის საფრანგეთში ყველა კაფეს ჰყავდა ერთი მიმტანი, რომელიც ჭიქითა და ღვინით ხელში სწრაფი ნაბიჯებით დადიოდა ქალაქში. ეს იშვიათი პარიზული სანახაობა Vogue World-ის მაყურებლებმა კიდევ ერთხელ პერფორმანსის სახით იხილეს.
დაწერე კომენტარი