ექსპერიმენტული და ფილოსოფიური ნამუშევრები, რომლებშიც დრო და უსასრულობა ირეკლება, ტაცუო მიაჯიმას შემოქმედების განუყრელი ნაწილია. იაპონელი სკულპტორის ნამუშევრები ხშირად LED განათებებითა და “გაჯეტებით” იქმნება, რომლებიც, მისი თქმით, დროის უწყვეტი ნაკადისა და ადამიანის უზარმაზარ სამყაროში არსებობის სიმბოლოებია.
მიაჯიმას განსაკუთრებით ტექნოლოგიური შემოქმედება თანამედროვე მასალების - ელექტრონული სქემების, ვიდეოსა და კომპიუტერის გამოყენებითა და განვითარებით ჯერ კიდევ 1980-იანი წლებიდან იქცევს ყურადღებას. არტისტი 1957 წელს იაპონიის ერთ-ერთ პრეფექტურაში, იბარაკში დაიბადა, სადაც დღემდე ცხოვრობს და მოღვაწეობს. ტოკიოს სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის ეროვნული უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სანამ ტაცუო სინათლის ინსტალაციებით დაინტერესდებოდა, პერფორმანსის ხელოვნებაში სხვადასხვა სახის ექსპერიმენტებს მიმართავდა. 1981 წლის NA.AR. (Voice) მისი ადრეული კარიერის პერფორმანსული ვიდეოა, რომელშიც ტაცუო ტოკიოს ქუჩებში სეირნობს, დროდადრო ხმამაღალი შეძახილებით იქცევს ყურადღებას და ხალხის რეაქციას აკვირდება. ამ პერფორმანსს ტაცუო 1983 წლამდე იმეორებდა.
1980-იანი წლების ბოლოს ტაცუო სინათლის გამოყენებით ინსტალაციების შექმნას იწყებს, რომელიც დღემდე მისი შემოქმედების განმსაზღვრელია. LED განათებების წითელი და მწვანე პალიტრა მის ნამუშევრებში 90-იან წლებში ჩნდება, რომელიც შემდგომ უკვე ლურჯსა და თეთრს ერწყმის. მიაჯიმას გაჯეტები მუდმივი მოძრაობისა და ტრანსფორმაციის იდეის ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც ფერადი, ციფრული პროგრესიით 1-დან 9-მდე იცვლება და შემდეგ ისევ უკან, 9-დან 1-მდე ბრუნდება. ეს ციფრები მისთვის ადამიანის სკალას გამოხატავს, სადაც ცხოვრება როგორც ცალკეულ, ისე მასშტაბურ დონეზეა მოცემული. 0 კი ის პაუზაა, რომლის გადალახვის შემდეგაც სიცოცხლე კიდევ ერთხელ იწყება.
არტისტის მიერ შექმნილი ზოგი სქემა სწრაფად იცვლება, ზოგიც უფრო ნელა, ხოლო მისი მოციმციმე სანათები მნახველს გარს არტყამს და ნამუშევრის ნაწილად აქცევს. რაც შეეხება რიცხვებს, ისინი არტისტის შემოქმედებაში როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური ცხოვრებისეული ციკლის მეტაფორაა, რომელიც, თავის მხრივ, აღმოსავლურ აზროვნებას, განსაკუთრებით კი ბუდიზმს უკავშირდება. ძველი ბერძნული ფილოსოფია კი პარალელურ დისკურსს გვთავაზობს, რომელიც მთელი სამყაროს ცვლილებასა და ტრანსფორმაციას აქცევს ფოკუსში.
“მუდმივია მხოლოდ ის ფაქტი, რომ ჩვენ ყოველთვის ვიცვლებით”. Keep Changing - მიაჯიმას შემოქმედების პირველი პრინციპია, რომელსაც მისი ხელოვნება ეყრდნობა. მეორე პრინციპი - connect with everything - კავშირს ეფუძნება, რომელიც, არტისტის თქმით, გარდაუვალია. “ადამიანს, როგორც ცოცხალ სხეულს არ შეუძლია დამოუკიდებლად არსებობა. იგი მხოლოდ სამყაროსთან კავშირისა და ურთიერთობის მეშვეობით არსებობს”. მესამე პრინციპი - continue forever - პირველ ორს უბრუნდება, რომელიც დაბადების, სიკვდილისა და რეგენერაციის მუდმივ ციკლს გამოხატავს, რაც არტისტის თქმით, ცხოვრების სტრუქტურა და ჭეშმარიტებაა.
ტექნოლოგიები მიაჯიმას შემოქმედების ცენტრალური ნაწილია, რომელიც მას საშუალებას აძლევს თავისი პოეტური იდეები სინათლისა და მოძრაობის მეშვეობის გამოხატოს. “LED განათება მედიუმად ავირჩიე, რადგან ის ერთდროულად სამი მთავარი კონცეფციის გამოხატვის შესაძლებლობას მაძლევს”. მაღალი დონის ტექნოლოგიების მიუხედავად, ტაცუოს შემოქმედებაში ისეთ ელემენტარულ მასალებსაც შეხვდებით, როგორებიცაა წყალი, მიწა და ქვანახშირი. ქვანახშირით შექმნილი მისი ერთ-ერთი გამორჩეული ინსტალაციაა Counter Coal, რომელიც წითელი LED განათებებით კიდევ უფრო შთამბეჭდავი ხდება.
ფერი, რომელიც არტისტის შემოქმედებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს, შეიძლება ითქვას, რომ მის ინსტალაციაში - Mega Death-ში ყველაზე ნათლად არის გამოხატული. ლურჯად მოციმციმე გაჯეტები, რომლებიც უზარმაზარ ოთახშია განლაგებული, პერიოდულად ქრება და მნახველს სრულ სიბნელეში ამყოფებს. შეუძლებელია გამოიცნო ციმციმის პერიოდულობა, გარკვეული ციკლის დამთავრების შემდეგ კი ყველაფერი თავიდან იწყება. თავის მხრივ, Mega Death გასული საუკუნის ინდუსტრიული სკალის სიკვდილის მემორიალის რეპრეზენტაციას წარმოადგენს.
Arrow of Time პირველად ნიუ-იორკში, The Metropolitan Museum of Art-ში, 2016 წელს გამოიფინა, რომელიც დროის შეუქცევადობის ასტრონომიულ ასპექტებს გამოხატავს. არტისტისთვის ეს ინსტალაცია თავად დროს ასახავს, იმ ფაქტს, რომ კონკრეტული მომენტის ხელახლა შექმნა შეუძლებელია. “ყოველდღიურ ცხოვრებაში მიდრეკილნი ვართ იმისკენ, რომ დავივიწყოთ რეალობა. მე კი სწორედ იმის თქმა მსურს, რომ ჩვენ კონკრეტულ მომენტებში ვცხოვრობთ, რომლის აღდგენაც შეუძლებელია”.
Sky of Time არტისტის კიდევ ერთი შთამბეჭდავი მწვანე LED განათებებით შექმნილი ინსტალაციაა, რომელიც ჩრდილოეთის ნათების ემოციებს აღძრავს. მიაჯიმას LED განათებები და რიცხვები სხვადასხვა ჩარჩოში, კომპლექსსა და ქსელში უამრავ ცნობილ მუზეუმში იყო წარმოდგენილი, თუმცა ყველა მისი ნამუშევარი არტისტის მთავარი ინტერესის სფეროს - უწყვეტობას, კავშირსა და მარადისობას უკავშირდება, რომელიც, თავის მხრივ, დროისა და სივრცის ნაკადის არსებობას გულისხმობს. “დრო ყველაფერს აკავშირებს, - განმარტავს მიაჯიმა. - მინდა საზოგადოება უფრო მეტად დაფიქრდეს სამყაროსა და ადამიანის სპირიტუალურობაზე”.
დაწერე კომენტარი