შელტონ ჯექსონ ლი იგივე სპაიკ ლი ამერიკელი კინორეჟისორია, რომელიც მისი უკომპრომისო და პროვოკაციული ხელწერით არის ცნობილი. ჯაზის კომპოზიტორის, ბილ ლის შვილი საშუალო კლასის ოჯახში, ბრუკლინში გაიზარდა. ატლანტის Morehouse College-ში სწავლის პერიოდში, სადაც სპაიკ ლიმ თავისი პირველი 8 ფილმი გადაიღო, გაიცნო მომავალი თანაპროდიუსერი მონტი როსი. სპაიკ ლის შემოქმედებაში ხშირად აღმოაჩენთ პოლიტიკური საკითხების, ურბანული კრიმინალისა და ძალადობის თემების კრიტიკულ განხილვას. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ კი, სადაც მან ასევე მისი მომავალი პარტნიორი, კინემატოგრაფი ერნესტ დიკერსონი გაიცნო, მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის Joe’s Bed-Stuy Barbershop: We Cut Heads Academy of Motion Picture Arts and Science-ის ჯილდო დაიმსახურა.
რეჟისორის სადებიუტო ფილმი She’s Gotta Have It (1986) შავკანიანი ქალის სასიყვარულო ურთიერთობებსა და პრიმიტიულ ხასიათს განიხილავს. ლი არა მხოლოდ წერდა და იღებდა ფილმებს, არამედ მნიშვნელოვან როლებსაც თამაშობდა. 80-იან წლებში მისი შემოქმედების ცენტრში რასიზმი და შავკანიანთა სექსუალობა ექცეოდა, რაც მის 1989 წლის ფილმ Do The Right Thing-შიც არის ასახული, რომელიც ოსკარის დაჯილდოებაზე ორიგინალური სცენარის კატეგორიაში იყო ნომინირებული. სპაიკ ლის შემოქმედება შეიძლება ითქვას, ამბიციური მცდელობაა წარმოაჩინოს გასართობი ინდუსტრიის მიერ შეზღუდული და დამახინჯებული რასის გაგება. ის იბრძვის იმის წინააღმდეგ, თუ როგორც იყიდება “შავკანიანი” ამ ინდუსტრიაში, აკრიტიკებს მის მომხმარებელს და სტერეოტიპებს, რომლებიც საზოგადოებაში შავკანიანთა შესახებ არის ჩამოყალიბებული.
Mo’ Better Blues გამოსვლის შემდეგ ლის აკრიტიკებდნენ და ადანაშაულებდნენ ანტისემიტიზმში, თუმცა რეჟისორის განმარტებით, მას ამ ფილმით სურდა წარმოეჩინა, თუ როგორ იბრძვიან შავკანიანები ექსპლუატაციის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ფილმისთვის Malcolm X რეჟისორს ოსკარი არ მოუპოვებია, ლისთვის ეს ნამუშევარი პერსონალურ მისიას წარმოადგენდა. იგი ლეგენდარული აფრო-ამერიკელი ლიდერის დიდი ხნის თაყვანისმცემელი გახლდათ, რაც საქმეს უფრო ურთულებდა, თუმცა მან ამ ფილმით მალკოლმ იქსის სტატუსის გაძლიერება და მისი მოღვაწეობის მნიშვნელობის წარმოჩენა შეძლო. ლის შემოქმედებაში ხშირად ირეკლება მისი ბავშვობის მოგონებებიც. ასეთია მისი მეშვიდე ფილმი Crooklyn, რომლის გადაღების დროსაც რეჟისორმა მომავალი მეუღლე, იურისტი ლინეტ ლევისი გაიცნო. განსაკუთრებული გამოხმაურება მის 1995 წლის ფილმს, Clockers-ს მოჰყვა, რომელიც ორი ძმის კრიმინალურ ისტორიას მოგვითხრობს.
გარდა კინოსი, ლის შემოქმედებაში აღსანიშნავია მისი რეკლამები, რომლებსაც ისეთი ბრენდებისთვის ქმნიდა, როგორებიც არიან: Nike, Converse, Jaguar, Taco Bell, Ben & Jerry’s. ერთ-ერთი გამორჩეულია ლის მიერ Nike-ს Air Jordan კამპანიისთვის შექმნილი რეკლამა, სადაც კალათბურთელი და ლის საყვარელი სპორტსმენი მაიკლ ჯორდანი მონაწილეობს. When the Levees Broke: A Requiem in Four Acts ლის 2006 წლის 4-საათიანი დოკუმენტური სატელევიზიო შოუა, რომელიც ნიუ იორლეანში მომხდარ ქარიშხალ კატრინასა და მისი მცხოვრებლების შესახებ მოგვითხრობს. მომდევნო წლებში ლი ქმნის დოკუმენტური ჟანრის ფილმებს კალათბურთელ კობი ბრაიანტისა და მაიკლ ჯექსონის მოღვაწეობის შესახებ.
გარდა დოკუმენტური ჟანრისა, ლიმ საკუთარი თავი Netflix-ის სერიალ She’s Gotta Have-ითაც გამოსცადა, რომლისთვისაც მუსიკა მამამ, ბილი ლიმ შექმნა. თუმცა, ეს ერთადერთი ფილმი არაა, სადაც ბილი ლის მუსიკა ჟღერს, Mo’ Better Blues პირველი ფილმია, რომლისთვისაც კომპოზიტორმა მუსიკა დაწერა. აღსანიშნავია, რომ სპაიკ ლის და, ჯოი ლი მის უამრავ ფილმში მთავარ როლს ასრულებს.
2018 წელს ლის ყურადღების ცენტრში ისევ რასობრივი ურთიერთობები ექცევა და ოსკარის მფლობელ ფილმს, BlacKkKlansman-ს სთავაზობს მაყურებელს, რომელიც აფროამერიკელი დეტექტივისა და KKK (რასისტული დაჯგუფების) ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს. ფილმი, რომელიც ვირჯინიის შტატში მდებარე ქალაქ შარლოტსვილში თეთრი რასის უპირატესობის მომხრეების მიერ ჩატარებული საპროტესტო აქციის ერთი წლის თავზე გამოვიდა, სწორედ ამ ქალაქის კადრებით მთავრდება. “ეს იყო სწორედ ის, რაც გვქონდა ჩაფიქრებული, რომ წარსული და აწმყო დაგვეკავშირებინა”, - განმარტავს რეჟისორი. “არ გვინდოდა, რომ ეს მხოლოდ ისტორიის გაკვეთილად დარჩენილიყო”.
ამ ყველაფერთან ერთად სპაიკ ლი 1993 წლიდან დღემდე ასწავლის ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, ხოლო სულ ცოტა ხნის წინ კი დავიდ ბირნის American Utopia-ს ადაპტაციის რეჟისორობას დათანხმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წელს მის ახალ ნამუშევარს უნდა ველოდოთ.
დაწერე კომენტარი