დიზაინ-სასტუმრო Quadrum Ski & Yoga Resort, რომელიც მისი ექსტრაორდინარული შენობითა და ფილოსოფიური მსოფლმხედველობით გამოირჩევა, 2017 წელს გუდაურში გაიხსნა. მინიმალისტური სტილი, რაც სასტუმროს მაღალი ხარისხის ხის კონტეინერებისგან შექმნილ კონსტრუქციაში გამოიხატება, მაქსიმალურად ერგება და მეტიც, ერთგვარ ბალანსს ქმნის ადგილობრივ ლანდშაფტთან. სასტუმროს არქიტექტორის, სანდრო რამიშვილის ეს პროექტი მიზნად ისახავდა ისეთი ნაგებობის შექმნას, რომელიც არანაირად არ დააზიანებდა  გარემოს და ამასთანავე, თვითონაც ნატურალური მასალისგან - ხისგან იქნებოდა ნაშენები.




Quadrum Ski & Yoga Resort-ის ფასადის დეკორაცია იტალიაში მოღვაწე ცნობილ ქართველ მოქანდაკეს, ვაჟა მიქაბერიძეს, იგივე Prasto-ს ეკუთვნის. კვერცხის ფორმის სკულპტურა, რომელიც Prasto-ს შემოქმედების ერთ-ერთი დამახასიათებელი და განმსაზღვრელი ნაწილია, სასტუმროს გამორჩეულ ადგილას არის განთავსებული. კავკასიონის მთები, რომელიც სარკისებური მასალით შექმნილ სკულპტურაში ირეკლება როგორც მზიან, ისე თოვლიან ამინდში, გასაოცარ სანახაობას ქმნის.




ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გამარჯვებულ სასტუმროში, რომელიც ი
სეთი საერთაშორისო მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში მოხვდა, როგორებიცაა BBC და Roiter, არტისტ მაია სუმბაძის ნამუშევრებსაც აღმოაჩენთ, რომლებიც ექსკლუზიურად სასტუმრო Quadrum-ისთვის შეიქმნა. ხელოვანების ჯგუფის, “გოსლაბის” წევრი არტისტი, რომელიც სხვადასხვა მედიუმში  - ფერწერა, გრაფიკა, ვიდეო, ინსტალაცია, აუდიო, კომპიუტერული გრაფიკა - მუშაობს, შთაგონებას ბავშვობაში მეხსიერებაში ჩაბეჭდილი სურათებიდან, გარემოში არსებული ფორმებიდან და ფერებიდან იღებს. ძველ კარტოთეკებზე, სხვადასხვა წარმოშობის სქემებსა და ნახაზებზე შექმნილი ნამუშევრები ხელოვანის მშვიდი და დახვეწილი ესთეტიკის ნაწილია, რომელშიც ყოველდღიურად განსხვავებული ატმოსფერო და სამყაროს დინამიკა ირეკლება. მაიას შემოქმედება  უცნაური პერსონაჟებით მას კიდევ უფრო ჯადოსნურსა და პოეტურს ხდის. 




ხელოვანის ნამუშევრები, რომლებიც სასტუმროშია გამოფენილი, ზამთრის თემატიკას ეხმიანება, რაც Quadrum Ski & Yoga Resort-ის კონცეფციისა და დიზაინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. სხვადასხვა სინთეტურ მასალებზე შექმნილი თოვლიანი მთებისა თუ თხილამურების ილუსტრაციები სასტუმროს მეტ სიმყუდროვესა და დახვეწილობას სძენს.





გამორჩეულ დიზაინთან ერთად Quadrum Ski & Yoga Resort სტუმრებს კომფორტულ და მშვიდ გარემოს სთავაზობს, რაც წელიწადის ნებისმიერ დროს განტვირთვის საუკეთესო საშუალებას იძლევა. ჰარმონიული, უმაღლესი ხარისხის, ელეგანტური ოთახები, რომლებსაც კავკასიონის მთების პანორამული ხედი ამშვენებს, ნამდვილად გახდება ზღაპრული დასვენების გარანტი. 




სასტუმროს კონცეფციის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას ბუნებასთან სიახლოვე და მასთან ჰარმონიაში ყოფნა წარმოადგენს, რაც, როგორც Quadrum-ის არქიტექტურასა და დიზაინში, ასევე მის მრავალფეროვან მომსახურებაში გამოიხატება. ზამთრის სეზონზე, მაშინ როდესაც გუდაური სრიალის მოყვარულთათვის აუცილებელ დანიშნულების პუნქტად იქცევა, სასტუმრო მის სტუმრებს საუკეთესო ინსტრუქტორების მომსახურებას სთავაზობს. ხოლო ზაფხულში, გარდა იმისა, რომ სასტუმროს ფართო ტერასებზე, საიდანაც საოცარი ხედი იშლება, განტვირთვისა და იოგით ვარჯიშის შესაძლებლობაა, ასევე სასტუმრო Quadrum-ის შეთავაზებებში გათვალისწინებულია  საზაფხულო ექსკურსიები, ჯირითი, პარაპლანით ფრენა.




აღსანიშნავია სასტუმროს რესტორანიც, სადაც შეფმზარეული ნუცა სურგულაძე მის გუნდთან ერთად ადგილობრივი და ნატურალური პროდუქტებით შექმნილი უგემრიელესი კერძებით გიმასპინძლებთ. საღამოს უფრო საინტერესოდ გასატარებლად კი გირჩევთ Lobby Bar-ის სივრცეში გადაინაცვლოთ, სადაც ალკოჰოლური სასმელების მრავალფეროვან არჩევანთან ერთად სხვადასხვა სამაგიდო თამაშით შეგიძლიათ ისიამოვნოთ. რაც შეეხება უფრო მშვიდი და ჰარმონიული განმუხტვის შესაძლებლობებს, Quadrum-ში ამაზეც ნაფიქრია. სასტუმროს სპა ცენტრი აუზით, საუნითა და ჰიდრომასაჟებით სხეულისა და გონების განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.




Quadrum Ski & Yoga Resort პირველი ბუტიკის ტიპის სასტუმროა გუდაურში, რომელიც კავკასიონის მთებითაა გარშემორტყმული და წელიწადის ნებისმიერ დროს  დასვენებას, განტვირთვასა და საინტერესო აქტივობებს სთავაზობს  სტუმრებს.