შოთიკო აფციაური თბილისში მცხოვრები ახალგაზრდა ხელოვანია, რომელმაც თავი უკვე არაერთი ძალიან საინტერესო ნამუშევრით დაგვამახსოვრა. მე, პირადად, ყველაზე მეტად მისი “თამაში ჰინომის ველზე” მახსოვს, ნამუშევარი, რომელიც ერგნეთში მდებარე აგვისტოს ომის მუზეუმთან კოლაბორაციით შექმნა და რომელშიც, ომის შემდგომ გადარჩენილი ისეთი ობიექტები გააერთიანა, როგორებიც დაღუპული ჯარისკაცის ფორმა ან ნაომარი დროშაა. შოთიკოს სხვა ნამუშევრები სხვადასხვა დროს წარმოდგენილი იყო Oxygen_NoFair-ზეც და გალერეა Window Project-შიც, სადაც ნაჩვენებ "გარამანტესის უდაბნოებს" შოთიკო ნიუ-იორკის Unlimited რეზიდენციაში სულ მალე წარმოადგენს.

პირველად როდის დაინტერესდი და საბოლოოდ როგორ აღმოჩნდი ხელოვნებაში?

ბავშვობიდან სულ ვხატავდი,  ასანთის კოლოფებისგან ვაწყობდი ხოლმე ობიექტებს, ბევრი რამ ვცადე, რაღაცები გამომივიდა, რაღაცები არ გამომივიდა და მივხვდი, რომ ყველაზე მეტად რაც მაინტერესებდა და შინაგანი თავისუფლების განცდას მაძლევდა, ეს საქმე იყო.


გახსოვს პირველი ნამუშევარი ?

სულ პირველი ნამუშევარი დღემდე შენახული აქვს ბებიაჩემს - ეს არის მზეები, საიდანაც პარაშუტისტები ხტებიან.  გააზრებულ ნამუშევარს რაც შეეხება, მგონი, ახლაც არ მაქვს გააზრებული რას ვაკეთებ და ზუსტად ეგ გაუაზრებლობა არის ის, რაც უფრო და უფრო მეტ ინტერესს მიჩენს. ალბათ ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული,  რომ ეს არგააზრება რაღაცნაირად გავიაზრო.


ნამუშევარი, რომელიც ბოლოს შექმენი...

ბოლოს ალბათ ფერწერული ნამუშევარი შევქმენი, მაგრამ ნამუშევარი შეიძლება სხვა  ნებისმიერი რამ იყოს, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაკეთებ, თითქოს დროის დოკუმენტაციას ვახდენ და ამიტომ  ჩემთვის ნამუშევარი დილით რომ გავიღვიძე და ყავა დავლიე, ეგეც კი არის. ასეთი ბოლო ალბათ ის იყო, შენ რომ გელოდებოდი და ამის გამო სახელოსნოში რაღაცები გადავალაგე.


რა გაძლევს ყველაზე დიდ შემოქმედებით მუხტს?

ხან რა, ხან რა... შეიძლება დღეში ათჯერ შევიცვალო, ათჯერ სხვადასხვანაირი ადამიანი ვიყო, მუხტი სულ სხვადასხვა რაღაცებმა მომცეს ან არც მომცეს. და რომ არ მქონდეს მუხტი, ხანდახან შეიძლება მაგანაც მიბიძგოს, ეგეც ერთგვარი მუხტია.  მაგრამ მთავარი მამოძრავებელი ალბათ რაღაცის კეთების შინაგანი მოთხოვნილებაა, მეტი განსაკუთრებული არაფერი.


ერთდროულად ბევრ სხვადასხვა მედიუმში მუშაობ - ფერწერა, ინსტალაცია, ვიდეოარტი... ყველაზე  კარგად თავს რომელ მედიუმში გრძნობ?

უფრო მეტად ფერწერულ ნამუშევრებს ვქმნი, ყოველდღიურ რეჟიმში ვაკეთებ ჩანახატებს, მაგრამ დროთა განამვლობაში ისიც ხდება ხოლმე, რომ ამ ყველაფერს გადავდებ, ვაარქივებ და ერთმანეთს მხოლოდ რაღაც პერიოდის შემდეგ ებმის. ჩემ თავთან მოლოდინი არასდროს მაქვს ხოლმე, როცა საკუთარ თავთან მოლოდინის გრძნობა გაქვს, მგონია, რომ მაგ დროს ძაან შარში ხარ და ზუსტად მანდ ჩერდები.

2018 და 2019 წლებში Oxygen_NoFair-ზე შენი ნამუშევრებიც იყო წარმოდგენილი. მოგვიყევი მათ შესახებ...

პირველი ნამუშევარი, რომელიც ოქსიჯენზე მქონდა წარმოდგენილი, იყო I Was Scrolling Down When I Went Into the Void,  ანუ "ვსქროლავდი, როცა წავედი სიცარიელეში" ერქვა. არანაირი კონკრეტული ტექსტი არ მქონდა გამოყენებული, ამიტომ არ ვთვლი საჭიროდ, რომ ეს სათაური გავშალო, უბრალოდ აქ მთავარი ის არის, რომ ნამუშევრები და გამოფენის სათაური ერთმანეთთან მიმართებაში და დიალოგში იყო. მეორე ნამუშევარი იყო “დედა აგლაძის ნომერი 52”, რომლის იდეა დედაჩემის ელიავაზე მდებარე მაღაზიისგან წამოვიდა. წლების განმავლობაში ჰქონდა მაღაზია, რომელშიც ცოტა უცნაური, შეიძლება ითქვას, "კაცური" ობიექტები, სადენები და მსგავსი ნივთები იყიდებოდა და რომელიც სულ ვარდისფერ ფერებში  იყო, მეც ძალიან ხშირად მივდიოდი და ვეხმარებოდი და რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ამ მაღაზიამ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა იმაზე, რასაც ვაკეთებდი, როგორც ვცხოვრობდი და როგორც ვფიქრობდი. გამიჩნდა სურვილი, რომ ეს ყველაფერი სხვა გარემოში გარკვეული ფორმით მეთარგმნა, ამიტომ მისი მთლიანი კონტექსტი ავიღე და ნამუშევრად წარმოვადგინე. ფორმის თვალსაზრისით, საგამოფენო სივრცეში იმის მსგავსი, ჭადრაკის დაფისმაგვარი იატაკი გავაკეთე, კედლები ვარდისფრად შევღებე, ინსტაგრამის სთორების მსგავსი ვიდეოარტი გავაკეთე, რომელშიც ერთმანეთის პარალელურად ელიავას ბაზრობის ხმის ჩანაწერი და იავნანა ისმოდა.


თამაში ჰინომის ველზე...

ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ ერგნეთში იყო ქალი, რომელმაც ომის შემდეგ დანატოვარი ნივთები ერთ სივრცეში გააერთიანა და ამ სივრცეს მუზეუმი დაარქვა, რაც ჩემთვის თავისთავად ძალიან საინტერესო, მოულოდნელი და გამბედავი აქტია. ფიქრი დავიწყე იმაზე, თუ რა გემართება მაშინ, როცა ყველაფერს კარგავ და რა მნიშვნელობას იძენს ობიექტი, როცა საერთოდ აღარაფერი გაგაჩნია. თან იმ პერიოდს დაემთხვა მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც რუსეთში ტარდებოდა და რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ეს ორი რამ ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობდა. ერთი მხრივ, ჩემი ბევრი მეგობარი იყო ოლიმპიადის ამბებში ჩართული, მეორე მხრივ კი ჩავდიოდი ერგნეთში, სადაც სულ სხვა რეალობა მხვდებოდა. ამ ორი რეალობის შეუსაბამობა ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო და ვეცადე, რომ ეს ორი კონტექსტი ერთ სივრცეში შემექმნა. წარმოდგენილი მქონდა ომის შემდგომ დარჩენილი სხვადასხვა ობიექტები, რომლებიც ასევე იმ მუზეუმში იყო გაერთიანებული, დაღუპული ჯარისკაცის ტანსაცმელი, ნაომარი დროშა და ა.შ. ფაქტობრივად შუამავალი ტიპი ვიყავი და მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ სადაც აუცილებელი არ იყო, იქ ჩემი ჩართულობა მაქსიმალურად ამერიდებინა ნამუშევრებისთვის.


ბოლო დროს შენი ნამუშევარი "გარამანტესის უდაბნოები" გალერეა Window Project-ის საგამოფენო სივრცეში ვიხილეთ. რა არის ამ ნამუშევრის კონცეფცია და საიდან გაგიჩნდა  შთაგონება რომ ის შეგექმნა?

ბახტრიონზე არის ფანასკერტელის ტყე, სადაც მთელი ბავშვობა გავატარე და სადაც დღემდე ძალიან ხშირად ვსეირნობ. ძალიან ლამაზი ტყე იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში სხვადასხვა კომპანიებმა აითვისეს და ნელ-ნელა ბავშვობის მელანქოლიური ადგილიდან, ნაგვით სავსე ტყედ გადაიქცა. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ამ ტყის ამბავი გარამანტესის უდაბნოს და აქ მცხოვრები პირველი ადამიანების ამბავს მაგონებდა და გავიაზრე, რომ ეს ტყე ჩემთვისაც იგივე იყო, რაც გარამანტესის ხალხისთვის ის უდაბნოები. ვეცადე, რომ ტყიდან კლდის ქვები წამომეღო, რომლებიც გალერეაში გიფებთან და თანამედროვე იკონოგრაფიასთან გავაერთიანე. Window Project-ში ეს ნამუშევარი ჯგუფური შოუს ნაწილი იყო, თუმცა დაახლოებით ივლისში ნიუ-იორკში, ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო რეზიდენციაში დამოუკიდებელ და უფრო გაშლილ ნამუშევრად წარმოვადგენ.


რეზიდენციაში მუშაობა ახსენე, როგორ ფიქრობ, რა ტიპის გამოცდილებაა და რამდენად შეუძლია ამ გამოცდილებას თანამედროვე ხელოვანზე პოზიტიური გავლენის მოხდენა?

ალბათ პირველ რიგში პიროვნულად აქვს გავლენა, ძალიან ბევრ საინტერესო და ერთმანეთისგან განსხვავებულ ადამიანს იცნობ, მათთან ერთად მუშაობ და რაც უფრო ფართოვდება ამ ადამიანების არეალი, ეს შენზეც და გარკვეულწილად შენს ნამუშევრებზეც აისახება.


რაც შეეხება ლოკალურ სივრცეს, არსებობს რაიმე წინააღმდეგობა, რომელსაც ახალგაზრდა ხელოვანი შეიძლება წააწყდეს?

ალბათ ის, რომ  თავი ისე არ იგრძნო, როგორც ლოკალურმა ტიპმა, არ უნდა გქონდეს ის განცდა, რომ მხოლოდ  აქ ხარ. სადაც ეგ განცდა გაქვს, იქ ამბიცია გიჩნდება, სადაც ამბიცია ჩნდება, იქ რაღაცებს კარგავ, სადაც  რაღაცებს კარგავ, იქ კარგად ვეღარ მუშაობ და სადაც კარგად ვეღარ მუშაობ, იქ გიჩნდება სენტიმენტები და იქვე იბადებიან გურუ ტიპები, რომლებიც მქადაგებლები ხდებიან, ჩემი აზრით კი მხატვარს მქადაგებლობა საერთოდ არ უხდება.


ვიცი, რომ აქ  ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაში (VAADS) სწავლობდი, ამ წლებმა რა მოგიტანა? 

ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ მე ძაან "ცუდი" სტუდენტი ვიყავი...  პირველ რიგში ის მიხარია, რომ, ვინც ერთ სახელოსნოში ვიყავით, დღეს ყველანი რაღაცას ვაკეთებთ და ყველა ასე თუ ისე ვითარდება, რაც ძალიან გასახარი ამბავია.



ამჟამად რაზე მუშაობ?

ახლა ვმუშაობ იმაზე, რომ გავიგო, რაზე ვიმუშავებ და  რა აღარ მჭირდება. ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი რამ დავთმო და გავუშვა, თუმცა არა იძულებით, ბუნებრივად ხდება და ლაგდება ეს ყველაფერი. მეც არ ვიცი რაზე ვმუშაობ, ალბათ მეცნოდინება ან შეიძლება არც.


ფოტოგრაფი: ნატა სოფრომაძე