22 სექტემბერს თიბისის მხარდაჭერით “ლოპოტა სპა რეზორტი” შატო ბუერას რთვლის ფესტივალს უმასპინძლებს, რომელიც უკვე ყოველწლიურად ტარდება და შემოდგომის ოქროსფერ სეზონზე სტუმრები რთვლის დღის, ტრადიციული დღესასწაულის თანამონაწილეები ხდებიან. რთვლის ფესტივალი მრავალფეროვან აქტივობებს აერთიანებს - ადგილზე შეძლებთ ყურძნის კრეფას შატო ბუერას ვენახებში, ყურძნის დაწურვას სპეციალურად მოწყობილ საწნახლებში, ღვინის დეგუსტაციას, ქართული სამზარეულოს კერძების დაგემოვნებას, დაესწრებით სხვადასხვა მასტერკლასებს და კონცერტს ღია ცის ქვეშ, რომელსაც ნიაზ დიასამიძე და 33ა გამართავს.
რთვლის ფესტივალთან დაკავშირებით, 22 სექტემბერს თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის იმოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება სასტუმროს “Lopota Lake Resort & Spa” ნომრებზე, ასევე, 15%-იანი ფასდაკლება გავრცელდება 21 სექტემბრის ჯავშანზე. ნომრის ღირებულება მოიცავს რთვლის ფესტივალზე გამართულ ყველა აქტივობასა და კონცერტზე დასწრებას, გარდა საღამოს შატოში გამართული ვახშმისა, რომელზე დასწრებაც წინასწარი ჯავშნით იქნება შესაძლებელი, დასაჯავშნად კი უნდა მიმართოთ სასტუმროს.ანა მაისურაძე - ლოპოტა სპა რეზორტი:
როდის და როგორ გაჩნდა ლოპოტაზე რთვლის ფესტივალის ჩატარების იდეა?
პირველად ეს იდეა 2015 წელს გაჩნდა, მამაჩემმა - გოგა მაისურაძემ გადაწყვიტა, რომ ჩაეტარებინა რთვლის ფესტივალი, ტრადიცია 2016 წელს დაიწყო და ყოველწლიური სახე მიიღო, სხვადასხვა მიზეზის გამო რამდენიმეწლიანი პაუზა გვქონდა, თუმცა 2022 წლიდან განვაახლეთ რთვლის ფესტივალი და კიდევ უფრო მასშტაბური სახე შევძინეთ. ვცდილობთ მუდმივად განვვითარდეთ და ყოველ ახალ ფესტივალზე სიახლეებით დავხვდეთ ჩვენს სტუმრებს.
რა აქტივობებს აერთიანებს წლევანდელი რთვლის ფესტივალი?
კახეთის რეგიონი და ჩვენი საკუთარი ვენახი გვიქმნის იდეალურ გარემოს იმისთვის, რომ შემოდგომა შევიგრძნოთ და თითოეული ჩვენგანი უშუალოდ ტრადიციაში - ყურძნის დაწურვაში ჩავერთოთ, სხვადასხვა აქტივობაში მივიღოთ მონაწილეობა. მთავარი აქტივობა არის ის, რომ ასაკით უფროსი და უმცროსი სტუმრები თავიანთი ხელით მოკრეფილ ყურძენს ჩვენს საწნახლებში წურავენ. გვაქვს მასტერკლასები - ხინკლის და სხვადასხვა ქართული კერძების მომზადების, ასევე ჩურჩხელის, რომლის ამოვლებისა და მზადების პროცესში სრულად ერთვებიან სტუმრები. პატარებს ვუმასპინძლებთ საინტერესო და სახალისო ვორქშოფებით. გვექნება მარნის ტური, რომელიც მოიცავს მარნის დათვალიერებას და შატო ბუერას ღვინის დაგემოვნებას. წელს გვექნება განსაკუთრებული მუსიკალური გაფორმება და დღეს გაგვილამაზებს ნიაზ დიასამიძისა და 33ა-ს შესრულება, რაც ძალიან გვახარებს და ვთვლით, რომ ეს მუსიკა ძალიან მოუხდება რთვლის ფესტივალს. საღამოს შატო ბუერაში გაიმართება ვახშამი, სადაც წარვადგენთ ახალ მენიუს.
ლოპოტას რქაწითლის ვენახი უკვე ოფიციალურად ბიო სერტიფიკატს ფლობს, რა გზა გაიარეთ და რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის ვენახის სერტიფიცირება?
ვენახის სერტიფიცირება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ორიენტირებული ვართ ხარისხიან ღვინოზე და გვინდოდა ოფიციალურად ორგანული ყოფილიყო, დავიწყეთ მუშაობა და წელს მივიღეთ სერტიფიკატი. გარდა ამისა, ჩვენს სტუმრებს უშუალო შეხება აქვთ ვენახთან, რადგან ის რეზორტის ცენტრში, შუაგულში მდებარეობს, მის გარშემო უამრავი ბავშვი იყრის თავს, ორგანული მოვლის გამო კი ჩვენი პატარებისთვის ძალიან უსაფრთხოა ვენახთან თამაში და ყურძნის დაგემოვნებაც. ასევე, ტერიტორიაზე გვყავს ბევრი ცხოველი, განსაკუთრებით გამოვყოფდი ცხენებს და პონებს, რომლებიც ძალიან ხშირად ატარებენ დროს ვენახში და მათთვისაც, რა თქმა უნდა, უკეთესია ორგანულ ვენახში ყოფნა... ასევე, სამომავლოდ გვინდა, რომ ჩვენმა სასტუმრომ მიიღოს Green Lable - ეკო-მეგობრული სასტუმროს სტატუსი, რისთვისაც ბევრი შესაძლებლობა გვაქვს, ვენახის სერტიფიცირება კი ერთ-ერთი პირობაა ამისთვის.
გარდა რთვლის ფესტივალისა, ლოპოტა სტუმრებს ახალი ჯაზკლუბით მასპინძლობს, მოგვიყევით როდის და რატომ გაგიჩნდათ ჯაზკლუბის შექმნის იდეა?
ახალი ჯაზკლუბის არქიტექტურა ძალიან საინტერესოა, ეს არის დათო ქოიავას პროექტი და ძალიან კარგად მოერგო ჩვენს ლანდშაფტს. აქამდე შატო ბუერა იყო ჩვენი ვიზუალურად განსაკუთრებული ნაგებობა, ახლა კი ჯაზკლუბიც დაგვემატა. ჯაზკლუბის შექმნის იდეაც უკავშირდება მამას, ჩვენ კი სიამოვნებით განვახორციელეთ და სულ რამდენიმე თვის წინ გავხსენით. ვინაიდან ჩვენს რეზორტზე ყოველდღიურად უამრავი ბავშვი იყრის თავს, მაქსიმალურად ორიენტირებული ვართ სიმშვიდეზე და არ გვქონდა სივრცე, სადაც სტუმრებს გვიანობამდე ვუმასპინძლებდით. მივხვდით, რომ ეს აუცილებელი იყო და ჯაზკლუბი მოვარგეთ კონცეფციას, რომლის მიხედვითაც უფროსები გვიანობამდე შეძლებენ მეგობრებთან ერთად გაერთონ, დალიონ, ისაუბრონ და დატკბნენ ცოცხალი მუსიკით. ძალიან გვიხარია, რომ გვსტუმრობენ ჯაზმენები, რომლებიც თავადაც კმაყოფილები არიან იმის გამო, რომ შევქმენით შესაძლებლობა კახეთის რეგიონში ძალიან სასიამოვნო კონცერტები გავმართოთ. რადგან ეს ჯაზკლუბია, უფრო მეტად ვცდილობთ დარბაზი ჯაზის კომპოზიციებს მიეძღვნას, თუმცა იმართება სხვა საინტერესო მუსიკალური საღამოებსაც.
კიდევ ერთი და მთავარი სიახლე მიმდინარე სეზონზე - აკვა-პარკი…
აკვა-პარკი მივუძღვენით ჩვენს ერთგულ სტუმრებს - პატარებს, რომელთაც მართლა ძალიან უყვართ ლოპოტაზე სტუმრობა, აკვა-პარკმა კიდევ უფრო მეტად დააინტერესა ისინი და დამატებითი მიზეზი მისცა, ხშირად გვეწვიონ. ჩვენი პატარა სტუმრები მთელ დღეს იქ ატარებენ და აკვა-პარკი საყვარელი სივრცე გახდა არა მარტო ბავშვებისთვის, არამედ უფროსებისთვისაც, რომელთაც ასევე ვთავაზობთ ატრაქციებს და ნებისმიერი ასაკის ადამიანი კარგ დროს ატარებს. მთელი ზაფხულის განმავლობაში აკვა-პარკში ძალიან დიდი ჟრიამული გვქონდა და სანამ კარგი ამინდებია, იქამდე უმასპინძლებს სტუმრებს.
შემოდგომის ლოპოტა განსაკუთრებულად ლამაზი და მრავალფეროვანია, რთვლის პარალელურად, კიდევ რა აქტივობები შეიძლება შესთავაზოთ სტუმრები?
პირადად ჩემთვის შემოდგომა ყველაზე საყვარელი და განსაკუთრებული სეზონია ლოპოტაზე, ამ დროს ბუნება კიდევ უფრო შთამბეჭდავი ხდება, სიმშვიდე და ბუნება იდეალურად ერწყმის ერთმანეთს და ყველანაირი აქტივობა, მეტად ლამაზია შემოდგომაზე. მაგალითად, ცხენით გასეირნება შემოდგომის ტყეში საოცარი გამოცდილებაა, რომელიც წარუშლელ მოგონებებს დაგიტოვებთ, ასევე გვაქვს ღვინის ტურები ვენახში - ოქროსფერი პეიზაჟის ფონზე ღვინის დაგემოვნება, ველოსიპედებით სეირნობა ჩვენს ტერიტორიაზე, თითოეული აქტივობა ძალიან უხდება და ეხამება შემოდგომას.
მოგვიყევით ლოპოტას სამომავლო გეგმების შესახებ...
წელს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი სეზონი - დაგვემატა 80-ნომრიანი ახალი, პრემიუმ კლასის სასტუმრო, აკვა-პარკი, ჯაზკლუბი, საკონფერენციო სივრცეები, ზამთარში ასევე გავხსნით რუფტოფ ბარს, რომელიც მეთექვსმეტე სასტუმროს ზედა სართულზე განთავდება, ამ ტიპის ბარი ჩვენთვის პირველია და ვფიქრობ, ზამთარში ყველაზე მყუდრო და სასურველი ადგილი იქნება სტუმრებისთვის, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები. ასევე, ლოპოტაზე დავიწყეთ ჩვენი საკუთარი თაფლის წარმოება, შესაბამისად, რეზორტზე სტუმრებს ჩვენს თაფლს ვთავაზობთ, რაც ძალიან გვახარებს. გვაქვს ჩვენი ბოსტანი და ვაპირებთ, საკუთარი მეურნეობის განვითარებას, გვაქვს სურვილი, რომ ჩვენი ფერმაც გავაკეთოთ და ამ კუთხით ბევრს ვმუშაობთ - აქაურობას ძალიან კარგად ერწყმის ბუნებრივი პროდუქტები და მეურნეობა. სამომავლოდ, ასევე ვგეგმავთ დიდი სივრცის გაკეთებას, რომელიც უმასპინძლებს სხვადასხვა ღონისძიებას, წვეულებას, ქორწილებს...
დაწერე კომენტარი