რენ ჰენგი
რენ ჰენგის შემოქმედების მთავარი იდეა ადამიანის სხეულის წარმოჩენაა, რასაც ის უმნიშვნელო მეთოდებით ქმნის. მისი ნამუშევრებისთვის დამახასიათებელი წმინდა ესთეტიკა დეკადანსის ენერგიით და დიონისეს მგრძნობელობითაა შესრულებული. ჰენგის ფოტოგრაფია სადავოა მისი შინაარსიდან გამომდინარე – შიშველი სხეულების, მცენარეების და ცხოველების სინთეზი, ეროტიკული, გულწრფელი პოზები, რომელიც არტისტის ცხოვრებისეულ წესრიგს შეესაბამება. ჰომოსექსუალიზმი და გენდერული თემატიკა – რენ ჰენგის ხელოვნების ნაწილია, მიუხედავად იმისა, რომ არტისტს არ ჰქონია სურვილი მისი შემოქმედება პოლიტიკურ-სოციალური ნიშნით ყოფილიყო გამორჩეული.
ბრძოლა არტისტის წოდებისთვის
რენ ჰენგი 1987 წელს ჩანგ ჩუნში დაიბადა, ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციაში. მიუხედავად მშობლიური ქალაქისადმი სიყვარულისა, თინეიჯერობის ასაკში სარეკლამო ინდუსტრიის შესასწავლად ბეიჯინგში გაემგზავრა. ჰენგი თვითნასწავლი ფოტოგრაფი იყო, რომელმაც უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, 2008 წელს, უბრალო ფოტოაპარატი შეიძინა და გადაღება დაიწყო – ფოტოფირებზე თავისი მეგობრების შიშველ სხეულებს აღბეჭდავდა. ჰენგის ფოტოები არაერთხელ მოექცა ცენზურის ქვეშ, მეტიც, ის რამდენჯერმე დააკავეს კიდეც ზედმეტად გულწრფელი კადრებისთვის. მისი შემოქმედება ცნობილი გახდა სოციალური ქსელის საშუალებით, არტისტმა სოლო გამოფენები გამართა ანტვერპენში, კოპენჰაგენსა და ნიუ-იორკშიც კი.
ჰენგის ნამუშევრები ხანდახან ძალიან იდუმალი და მისტიკური იყო
მორალური სტანდარტების გამოწვევა
რენ ჰენგი ჩინელი არტისტების იმ თაობას მიეკუთვნება, რომელმაც ჩინეთში მოდერნიზაციისა და კულტურული გამოფხიზლების ტალღა შეიტანა. კონსერვატიულმა საზოგადოებამ ამორალური შინაარსის გამო ჰენგის შემოქმედება დაიწუნა, განზრახ პროვოკაციული ნამუშევრები ყოველგვარ მორალურ ნორმებს არღვევდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ 1949 წლიდან აკრძალა პორნოგრაფიული ნიშნით გამორჩეული გამოსახულებები. ამიტომ, ჰენგის გამოფენები მკაცრად კონტროლდებოდა სახელმწიფოს მხრიდან. მეტიც, ხშირად მისი ვებგვერდი ინტერნეტ სივრციდან ქრებოდა.
რენ ჰენგის შიშველი სხეულები უხეში და ამორალური იყო
პოეტი და ფოტოგრაფი
ფოტოგრაფიასთან ერთად რენ ჰენგი ქმნიდა პოეზიას. ორივე დისციპლინას ღრმა კავშირი ჰქონდა არტისტის შინაგან და ინტიმურ სამყაროსთან. ის იტანჯებოდა დეპრესიით, რომელიც აღწერა თავის პოეზიაში – “ჩემი დეპრესია”. მიუხედავად ტრადიციული, მორალური ნორმებისა, მისთვის დამახასიათებელი მიდგომა კრეატიული პროცესისადმი ახალ პოეტიკაში და თავისუფალი სხეულების ვიზუალურ დისკურსში გამოიხატებოდა. რენ ჰენგის ფოტოგრაფია თითქოს მის პოეზიას ავრცობდა, გულდასმით შერჩეული ადგილებითა და აქცენტებით სხეულის ინტიმურ ნაწილებზე. ჰენგმა გაბედა სხეულის და გონების განსხვავებულ მდგომარეობაზე საუბარი. მისი შემოქმედება რაღაცით დაკავშირებულია რაიან მაკგინლის ფოტოგრაფიასთან.
ყოველგვარი წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციებისგან თავისუფალი ახალი თაობა
ათენის სიყვარული
ჰენგს სურდა, შეექმნა ფოტოწიგნი, რომლისთვისაც გულდასმით შეარჩია თემატური ფოტოსერიები. თითქმის ერთი წლით ადრე არტისტის წიგნი – “ათენის სიყვარული” გამოქვეყნდა. მისი სიახლოვე ბუნებასთან და სიშიშვლესთან კიდევ ერთხელ გამოხატა – ამჯერად არა ჩინეთში, არამედ საბერძნეთში. კერძოდ, მისი მეგობრები აღბეჭდილნი არიან სანაპიროზე, ტყეებში, კლდეებზე, დაფარულები თეთრი ნარგიზებით, კაქტუსებით და ალოეთი. ჰენგიმ განსხვავებული ტექნიკით შექმნა ეს სერია, რომ განტვირთვისა და რელაქსაციის ფაქიზი კონტექსტისთვის მიეღწია.
რენ ჰენგის მნიშვნელოვანი ფოტოკადრები
მიუხედავად ცენზურისა, არტისტის ნამუშევრები ფართო საზოგადოებისთვის მსოფლიოს გარშემო გამოიფინა – რამდენიმე პერსონალური გამოფენა ჩინეთში და ჯგუფური წარმოდგენები – იტალიაში, საფრანგეთში, რუსეთში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრიაში, ისრაელსა და შვედეთში. რენ ჰენგის შესახებ წერდნენ ჩინური და უცხოური დამოუკიდებელი ჟურნალები. მან გამოაქვეყნა შვიდი მონოგრაფია, მათ შორის – “ახალი სიყვარული და სახელმწიფო”. ახლახან “თაშენმა” გამოსცა მისი რეტროსპექტივა – ფოტოკატალოგი. ეს პირველი წიგნია მის შემოქმედებაზე, რომელიც საერთაშორისო გამომცემლობამ მოამზადა გამოსაცემად. სამწუხაროდ, 29 წლის არტისტი შარშან გარდაიცვალა. ბოლოს ის ემზადებოდა თავისი პერსონალური გამოფენისთვის ამსტერდამში. დამახასიათებელი, ეროტიკული და ღრმად გააზრებული რენ ჰენგის ნამუშევრები დაკავშირებულია ახალი, ძლიერი სამყაროს ღრმა ძიებასთან. მისი შემოქმედება ძალიან კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ხელოვნების ნიმუში ერთდროულად იყოს ესთეტიკურად დაუძლეველი, ამასთან, პოლიტიკურ-სოციალური ნიშნით გამორჩეული და გამანადგურებელი.
რენ ჰენგი 2017 წლის 24 თებერვალს ჰონ-კონგში გარდაიცვალა.
დაწერე კომენტარი