Les Bateaux Belmond - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განთქმული სამდინარო კრუიზია, რომელიც დღესდღეობით 7 ნავს აერთიანებს, თითოეულს უნიკალური საცხოვრებლით, ფართო კაბინებით, უახლესი ტექნოლოგიებით და დახვეწილი ინტერიერით, სადაც არაერთ ანტიკვარულ ნივთს შეხვდებით. ინდივიდუალურად დაპროექტებული ნავები 4-იდან 12-მდე სტუმარს მასპინძლობს და მსურველებს საფრანგეთის სხვადასხვა წერტილში, გამორჩეულ ადგილებში ამოგზაურებს. 

ნავების ინტერიერის დიზაინი კომფორტზეა ორიენტირებული, ზოგიერთი მათგანის გემბანზე პანორამული გარე აუზი და შეზლონგებია განთავსებული. მდინარეზე სეირნობისას, დასვენებასთან ერთად, Les Bateaux Belmond კრუიზისთვის შექმნილი კერძებისა და სასმელების მენიუს წარმოადგენს, რომლითაც სტუმრები დღის განმავლობაში სარგებლობენ. კრუიზის გამორჩეული ნაწილია ექსკურსიები, სტუმრების ინტერესებზე მორგებული ტურები, რომელთა ფარგლებშიც ახალი ადგილების აღმოჩენა და სხვადასხვა აქტივობებში ჩართვაა შესაძლებელი, მათ შორის - ღვინის დეგუსტაცია, გოლფი, კარტინგი, ცხენოსნობა და ა.შ.

ერთ-ერთი პირველი ნავი Fleur de Lys-ია, რომლის სახელწოდებაც შთაგონებულია რეგიონში განთქმული შროშანით და სტუმრებს ისტორიული დიჟონიდან სენტ-ლეჟერ-სურ-დეუნამდე ამოგზაურებს. მათ შუძლიათ შატოები, საპორტო ქალაქები, ვენახები და სხვა საინტერესო ადგილები მოინახულონ. რეგიონის არქიტექტურული ღირსშესანიშნაობებიდან განსაკუთრებულია დიჟონის ჰერცოგების სასახლე და მე-12 საუკუნით დათარიღებული Chateauneuf-en-Auxois.

Lilas, რომლის ინტერიერის დიზაინი და დეტალები ბურგუნდიის პეიზაჟს ეხმიანება, მდინარე ოსონსა და ლიონს შორის მოგზაურობს. თითოეული თავგადასავალი იკვლევს რეგიონის ვენახებს და ლეგენდარულ შატოებს, შუა საუკუნეების დასახლებებს, რომელთაც ისტორიული არქიტექტურა გამოარჩევს. Lilas-ით სეირნობისას Route Des Grand Crus-საც აღმოაჩენთ, რომელიც აყვავებულ ვენახებსა და ღვინის ქარხნებს აერთიანებს. 

ნავი Alouette ულამაზეს Canal du Midi-ში მოგზაურობს და ისეთ ქალაქებს სტუმრობს, როგორიცაა Carcassonne და Béziers. სტუმრებს შეუძლიათ მეანდრის  შუა საუკუნეების იდუმალი ციხესიმაგრეები დაათვალიერონ, გაეცნონ რეგიონის ადგილობრივ პროდუქტებს Marché des Carmes-ისა და Saint-Chinian-ის განთქმულ ბაზრებში, სადაც ასევე შესაძლებელია ტრადიციული დელიკატესების დაგემოვნება და რეგიონის ავთენტური კულინარიის გაცნობა.

Coquelicot თავისი კონცეფციითა და სამოგზაურო დანიშნულების მთავარი წერტილით შამპანურს და სასმელთან დაკავშირებულ ხელობას ეძღვნება. დიდი ზომის ნავი ორ სართულს აერთიანებს, რომლის დიზაინზე Humbert & Poyet-მა იმუშავა, ნავზე ანტიკვარულ შტრიხებთან ერთად თანამედროვე დიზაინის ავეჯია წარმოდგენილი და არტ-ნუვოს სტილის ბევრ დეტალსაც ვხვდებით. Coquelicot-ს ექსკლუზიური პარტნიორობა აკავშირებს მსოფლიოს უძველეს შამპანურის სახლ  Ruinart-თან, სწორედ აქ ეცნობიან სტუმრები შამპანურის მზადების პროცესს და საინტერესო, დასამახსოვრებელ გამოცდილებასაც იღებენ.

ნავი Amaryllis ღვინის თავგადასავალს ეძღვნება და სტუმრებს საკულტო ვენახებსა და ღვინის ქარხნებში - Beaune-ში, Vougeot-სა და Morey-Saint-Denis-ში ამოგზაურებს. St-Léger-sur-Dheune-დან Pontailler-sur-Saône-მდე დამსვენებლები შატოებს აღმოაჩენენ, რომელთაც მრავალწლიანი ისტორია აქვთ, ღვინის რეგიონში მოგზაურობა მათ საშუალებას აძლევს ფრანგული ღვინო უკეთ გაიცნონ და დამზადების პროცესში ჩაერთონ.

კიდევ ერთი გამორჩეული ნავია Pivoine, რომელიც საფრანგეთის ყველაზე მზიან რეგიონს - Camargue-ს სტუმრობს, სადაც ევროპის უდიდესი ნაკრძალი მდებარეობს. მდინარე რონის გავლით, სტუმრები რეგიონის მრავალფეროვან ფლორასა და ფაუნას აღმოაჩენენ, მათ შორის ცნობილ კამარგის ხარებს, თეთრ ცხენებსა და ვარდისფერ ფლამინგოებს. რეგიონი მრავალწლიანი ისტორიით გამოირჩევა, სოფლებში შუა საუკუნეების ხეივნები და ლაბირინთები მდებარეობს, ნავი ავინიონსა და არლსაც სტუმრობს - ისტორიულ საგანძურს, რომლითაც ვინსენტ ვან გოგი იყო შთაგონებული.

ბელმონდის მეშვიდე ნავი, სახელწოდებით Napoléon მდინარე რონის გავლით Tain L'Hermitage-ში და Avignon-ში მოგზაურობს და სტუმრებს საშუალებას აძლევს შუა საუკუნეების ისტორიებს გაეცნონ - ნავი იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლებს - Orange's Arc de Triomphe-ს და სენანკის სააბატოს სტუმრობს. მარშრუტი ასევე მოიცავს ულამაზეს ლავანდას მინდვრებში გასეირნებას და ექსკურსიას გრინიანში, სტუმრებს შეუძლიათ პროვანსის ვენახების ზემოთ საჰაერო ბუშტითაც გაისეირნონ. 


ფოტოს წყარო: Les Bateaux Belmond