სახელგანთქმული, თუმცა, ამავდროულად, ამოუცნობი დიზაინერი - აზედინ ალაია მათ შორისაა, ვინც სხვადასხვა დროს მოდის ჩარჩოებსა და სტანდარტებს არღვევდა. “ჩემთვის მოდა სხეულია”, - განმარტავდა ალაია, რომლისთვისაც ყველაზე დიდ ღირებულებას სწორედ სხეული და მისი ფორმები წარმოადგენდა. მისი რევოლუციური ხედვა ქალის სხეულის მიმართ მოდის ისტორიაში, და არა მხოლოდ, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად რჩება დღემდე.
ალაია ტუნისში, ფერმერთა ოჯახში დაიბადა. დიზაინერის პირველი მუზა და შთაგონება მისი და, ჰაფიდა გახდა, რომელმაც ალაიას მოდის მიმართ სიყვარული გაუღვივა. იმისათვის, რომ ალაიას ტუნისის სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტში ესწავლა, იგი თავის ასაკს მალავდა. სკულპტურის ფაკულტეტზე ჩარიცხვის პარალელურად, დასთან ერთად მკერავად მუშაობდა, რათა უნივერსიტეტის გადასახადები დაეფარა. 1957 წელს ალაია საცხოვრებლად პარიზში გადავიდა, სადაც მუშაობა ცნობილ მოდის სახლში, Dior-ში დაიწყო, თუმცა 5 დღის შემდეგ სამსახურის დატოვება მოუხდა, რადგან იმ დროს უკვე ალჟირის ომი დაწყებულიყო.
საკუთარი ატელიეს გახსნამდე ალაია ორი სეზონი გაი ლაროშესთან, ხოლო შემდეგ ტერი მიუგლერთან მუშაობდა. 1970-იანი წლების ბოლოს კი ალაიამ ატელიე თავის პატარა სახლში დააარსა, სადაც 20 წლის განმავლობაში ისეთი ცნობილი ადამიანებისთვის კერავდა, როგორებიც არიან გრეტა გარბო, მარი-ელენ დე როტშილდი. Maison Alaïa-ს დაარსებამდე, 1979 წელს, დიზაინერმა პარიზის კაბარეს კონცერტისთვის 23 სხვადასხვა კოსტიუმი შექმნა, ხოლო 1981 წელს გაზაფხული-ზაფხულის პირველი კოლექცია წარადგინა. კოლექციას განსაკუთრებულს ხდიდა ტყავის სტრუქტურული სილუეტები, მეტალის ელემენტები და მაქმანებიანი სამოსი.
1984 წლიდან ალაიასთან მუშაობას იწყებს ცნობილი სუპერმოდელი, ლინდა ევანგელისტა. რაც უნდა გასაკვირი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ სუპერმოდელის “გამოგონებას” ვერსაჩეს მიაწერენ, ალაია მაინც პირველი იყო, ვინც თავისი ექსკლუზიური შოუებისთვის, 80-იან წლებში, საუკეთესო გარეგნობის გოგოებს არჩევდა. მის ჩვენებებზე ისეთი მოდელები იყრიდნენ თავს, როგორებიც არიან ნაომი კემპბელი, სინდი კროუფორდი, კლაუდია შიფერი. აღსანიშნავია, რომ ალაიასა და ნაომის ერთმანეთთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, ნაომი მას “Papa”-საც კი ეძახდა. ამავე წელს ალაია საუკეთესო დიზაინერად დასახელდა და წლის საუკეთესო კოლექციის ავტორი გახდა Oscars de la Mode-ზე, რომელიც საფრანგეთის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართებოდა.
ალაიას კარიერაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ბევერლი-ჰილზში ბუტიკის გახსნას უკავშირდება, რის მერე მას ზედმეტსახელად King of Cling-ს ეძახდნენ. “ყოველთვის იმაზე ვფიქრობ, რომ ჩემს სამოსში ქალებმა თავი მშვენივრად იგრძნონ”. ალაიას განსაკუთრებული ხედვა მის ნამუშევრებში ნათლად ჩანდა. პარიზელი მყიდველებისთვის შოკის მომგვრელი იყო ალაიას ექსტრავანგანტური, სექსუალური ფორმები და სილუეტები. ის იყო პირველი დიზაინერი, რომელმაც ქალის სექსუალობის გამოსახატად ლეოპარდის პრინტი გამოიყენა. 1980-იანი წლები ალაიას ერად გადაიქცა, როცა მჭიდროდ მომდგარ სამოსს მადონა, გრეის ჯონსი და სხვა უამრავი ცნობილი ადამიანი იცვამდა. “მე ვქმნი სამოსს, ქალები ქმნიან მოდას”, - ამბობდა დიზაინერი.
თავად ალაია ხშირად შავ სამოსში იყო გამოწყობილი, თუმცა, მისი თქმით, შავი ბედნიერების გამომხატველ ფერად მიაჩნდა. დის გარდაცვალების შემდეგ, 1996 წელს, ალაია თავის მეგობარ ჯულიან შნაბელთან ერთად ფლორენციის Biennale della Mode-ში მონაწილეობს. შნაბელს ეკუთვნის სწორედ ალაიას ბუტიკების ინტერიერის დიზაინი, რომელმაც ბიენალეზე ალაიას სამოსისთვის ავეჯი შექმნა.
2000-იანების დასაწყისში ალაია უკვე წინააღმდეგი იყო მოდის ამგვარი განვითარების, სადაც დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა კომერციასა და ფულს. მისი კრიტიკა ამით არ დამთავრებულა. ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ალაიასა და ჟურნალ Vogue-ს რედაქტორს, ანა ვინტურს ომი ჰქონდათ ერთმანეთისთვის გამოცხადებული. ამასთან, დიზაინერი ხშირად კარლ ლაგერფელდის ნამუშევრებს კომერციალიზაციაში ადანაშაულებდა და მათ “კარიკატურებად” მოიხსენიებდა.
მიუხედავად იმისა, რომ 2000 წელს მან პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა მოდის სახლ Prada-სთან, 2007 წელს ეს პარტნიორობა Cartier-ისა და Chloe-ს მფლობელ Richemont group-თან გააგრძელა, რადგან თვლიდა, რომ ისინი ნაკლებად დოგმატურები და კომერციულები იყვნენ. ალაიას დაბრუნება 2011 წელს მისი ჩვენებაზე გამოჩენით დაამახსოვრდა მოდის სამყაროს, რამაც დამსწრე საზოგადოების მხურვალე ოვაციები და აჟიოტაჟი გამოიწვია.
ალაიას ნამუშევრები უამრავ სახელგანთქმულ მუზეუმში გამოფენილა, როგორებიცაა, მაგალითად, გუგენჰაიმის მუზეუმი, გრონინგერის მუზეუმი, Palais Galliera, Musee de la Mode და სხვა. მისი გარდაცვალების დღე მოდის ისტორიაში წინააღმდეგობრივი და საინტერესო პერიოდის დასასრულად მოინიშნა. “უარს ვამბობ ისეთი რამის კეთებაზე, რაც არ მინდა. მხოლოდ იმას ვაკეთებ, რაც მინდა, რადგან მე თავისუფალი ვარ”, - ამბობდა დიზაინერი.
დაწერე კომენტარი