თბილისის არქიტექტურის ბიენალეს მეოთხე გამოშვება, სახელწოდებით ‘’შეცდომების გასწორება” 28 სექტემბერს, 18 საათზე გაიხსნა და 19 ოქტომბრის ჩათვლით დამსწრე საზოგადოებას სხვადასხვა აქტივობას, საინტერესო გამოცდილებას და მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს. არქიტექტურის ბიენალე აერთიანებს თემატურ გამოფენას, ვორქშოფებს, გიდის მიერ ჩატარებულ ტურებს, საჯარო ინსტალაციებს, სიმპოზიუმსა და ლექციებს. წლევანდელი გამოშვების მთავარი თემაა ადამიანებსა და ბუნებრივ რესურსებს შორის ურთიერთობა, განსაკუთრებული აქცენტით წყლის რესურსზე. ბიენალე ხაზს უსვამს არქიტექტორების, ქალაქმგეგმარებლების, პოლიტიკის შემქმნელებისა და გარემოს დამცველების როლს რთული დინამიკის ნავიგაციის პროცესში.
თბილისის არქიტექტურის ბიენალე 2017 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს თბილისსა და სხვა ქალაქებში არქიტექტურული და ურბანული საკითხებისადმი ცნობიერების ამაღლებას. ყოველი გამოშვება სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ, ურბანული და არქიტექტურული საკითხებით დაინტერესებულ ადამიანებს საერთო თემის გარშემო აერთიანებს. წლევანდელი ბიენალეს პლატფორმა დოკუმენტურ, კვლევით და ისტორიულ მიდგომებს ეთმობა. მეოთხე ბიენალეს გახსნას 28 სექტემბრის 18 საათიდან თბილისის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტთან არსებულმა მაგნიტურ-მეტეოროლოგიურმა ობსერვატორიამ უმასპინძლა. შენობა, რომელიც 1862 წელს აშენდა და კულტურული ძეგლის სტატუსს ატარებს, წლევანდელი ბიენალეს მთავარი შეკრების ადგილია, რომელიც განსაკუთრებულად ეხმიანება წლევანდელი გამოშვების თემას.
“შეცდომების გასწორება” - ასე ჰქვია წლევანდელ გამოშვებას, რომლის ფარგლებშიც თითოეულ მონაწილეს მიეცა შესაძლებლობა მოეხდინა ამ სახელწოდების თავისებური ინტერპრეტაცია, ასევე ესაუბრათ რესურსებზე, მის გამოყენებაზე, ექსპლუატაციაზე და შესაძლო კითხვები დაესვათ ამ თემის გარშემო. როგორც ყოველთვის, გვქონდა ღია კონკურსი, სადაც მსურველებმა მიიღეს მონაწილეობა ორ კატეგორიაში და ჰქონდათ შესაძლებლობა წარედგინათ თავიანთი კონტრიბუცია ფიზიკურ გარემოში, ინსტალაციებსა და ვორქშოფებში. ჩვენი მთავარი კითხვაა - სწორედ ახლა, როცა კლიმატური და პოლიტიკური ცვლილებების წინაშე ვდგავართ, როგორია ჩვენი მიდგომა რესურსების ათვისებასა და მათ გამოყენებასთან დაკავშირებით.
“წლევანდელი თემა კონცენტრირდება წყლის რესურსებზე, მის მნიშვნელობასა და გამოყენებაზე, ამავდროულად, ჩვენს გარემოზე, ბუნებასა და ადამიანის გავლენაზე და აერთიანებს უამრავ ელემენტს - დაწყებული კლიმატური ცვლილებებიდან, სხვადასხვა რესურსებამდე. თემის ინსპირაცია გახდა ჩვენი შარშანდელი პავილიონი ვენეციის ბიენალეზე, სადაც სწორედ წყლის თემა განვიხილეთ, შემდეგ კი გადავწყვიტეთ, ეს თემა გაგვეგრძელებინა და გაგვეფართოებინა, რადგან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ფესტივალზე ყველა კომპონენტი მნიშვნელოვანია, თითოეული პროექტი და ყველა მონაწილე არის ბიენალეს ნაწილი. მონაწილეები თემიდან გამომდინარე შეირჩნენ, გვყავს ექსპერტები, აქტივისტები, მეცნიერები, რომლებიც ეკოლოგიურ თემებზე მუშაობენ. გარდა ამისა, მონაწილეები ასევე შევარჩიეთ ღია კონკურსის სახით. ვფიქრობ, რომ თავდაპირველი მიზანი, რაც თბილისის არქიტექტურული ბიენალეს დაარსების დროს დავისახეთ მიღწეულია, ჩვენ გვსურდა შეგვექმნა საერთო პლატფორმა, სადაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, პროფესიონალები თუ სტუდენტები გაერთიანდებოდნენ ერთი თემის გარშემო და ალტერნატიული პლატფორმა მათ საშუალებას მისცემდა თავიანთი მოსაზრებები გაეცვალათ და იდეები განეხორციელებინათ დროებითი ნამუშევრების სახით. გვინდოდა, რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი ადამიანი ჩართულიყო და სწორედ მათი ჩართულობა და დაინტერესება ყოველ წელს უფრო და უფრო იზრდება.
დაწერე კომენტარი