ლარს ფონ ტრიერის ბოლო ნამუშევარმა “სახლი, რომელიც ჯეკმა ააშენა” (2019) მაყურებელი არა ერთგზის გააკვირვა. თუმცა, ფილმის მრავალფეროვანი მიზანსცენებიდან ერთ-ერთ დეტალს მაინც გამოვარჩევთ, რომელიც განსაკუთრებით საინტერესოდ გვხვდება თვალში. ის გახსოვთ, თითო ჯერზე, როცა ჯეკი, გვამებით სავსე საყინულეში შედის, ჩვენ გაყინული პიცის კოლოფების უსასრულო რაოდენობას ვხედავთ. ყველა ობიექტს შორის, რომლითაც ტრიერს სერიული მკვლელის “სახელოსნოს” მორთვა შეეძლო, რატომ აარჩია მაინცდამაინც პიცა?

რაოდენ გასაკვირიც  უნდა იყოს, ეს ყველაფერი ჯეკის მეორე პროფესიასთან არის დაკავშირებული. როგორც  ვიცით, ჯეკი არქიტექტორია, ხოლო პიცის ყუთი, რომელშიც პიცა დევს, ყველა მთავარი ფიგურისგან შედგება, რისი გამოყენებითაც იგება არქიტექტურული ნახაზები და იხატება ადამიანის ფიგურა. ყუთი ოთხკუთხედია, პიცა წრე, ხოლო პიცის ნაჭერი - სამკუთხედი. სამკუთხედი წრეში, რომელიც კვადრატშია მოთავსებული, ლეონარდო და ვინჩის ვიტრუვიუსის ადამიანის ფუნდამენტური კომპოზიციური ელემენტიც არის. 


მხატვრის ჩანაფიქრი შემდეგია: მას სურდა, ადამიანის ფიგურა ცნობილი რომაელი არქიტექტორის, ვიტრუვიუსის წესების მიხედვით აეგო. ვიტრუვიუსს ღრმად სწამდა, რომ იდეალური შენობის ასაგებად, იდეალური სხეულის მქონე ადამიანის პროპორციებია გამოსაყენებელი, რომელშიც დაშორება მხრებიდან შუბლამდე, ადამიანის სიმაღლის ერთ მერვედს შეადგენს.

გამოდის ჯეკმა, ვიტრუვიუსის თეორია ზედმეტად ბუკვალურად გაიგო და გარდა იმისა, რომ ადამიანის სხეულებისგან ნამდვილი სახლი ააშენა, ვერგილიუსისთვის მოყოლილ 5 ინციდენტში, სწორედ 8 ადამიანის მკვლელობა აღწერა.