ყველაზე ერთგული და მზრუნველი არსებები - ძაღლები ოჯახში მიღების შემდეგ ადამიანის ცხოვრების ნაწილი ხდებიან. ათწლეულების განმავლობაში უამრავი ხელოვანისთვის მათი საყვარელი ოთხფეხა მეგობრები განუყრელი კომპანიონები არიან, ბევრი ცნობილი არტისტი ხშირად შთაგონებას შინაური ცხოველებისგან იღებდა და თითქმის ყველგან  სწორედ მათთან ერთად ჩნდებოდა.

ენდი უორჰოლს ძალიან უყვარდა კატები - ხელოვანის ნამუშევარი ‘’25 Cats Name Sam and One Blue Pussy” სწორედ კატებს უკავშირდება, თუმცა ერთხელაც მისი პარტნიორის, ჯედ ჯონსონის ინიციატივით სახლში პატარა ლეკვი მიიყვანეს, რომელსაც არჩი დაარქვეს. ცოტა ხნის შემდეგ არჩი ენდი უორჰოლის საუკეთესო მეგობარი გახდა, ხელოვანს იგი როგორც თავის სტუდიაში, ისე გამოფენებზე და რესტორნებში დაჰყავდა. რამდენიმე წლის შემდეგ კი, იმისათვის რომ არჩი სახლში მარტო არ დარჩენილიყო, უორჰოლმა და ჯონსონმა კიდევ ერთი ძაღლი - ამოსი შეიძინეს. 

ჯორჯია ო’კიფის სურათებში ხშირად შეხვდებით მის საყვარელ ძაღლებს, განსაკუთრებით პოპულარულია  ხელოვანის რანჩოზე გადაღებული ფოტო, რომელშიც იგი ნიუ-მექსიკოს მთებს გადაჰყურებს, გვერდს კი მისი მუდმივი კომპანიონები - Chow Chows Bo და Chia უმშვენებენ. წლებით ადრე, როდესაც ჯორჯია ო’კიფიმ თავისი პუდელი დაკარგა, ეს ორი ცნობილი და საყვარელი ძაღლი მისი საშობაო საჩუქარი აღმოჩნდა. ისინი არასდროს იყვნენ შორს ხელოვანისგან და ო’კიფი მათ მოიხსენიებდა, როგორც პატარა ადამიანებს.

პაბლო პიკასოს ძაღლი - ლუმპი მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გრაფიკულ ნახატში გვინახავს, ის იყო ერთადერთი არსება, რომელიც პიკასოს სტუდიაში მუშაობის დროსაც იმყოფებოდა ხოლმე. თავდაპირველად ლუმპი ვეტერანი ფოტოჟურნალისტის, დევიდ დუგლას დუნკანის შინაური ცხოველი იყო, რომელიც ხშირად სტუმრობდა ხელოვანს. ლუმპის მიმართ განსაკუთრებულად ახლო კავშირი იგრძნო და ერთმანეთი ძალიან შეიყვარეს. ლუმპი წლების განმავლობაში პიკასოს მრავალი დრამატული ეტაპის მოწმე გახდა და მისი ცხოვრების ბოლომდე გვერდში ჰყავდა საყვარელ პატრონს.

რენე მაგრიტს და მის ცოლს ჟორჟეტს ძალიან უყვარდათ თავიანთი ძაღლები, შინაური ცხოველებისადმი მათი გატაცება ცნობილი ფაქტი იყო. ისინი არსად მოგზაურობდნენ მათი საყვარელი პომერანიელების გარეშე, 1965 წელს ბელგიურ ავიახაზებით ფრენის დროსაც მათთვის სპეციალური გამონაკლისიც კი დაუშვეს. მაგრიტმა ნამუშევრების უმეტესობაში ადამიანის გამოსახულებები ძაღლებით ჩაანაცვლა და სჯეროდა, რომ ისინი რეალურ ცხოვრებას ადამიანებზე უკეთ ასახავდნენ და ემოციურად მეტად უკავშირდებოდნენ აუდიტორიას. 

IMG_5036.jpeg 855.69 KB

დევიდ ჰოკნი ცნობილია პორტრეტებით, რომლებიც ხშირად ასახავს მეგობრებს, ოჯახს, პარტნიორებს და ამ ურთიერთობების მნიშვნელობას მის ცხოვრებაში - ყველაზე მეტად კი საყვარელ ძაღლებთან, სტენლისთან და ბუჯისთან. მისი ხანგრძლივი და სახელგანთქმული კარიერის განმავლობაში ოთხფეხა მეგობრები 1987 წლიდან მოყოლებული, ძალიან ბევრჯერ გამოჩნდნენ და მათი ასახვა ხელოვანის შემოქმედების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ასპექტი გახდა. სტენლისა და ბუჯისადმი მიძღვნილი, მათზე ორიენტირებული ნამუშევრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კოლექციაა წიგნი Hockney's Dog Days, რომელიც 1998 წელს გამოიცა და თავიდან ბოლომდე სტენლისა და ბუჯის პორტრეტებს, 84 ფერად ილუსტრაციას აერთიანებს. 

IMG_5038.jpeg 126.25 KB
აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის ერთ-ერთი თანადამაარსებელი პოლ ჯექსონ პოლოკის ცხოვრება საკმაოდ დრამატული იყო. მხატვარი ალკოჰოლიზმს ებრძოდა, რაშიც მისი მეუღლე ლი კრასნერი მრავალი გზით ეხმარებოდა, ერთ-ერთი ასეთი მოვლენა იყო მათი ორი ძაღლის - ჯიპისა და ახაბის ოჯახში მოყვანა, რომლებიც პოლოკის მდგომარეობას აუმჯობესებდნენ. ძაღლები თითქმის სულ პოლოკის გვერდში იყვნენ, მაშინაც კი, როდესაც ხელოვანი სპრინგში, ლონგ-აილენდის ისტ-ჰამპტონის რაიონში დაფუძნებულ თავისივე სტუდიაში მუშაობდა. დღეს ეს ადგილი ცნობილია, როგორც “პოლოკ-კრასნერის სახლი და სტუდია”, რომელსაც ხშირად სტუმრობდნენ ხელოვანის გულშემატკივრები. ამ ადგილას დღემდე კარგად ჩანს  ჯიპისა და ახაბის მიერ დატოვებული კვალი და მათი ნაკაწრები სხვადასხვა ადგილებში.