ნიუ-იორკში მცხოვრებმა ხელოვანმა Pierre Sernet-მა 2002 წელს დაიწყო სერია, სახელწოდებით One, რომელიც ფოტოგრაფიასა და პერფორმანსს აერთიანებს. One წარმოადგენს პორტატიულ ინსტალაციას, რომელიც დამზადებულია ხის 12 ჯოხისგან და ქმნის ერთგვარს კუბს - დახურული ოთახის ილუზიას, მას ასევე ხშირად მოიხსენიებენ, როგორც Guerrilla Tea.
ჯოხებით აგებული კუბის ფორმის სივრცე იაპონური ჩაის ოთახს წარმოადგენდა ხალიჩითა და მხოლოდ საჭირო ჭურჭლის ნაკრებით, სადაც Pierre Sernet მართავდა ტრადიციულ იაპონურ ჩაის ცერემონიას, რომელსაც საუკუნოვანი ისტორია აქვს და თითოეულ დეტალს დიდი ყურადღება ექცევა. ცერემონიას - ‘’ჩაის გზას’’ უცნობი და შემთხვევით შერჩეული სტუმრები უერთდებოდნენ, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანას, კულტურასა და რელიგიას წარმოადგენდნენ.
ხელოვანმა საინტერესო კონცეფციის ინსტალაცია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში წარადგინა, მათ შორის - იაპონიის სავაჭრო ცენტრში, შარლ დე გოლის აეროპორტში, ნიუ-იორკის როკფელერის ცენტრში, უდაბნოში, სანაპიროებზე, რიო დე ჟანეიროს ფაველებში და ჩინეთის დიდი კედლის ტერიტორიაზე. ამ გზით Pierre Sernet-მა ხაზი გაუსვა კულტურათა კონტრასტს და საზოგადოებამდე მიიტანა გზავნილი მშვიდობიანი და პროდუქტიული თანაცხოვრების შესახებ.
‘’ჩემი აზრით, არსებობენ არა სხვადასხვა „სახის“ ადამიანები, არამედ არსებობს ერთიანი კაცობრიობა. ის, რომ ჩვენ შეიძლება განსხვავებულად გამოვიყურებოდეთ, გვქონდეს განსხვავებული ცხოვრების წესი, რწმენა ან ღირებულებები, რა თქმა უნდა, ნორმალურია და შეიძლება აღვიქვათ, როგორც ჩვენი იდენტობის ნაწილი. თუმცა, სინამდვილეში, მე მჯერა, რომ ჩვენ ყველანი ძალიან ვგავართ ერთმანეთს და სწორედ ყოველივე ამის ჩვენებაა ჩემი სხვადასხვა სერიის მიზანი.’’ - აღნიშნავს Pierre Sernet.
ფოტოს წყარო: Whitelies Magazine, Pierre Sernet
დაწერე კომენტარი