70-იან წლებში საზაფხულო მოგზაურობისთვის საუკეთესო ადგილად კუნძული იბიცა იქცა. იქ, სადაც ჰიპების კულტურა და ბოჰემური ცხოვრება დუღდა, მუსიკოსებისა და არტისტებისთვის საუკეთესო თავშესაფარი და შთაგონების წყარო გახდა. ჰიპებმა შექმნეს და გააერთიანეს ის საზოგადოება, რომელსაც საერთო მიზანი და ინტერესი ამოძრავებდათ, რაც თავისუფლების ძიებასა და სიყვარულის პოვნას უკავშირდებოდა.
კუნძულს სტუმრობდნენ ვარსკვლავები - ჯგუფი “პინკ ფლოიდი”, რეჟისორი რომან პოლანსკი, მიკ ჯაგერის შვილი, ჯეიდ ჯაგერი სან-ჟოან-დესპში თავის მე-18 საუკუნის რანჩოზე ქეით მოსთან და დიზაინერ მეთიუ უილიამსთან ერთად არაერთხელ ყოფილა. ასევე, ხშირად შენიშნავდით ფრანგული Vogue-ის რედაქტორს, კარინ როიტფილდს, ჟან პოლ გოტიესა და ფიბი ფილოს მუქ მზის სათვალეებში. კუნძულის ხშირი სტუმარი ასევე ფოტოგრაფი სლიმ აარონსიც გახლდათ.
იმ პერიოდში ადამიანები უფრო მეტად გოასა და კატმანდუზე ისვენებდნენ. 1970-იან წლებში იბიცას პოპულარიზაცია ივ სენ ლორანს უკავშირდება, რომელმაც თავისი კოლექცია კუნძულზე წარადგინა. მას შემდეგ იბიცაზე დასვენება არა მხოლოდ ჰიპურ ცხოვრებასთან, მოდასთანაც ასოცირდებოდა. ადგილობრივების კეთილგანწყობასთან ერთად კუნძულის ბუნებრივი სილამაზე ყოველთვის თვალისმომჭრელი და განსაკუთრებული იყო. დღემდე კუნძულის მემკვიდრეობასთან ცნობილი ბრენდების შერწყმა იქაურობას გამორჩეულს ხდის.
მალევე გაიხსნა კლუბებიც. 1978 წლის ყველაზე პოპულარული და ყველასათვის ცნობილი გასართობი ადგილი, კლუბი 66 გახლდათ. გარდა ამისა, აქ ფუნქციონირებდა: Amnesia, Space და Privilege. ამ ყველაზე ძველ კლუბებთან ერთად დღეს კვლავაც პოპულარულია Pacha, 1973 წელს ესპანელი ჰიპის მიერ გახსნილი კლუბი, რომელსაც ევროპელი არისტოკრატები და არაბი პრინცები სტუმრობდნენ.
დაწერე კომენტარი