ჯერ კიდევ იზოლაციამდე, სანამ ყველანი ერთად, თუმცა მაინც ცალ-ცალკე ჩვენ-ჩვენს სახლებში აღმოვჩნდებოდით, უამრავი კითხვა ჩნდებოდა - რა გველოდა ახალ, ალტერნატიულ რეალობაში, რას შეცვლიდა დისტანციური ურთიერთობები და რა გავლენებთან გვექნებოდა საქმე. არტისტ მარიამ ნატროშვილსა და თანამედროვე ხელოვნების კურატორს, მაგდა გურულს ონლაინხელოვნების ბიენალეს იდეა რამდენიმე წლის წინ გაუჩნდათ, თუმცა თავდაყირა ამოტრიალებულმა რეალობამ ხელოვანები ონლაინსივრცეზე ადაპტაციის საჭიროების წინაშე  მოულოდნელად დააყენა. “როდესაც მიღებული და შეთანხმებული წესები აღარ მუშაობს, ახალი წესრიგის, ახალი რეალობის შესაბამისი ქცევების მოფიქრება და ჩამოყალიბება გვიწევს”, - განმარტავს მაგდა გურული.




თბილისის ონლაინ ბიენალე, რომელიც 15 ივლისს გაიხსნა, ფოკუსში აქცევს გადარჩენის კერძო და საჯარო ასპექტებს. იმ ცოდნისა თუ გამოცდილების კვლევას, რომელიც სხვადასხვა კრიზისულ სიტუაციაში არსებობისთვის აუცილებელი ხდება. ბიენალეს მთავარი თემაა “მარტო სახლში”, რომელიც, ერთი მხრივ, მიმდინარე მოვლენებს, ხოლო, მეორე მხრივ, ციფრული ეკრანებითა და facebook-ის კედლებით სავსე სამყაროში გადარჩენის ფუტურისტულ გზებს ეძებს. 




თბილისის ონლაინ ბიენალე სამ ნაწილს მოიაზრებს - სოციალურ სივრცეში გამოფენას, ვიდეოთამაშში ინტეგრირებულ ექსპოზიციასა და საუბრების სერიას. ბიენალეზე მონაწილეობს სხვადასხვა ასაკის, განსხვავებული ხედვებისა და მიმართულების მქონე ქართველი ხელოვანი, რაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმ ვარაუდზე, რომ არსებული რეალობის შესაძლო განვითარების სცენარი განუსაზღვრელია.




თბილისის ონლაინ ბიენალეს გამოფენის ნახვას  ჰეშთეგით #tbilisionlinebiennale  ან სრულად ვებგვერდზე -  tbilisionline.ge-ზე შეძლებთ. 


გიორგი მუხაძე


დავით ხორბალაძე

Davit Khorbaladze · 𝓟𝓵𝓪𝓬𝓮𝓼/𝓵𝓸𝓬𝓪𝓽𝓲𝓸𝓷𝓼