“happy, excited, impatient” - ასე აღწერს სიმონ პორტე ჟაკმუსი საკუთარ თავს, რაც მის შემოქმედებასაც მუდამად აისახება. ფრანგი დიზაინერის კოლექციებს ბავშვური სულისკვეთება და თავისუფლება ახასიათებს, რაც მის სიურრეალისტურ, ასიმეტრიულ დიზაინში, დიდი ზომის სილუეტებსა და ექსპერიმენტულ მაკიაჟში გამოიხატება.
“მე არ ვქმნი კოლექციებს, მე ვყვები ისტორიებს, ამიტომ ყოველთვის ფოკუსირებული ვარ, როგორც ამბავზე, ასევე სამოსზე”, - განმარტავს დიზაინერი. ათწლიანი შემოქმედების აღსანიშნავად პროვანსში წარმოდგენილი შთამბეჭდავი ჩვენების შემდეგ, მოდის სახლმა 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია - L’Amour - საფრანგეთის ხორბლის მინდვრებში გამართა, სადაც როგორც ქალის, ასევე კაცის ხაზი წარადგინა. სახელწოდებიდან გამომდინარე, კოლექცია ერთ-ერთი ყველაზე აღმატებული გრძნობის, სიყვარულის აღნიშვნას ისახავდა მიზნად.
ჩვენებას, რომელსაც 100 VIP სტუმარი ესწრებოდა, კიდევ უფრო განსაკუთრებულს ალექსანდრ ეკმანის ქორეოგრაფია ხდიდა, რომელსაც ემირ კუსტურიცას ფილმის - Time of the Gypsies-ის მომაჯადოებელი ესთეტიკა ერწყმოდა. ყველაფერთან ერთად ჩვენების ყურადღების ცენტრში 2020 წლის მოდის სამყაროში არსებული ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები მოექცა, როგორიცაა მრავალფეროვნება, ინკლუზია და ავთენტურობა. გარდა ამისა, დიზაინერი ბოლოდროინდელ ონლაინჩვენებების პოპულარობის ზრდის ტენდენციასაც შეეხო და განმარტა, რომ მისთვის პოდიუმი არ არის მხოლოდ ვიდეო.
“ჩვენ ყველაფერს გულით ვქმნით და არა ხელოვნურად. ჩემთვის პოდიუმი ჩაუნაცვლებლია… ძალიან მიხარია, რომ საბოლოოდ ყველანი შევიკრიბეთ, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია ხალხმა დაინახოს, რომ გულწრფელი სიყვარულის დღესასწაული უნივერსალურია”.
დაწერე კომენტარი