დღეს ძალიან ცნობილი და  გავრცელებული სხეულზე მელნით მოხატული ფორმები, რომლებიც  ადამიანის შინაგან განწყობას თუ მისი პიროვნების დამახასიათებელ თვისებებს სიმბოლური ნიშნებითა და ფიგურებით გამოხატავს, სინამდვილეში რამდენიმე ათასი წლის ისტორიას ატარებს. სანამ სხეულის ტატუთი მოხატვა ხელოვნებად ჩამოყალიბდებოდა, უძველესი ცივილიზაციის კულტურებში მას სხვადასხვა მნიშვნელობა, ფუნქცია და ძალიან ხანგრძლივი ისტორია ჰქონდა, რომელიც არა მხოლოდ სხეულის ვიზუალურ გაფორმებას, არამედ ამ კულტურებში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების სტილის გამოხატვას ემსახურებოდა.


ტატუს კულტურის ჯერ კიდევ  ძველი წელთაღრიცხვით არსებობის  დამამტკიცებელი ერთ-ერთი მაგალითი 1991 წლის სექტემბერში აღმოჩენილი, დაახლოებით 5300 წლის წინ დაბადებული  ეცის ყინულის კაცია, რომელსაც სხეულის სხვადასხვა მონაკვეთზე 61 ტატუ ჰქონდა. ალპების მთებში ნაპოვნ ყველაზე ძველ ევროპელ მუმიას ტატუების უმეტესი ნაწილი ქვედა კიდურებზე აღენიშნებოდა, რომლებიც, ექსპერტების თქმით,  მურისგან ან ფერფლისგან იყო გაკეთებული. როგორც ჩარლზ დარვინი თავის ერთ-ერთ წიგნში წერდა, მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც თავისი ისტორიის განმავლობაში ტატუს კულტურა ან სხეულის მორთვის მსგავსი პრაქტიკა არ ჰქონია. თუ დარვინს დავუჯერებთ და მსოფლიოს უძველეს ცივილიზაციებსაც გადავხედავთ, ვნახავთ,  რომ ალპებში აღმოჩენილი ეცის ყინულის კაცი ტატუს არსებობის შესაძლოა ამ დრომდე აღმოჩენილი ყველაზე ძველი, მაგრამ არა ერთადერთი ნიმუშია. მსოფლიოს 49 სხვადასხვა წერტილში, მათ შორის ეგვიპტეში, ჩინეთში, მონღოლეთში და ფილიპინებზე არაერთი მუმია აღმოჩენილა, რომელთაც ეცის ყინულის კაცის მსგავსად, მთელი სხეული ტატუებით ჰქონდა დაფარული.

დაახლოებით ძვ.წ. 2100 წლით თარიღდება ჩინეთში, სინძიანის პროვინციაში აღმოჩენილი ტატუებიანი მუმიები. იქ, სადაც სხეულზე ტატუს მოხატვა ბარბაროსულ და ხშირ შემთხვევაში სტიგმატიზებულ აქტს წარმოადგენდა. მოგვიანებით ძველ ჩინურ ლიტერატურაში ტატუებიანი ადამიანები ხალხური თქმულებების გმირები ან ბოროტმოქმედები იყვნენ, რადგან ტატუს კულტურა ხშირად კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანებში იყო გავრცელებული, მათში, ვინც ტატუს სახეზეც კი  იკეთებდა, რათა ამით გარშემო მყოფები მათი ვინაობის და ცხოვრების წესის შესახებ გაეფრთხილებინათ.



ტატუებით დაფარული მუმიის ძვ.წ. 2000 წლით დათარიღებული სხეულები აღმოჩენილია ეგვიპტეშიც, სადაც ზოგიერთი თეორიის მიხედვით,  ტატუს ძირითადად დეკორაციული დანიშნულება ჰქონდა, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ის სამკურნალო სამედიცინო მიზნებითაც გამოიყენებოდა. ეგვიპტელი ქურუმის სხეულზე აღმოჩენილი ნაიარევი შესაძლოა მენჯის პერიტონიტის ამ სახით მკურნალობის შედეგი იყო. გარდა ამისა, საინტერესოა ისიც, რომ ძველ ეგვიპტეში ტატუები გარკვეულ პერიოდამდე მხოლოდ ქალის სხეულზე კეთდებოდა, მხოლოდ ძვ.წ. 300-400 წლების პერიოდში გამოჩნდა ტატუ  ნუბიელი მამაკაცის სხეულზეც.

ის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ტატუ სოციალური და კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, ალბათ ყველაზე უკეთ სამოაში გამოიხატა, იქ, სადაც ტატუს გაკეთების ათასწლოვანი ტრადიცია მამიდან შვილზე მემკვიდრეობით გადადიოდა. ინგლისურად სიტყვა Tattoo-ც სწორედ ამ ქვეყნის ენიდან - Tatau მოდის. ტატუს არსებობას შეიძლება ითქვას, რომ სამოაში უფრო მეტად სოციალური მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მას როგორც წესი, ახალგაზრდა ადამიანს უკეთებდნენ,  მაშინ როცა საზოგადოებრივ იერარქიაში რიგითი წევრიდან ტომის ლიდერი ხდებოდა. ტატუს კეთების ძალიან მტკივნეული პროცესი შესაძლოა რამდენიმე კვირა გაგრძელებულიყო, რადგან ხელსაწყოებად მაშინ, როგორი უცნაურიც უნდა იყოს, კუს ბაკანსა და გარეული ტახის ეშვს იყენებდნენ.

ასეთია ტატუს არსებობის ისტორია უძველეს ცივილიზაციებში, მაგრამ თუკი ანტიკურ კულტურებში სხეულის მოხატვა ცხოვრების სტილის განუყოფელი ნაწილი იყო, განვითარებულ სამყაროში,  მე-20 საუკუნემდე, ის საზოგადოებაში არც ისე გავრცელებულ და მიღებულ პრაქტიკას წარმოადგენდა. ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელსაც სხეული ტატუებით ჰქონდა დაფარული 1800-იან წლებში მცხოვრები ჯონ ო რეილი,  იგივე "ტატუებიანი ირლანდიელი" იყო, რომელიც ცირკში და სახალხო წარმოდგენებზე საზოგადოების წინაშე გამოდიოდა და სანახაობას სწორედ თავისი ტატუებიანი სხეულით ქმნიდა. ერთ-ერთი პირველი ცნობა "ტატუებიანი ირლანდიელის" შესახებ 1887 წელს გამოსულ  ჟურნალ Brooklyn Daily Eagle-ში დაიბეჭდა, სადაც მისი ტატუები აღწერილი იყო როგორც სხეულზე გამოსახული საშინელი და ბარბაროსული ფორმები. როგორც ცნობილია, ჯონ ო რეილი თავადაც აკეთებდა ტატუს. ემა დე ბურგი ერთ-ერთი პირველი ქალი იყო, ვინც მასთან ერთად და მის მსგავსად სხეული მთლიანად მოიხატა,  მისი დიზაინით შექმნილ ტატუს კი ხშირ შემთხვევაში რელიგიური მნიშვნელობა ჰქონდა. მაგალითად, მის სხეულზე გამოსახული იყო როგორც საიდუმლო სერობის, ისე გოლგოთის სცენები.

მე-20 საუკუნეში სხეულზე მელნით ხატვის შემთხვევები წინა საუკუნესთან შედარებით უფრო გახშირდა, ტექნიკაც დაიხვეწა და შეიცვალა. თუმცა ტატუ მაინც საზოგადოების გარკვეულ ფენებში,  უფრო მეტად ცირკის მსახიობებში და მეზღვაურებში შეინიშნებოდა. მეზღვაურებში ტატუ უფრო სამარკო ნიშანი იყო და შესაბამისად, პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდა. მეზღვაურის სხეულზე ტატუების რაოდენობა მხოლოდ მას შემდეგ იზრდებოდა, რაც ის მორიგ ახალ პორტს მიადგებოდა,  მსოფლიოს სხვადასხვა წერტილი სხეულზე სხვადასხვა სიმბოლური ნიშნით აღიბეჭდებოდა. მაგალითად, თუკი მეზღვაური სხეულზე კუს ტატუს ატარებდა, ეს ნიშნავდა, რომ მას ეკვატორი ჰქონდა გადალახული, სხეულზე გამოსახული ბეღურა კი 5000-მილიან მოგზაურობას აღნიშნავდა.


1940-იან წლებში, მას შემდეგ, რაც ნორმან კოლინსმა ძალიან ძნობილი Sailor Jerry-ს ტიპის ტატუ შექმნა,  მისი მნიშვნელობა, ესთეტიკა და დანიშნულება წინა წლებთან შედარებით ნამდვილად შეიცვალა. ნორმან კოლინსმა ტრადიციულ შავ-თეთრი დიზაინის ტატუში ფერი შემოიტანა.  მის ტატუში უფრო მეტად მუქმა ფორმებმა და ძალიან ბევრმა ფერმა დაიკავა ადგილი. ამავე პერიოდში, მეორე მსოფლიო ომის დროს, ტატუს სამხედრო პატრიოტული მნიშვნელობაც შეემატა, 50-იანი წლების დასაწყისში კი ის ძალიან მასკულინურ კულტურად იქცა, რომელსაც როგორც წესი, კრიმანალები და ე.წ. ცუდი ბიჭები ატარებდნენ. ამ პერიოდში ადამიანები ყველაზე ხშირად მკერდზე იკეთებდნენ ტატუს, მთავარი თემა კი ალბათ წარსულის ინერციით ზღვას უკავშირდებოდა.

 ტატუს კულტურა ნელ-ნელა მასობრივი გახდა, გაიხსნა სალონები, სადაც ნებისმიერ მსურველს საშუალება ჰქონდა სხეულზე სასურველი ფორმა ამოეტვიფრა. ხშირ შემთხვევაში იმ პერიოდის ტექნიკა დაუხვეწავი და არასათანადოდ სტერილური იყო, რის გამოც 60-იანი წლების ამერიკაში ჰეპატიტის ვირუსის შემთხვევები საგრძნობლად გაიზარდა. ტატუს კულტურა კიდევ ერთხელ მოექცა უარყოფითი სტიგმის ქვეშ, სანამ მედიაში მალევე არ გამოჩნდნენ საზოგადოების იმდროინდელი კერპები, ისეთები, როგორიც მაგალითად, ჯენის ჯოპლინია, რომელმაც ძალიან ბევრ ადამიანს ამ კულტურისკენ უბიძგა. ამ პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან ცნობილი ტატუარტისტი ლაილ თიუტლი მოღვაწეობდა, რომელმაც ჯენის ჯოპლინის მსგავსად, უამრავ ვარსკვლავს გაუკეთა ტატუ,  შედეგად კი, 70-იან წლებში ეს კულტურა ძალიან მასობრივი და პოპულარული გახდა, ადამიანების მელნით მოხატული სხეულიდან მაშინ ძირითადად მშვიდობის მოწოდება ისმოდა. მშვიდობის იდეა 70-იანი წლების დეკადის ალბათ ყველაზე გავრცელებული იდეა იყო, რომელიც ფორმის თვალსაზრისით 70-იანი წლების სტილით და ერთმანეთში ჩახლართული პატარ-პატარა დეტალებით გამოიხატებოდა.

 



მომდევნო დეკადაში მშვიდობის სიმბოლოს ადგილი ვარდმა დაიკავა, თანაც სხეულის უფრო დიდ მონაკვეთზე. ამ პერიოდში ზომით უფრო დიდი და მკვეთრი გახდა,  მუქი შავი კონტურები და კელტური სიმბოლოები 80-იანი წლების ტატუს კულტურის ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები იყო, რომელზეც დიდი გავლენა ამ პერიოდის მუსიკალურმა სცენამაც იქონია. სალონებში  ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიდიოდა და საყვარელი როკჯგუფის შთაგონებით სხეულს იხატავდა. ამიტომაც 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისში ეს კულტურა ნეგატიური სტიგმისგან შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად გათავისუფლდა, ესთეტიკური თვალსაზრისით კი იმ პერიოდში ცნობილი პოპკულტურის წარმომადგენლების გავლენის ქვეშ მოექცა. 90-იან წლებში ძალიან პოპულარული იყო ტატუ, რომელსაც პამელა ანდერსონი მხარზე ატარებდა, ამავე პერიოდის გავრცელებულ დიზაინს წარმოადგენდა ჩინური იეროგლიფები და მზის ნიშნები. 2000-იანი წლების დასაწყისში ადამიანებმა ტატუს გაკეთება ზურგზეც დაიწყეს. ამ პერიოდში ძალიან ცნობილი იყო ე.წ. Tramp Stamp, სადაც ქალები ძირითადად პეპლებს ან ინისა და იანის სიმბოლოებს იხატავდნენ. ცნობილი ვარსკვლავების წყალობით ტატუარტში დიდი ადგილი დაიკავა სხეულის ვარსკვლავებით მოხატვის იდეამ. ამისთვის ყველაზე დიდი მადლობა  კი რიანას ეკუთვნის. გასულ დეკადაში, ისევე როგორც ბევრ სხვა სფეროში, ტატუარტშიც ყველაფერი მინიმალიზმის მიმართულებით წავიდა - ძალიან პატარა, სადა, არატრადიციულ ადგილას დახატული ტატუ 2010-იან წლებში ამ კულტურის ძირითადი განმსაზღვრელი ნიშანი იყო.