სასტუმრო Quadrum Ski & Yoga Resort, რომელიც 2017 წლის თებერვალში გუდაურში გაიხსნა, ორიგინალური არქიტექტურითა და საინტერესო კონცეფციით ხასიათდება. მინიმალისტური სტილის სასტუმროში, რომელიც ისეთი საერთაშორისო მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში მოხვდა, როგორებიცაა BBC და Roiter, არტისტ მაია სუმბაძის ნამუშევრებსაც აღმოაჩენთ, რომელიც ექსკლუზიურად სასტუმრო Quadrum-ისთვის შეიქმნა.
ხელოვანების ჯგუფის, “გოსლაბის” წევრი არტისტი, რომელიც სხვადასხვა მედიაში - ფერწერა, გრაფიკა, ვიდეო, ინსტალაცია, აუდიო, კომპიუტერული გრაფიკა - მუშაობს, შთაგონებას ბავშვობაში მეხსიერებაში ჩაბეჭდილი სურათებიდან, გარემოში არსებული ფორმებიდან და ფერებიდან იღებს. ძველ კარტოთეკებზე, სხვადასხვა წარმოშობის სქემებსა და ნახაზებზე შექმნილი ნამუშევრები ხელოვანის მშვიდი და დახვეწილი ესთეტიკის ნაწილია, რომელშიც ყოველდღიურად განსხვავებული ატმოსფერო და სამყაროს დინამიკა ირეკლება. მაიას შემოქმედება უცნაური პერსონაჟებით მას კიდევ უფრო ჯადოსნურსა და პოეტურს ხდის.
ხელოვანის ნამუშევრები, რომლებიც სასტუმროშია გამოფენილი, ზამთრის თემატიკას ეხმიანება, რაც Quadrum Ski & Yoga Resort-ის კონცეფციისა და დიზაინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. სხვადასხვა სინთეტურ მასალებზე შექმნილი თოვლიანი მთებისა თუ თხილამურების ილუსტრაციები სასტუმროს ბუნებასთან ჰარმონიულ და მშვიდ გარემოს მეტ სიმყუდროვესა და დახვეწილობას სძენს.
დაწერე კომენტარი