თუ ეგზისტენციალიზმის მამად დანიელი თეოლოგი და ფილოსოფოსი, სიორენ კირკეგორი ითვლება, კინოში ეს უდავოდ ინგმარ ბერგმანია. როგორ შეუძლია ადამიანს იცხოვროს სამყაროში, რომელიც უაზროა? ეს სწორედ ის შეკითხვაა, რომელზეც პასუხსაც რეჟისორი თავის ყველა ფილმში ეძებს. “მეშვიდე ბეჭედში” (1957) წარმოდგენილ ეგზისტენციალურ მოცემულობასთან გამკლავების გზებს შორის, ერთ-ერთი სალოსის ცხოვრებაა, რომელიც იოფთან, ოჯახის მოყვარულ, მოგზაურ მსახიობთან შეგვიძლია დავაკავშიროთ.

სალოსების აღწერებში, განსაკუთრებით ბიზანტიური წყაროების მიხედვით, თეატრალური ელემენტი თითქმის ყოველთვის ხაზგასმულია; იოფი ჯამბაზი და მსახიობია.  გარდა ამისა, ასევე ბიზანტიაში, ქრისტიანები ხშირად დისკრიმინაციის მსხვერპლნი იყვნენ. როგორც   ორიგენე (ქრისტიანი ასკეტი და თეოლოგი) წერს: “ჩვენ, მორწმუნეები, სამყაროს თვალში სულელები ვართ”. ფილმშიც არა ერთი სცენაა, სადაც იოფს სწორედ ასე  ექცევიან.

 

ავიღოთ მაგალითად ეპიზოდი, როცა იოფი მასთან ერთად მოგზაურ მსახიობს, სკატს ეკითხება, თუ ვისი როლი უნდა შეასრულოს შემდეგ სპექტაკლში. სკატი პასუხობს: “შენ ისეთი სულელი ხარ, რომ ადამიანის სული იქნები”. იოფის ცოლიც კი, როცა მეუღლის ხილვაზე იგებს, სადაც მან წმინდა მარიამი და ახალშობილი ქრისტე ნახა, ეუბნება: “შენი ხილვები კონტროლის ქვეშ უნდა მოაქციო. სხვანაირად ადამიანები იფიქრებენ, რომ ჭკუასუსტი ხარ”.

კიდევ ერთი სალოსის დამახასიათებელი თვისება, რომელიც იოფს გააჩნია, ამორალური ქცევაა.  მაგალითად, სვიმონ ემესელი (ქრისტიანი ბერი, განდეგილი და წმინდანი)  “თავს უფლებას აძლევდა დრო საროსკიპოში გაეტარებინა და სოსისები ეჭამა, რომელიც მარხვის წესების დარღვევაა”. იოფის ამორალური ქცევა ტავერნის სცენაშია ხაზგასმული, სადაც ის, თავისი მჩაგვრელისგან ვერცხლის სამაჯურს იპარავს და თავის ცოლს, მიას აჩუქებს. აქაც იოფის ქცევა არა მორალურ გარყვნილებაზე, არამედ მის სალოსურ ბუნებაზე მიუთითებს, რომელიც მორალურ ნორმებზე მაღლა დგომას გულისხმობს.

დაბოლოს, მნიშვნელოვანია თვითონ ბერგმანის ციტატა, სადაც ის ამბობს: “მე, იოფისა და მიას პერსონაჟები გავჟღინთე კონცეპტით, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია: ადამიანის სიწმინდის კონცეპტით”. ალბათ სწორედ ეს არის მიზეზი, თუ რატომ ასოცირდება სახელი მია მარიამთან, ხოლო იოფი იოსებთან, იესო ქრისტეს ადამიან მშობლებთან. 

 

როგორც გამოდის, სალოსის ცხოვრება ბერგმანისთვის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი გზაა, ეგზისტენციალური აბსურდის წინააღმდეგ. თუმცა, ფილმშიც ჩანს, რომ ასეთი სულიერი სიძლიერე საკმაოდ იშვიათია. სალოსების ცხოვრება ის სინათლეა, რომელიც მხოლოდ რჩეულებს უნათებს გზას ადამიანის არსებობის უძირო უაზრობაში. ადამიანური სიწმინდე სიკვდილზე მაღლა დგას, სწორედ ამიტომ, მხოლოდ მია და იოფი გაურბიან სიკვდილს, რომელსაც ცეკვით მიჰყავს დანარჩენი პერსონაჟები იქ, სადაც თვითონ სიკვდილმაც კი არ იცის რა ხდება.