ანა თოფურია ახალგაზრდა ხელოვანია. ის მხოლოდ ხუთი წლის იყო, როდესაც ოჯახთან ერთად დატოვა საქართველო და საცხოვრებლად ამერიკაში, ლოს-ანჯელესში გადავიდა. განათლება კალიფორნიაში, BFA Art Centre დიზაინის სკოლაში მიიღო. ბოლო რამდენიმე წელია, ანა ნიუ-იორკში ცხოვრობს და მუშაობს.


შენს ნამუშევრებს ყოველთვის საინტერესო სათაურები აქვს. რა მნიშვნელობას ანიჭებ მათ?

ფრაზები, რომლებიც ყოველთვის  პირდაპირ არ უკავშირდება  ჩემს ნამუშევრებს,  დიდ როლს თამაშობს მათ  ფორმირებაზე. თითოეული ნამუშევარი, რომელსაც ვქმნი, ერთიანდება  თემაში  ან თავად ქმნის ახალ თემას. ყველა თემისთვის  ვქმნი ფრაზას და ვიზუალურ სიმბოლოს. მათი მეშვეობით ნამუშევრების კლასიფიცირებას ვახდენ. როდესაც ეს ვიზუალური მასალა ერთიანდება, იქმნება ახალი სერია. რამდენიმე მაგალითი ასეთი ფრაზებისა: Hot Air Rises, Sweet Words Swell, Midnight Special, Curtains Up, Badges On, Night Fight.



აღწერე შენი შემდეგი პროექტი


ნელ-ნელა ვმუშაობ ნამუშევარზე, რომელიც შედგება 84 ინდივიდუალური ნაწილისგან. ეს ჩემი ფოჩების/ლასოს პროექტის გაგრძელებაა. ასევე, ვიკვლევ სკულპტურულ ნამუშევრებს.

ერთი რამ, რაც გაძლევს ინსპირაციას და რატომ?

კალიფორნიული ველური ბუნება – ის სივრცის შეგრძნებებს თავდაყირა აყენებს.

ნახულობ  თუ არა სხვა ხელოვნების ნამუშევრებს ინსპირაციისთვის?

 

არტ სკოლაში სწავლისას და რამდენიმე წელი მისი დამთავრების შემდეგ, ალბათ ჯერ კიდევ ვიღებდი ინსპირაციას სხვა ხელოვანებისგან, მაგრამ ახლა უმეტესად ვიკვლევ თემებს, ვუყურებ დოკუმენტურ ფილმებს, ვკითხულობ და ვცდილობ ვიყო სოციალური.



შეგიძლია მოგვიყვე შენი ოჯახის იმიგრაციის ისტორია? დაიბადე თბილისში, მაგრამ მალევე გადახვედი ლოს-ანჯელესში საცხოვრებლად

დედაჩემის ოჯახმა თბილისი  60-იან წლებში დატოვა და საცხოვრებლად ჰოლივუდში გადავიდა. სამოქალაქო ომის დროს, 1991 წელს, მათ ჩემი ოჯახიც შეუერთდა,  მე მაშინ  5 წლის ვიყავი. ასაკის გამო ეს ცვლილება ჩემთვის ყველაზე ადვილი იყო, მაგრამ ლოს-ანჯელესში ამ პერიოდში ძალიან ცოტა ქართული ოჯახი ცხოვრობდა, მე კი სხვა ქართველებს არ ვიცნობდი.

რამდენიმე წლის წინ საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადახვედი. თბილისი ძალიან შორსაა ლოს-ანჯელესისგან, ლოს-ანჯელესი კი – ნიუ-იორკისგან. როგორ იმოქმედა ადგილის შეცვლამ შენს ხელოვნებაზე?

ძალიან იმოქმედა! მაგრამ რამდენიმე წელი დამჭირდება, რომ ამ კითხვას ვუპასუხო.



ასევე გაიარე არტ რეზიდენტურა იტალიაში. მოგვიყევი ამ გამოცდილებაზე


რეზიდენტურა ტოსკანას იზოლირებულ ქალაქში გავიარე. აქ მქონდა ფიქრის დრო და ახალი მეგობრებიც შევიძინე. ეს ზუსტად ის იყო, რაც ამ პერიოდში მჭირდებოდა. ახლა თუ კიდევ რეზიდენტურის გავლას გადავწყვეტ, მინდა, რომ იყოს უფრო მოკლე და ვორკშოფის სახის.

ორი გამოფენა გქონდა კოპენჰაგენში. მათგან ერთ-ერთი შენი პირველი სოლო გამოფენა იყო. მოგვიყევი შენს ურთიერთობაზე დანიურ გალერეასთან და იმ გამოცდილებაზე, რომელიც გამოფენის შექმნის დროს მიიღე.

 

დიახ, ეს ჩემი პირველი სოლო გამოფენა იყო. მომეწონა ფიქრი იმაზე, თუ რის წარდგენა  მინდოდა და როგორ. მოვითხოვე, რომ მოეცათ სივრცის ნახაზი და ყველაფერი წინასწარ დავგეგმე. პროცესით ძალიან ვისიამოვნე, მაგრამ ჩემი ხასიათი ყოველთვის მერყეობს სოციალურსა და ასოციალურს შორის. ჩემი ნამუშევრების გამოფენის შემდეგ დამჭირდა პერსონალური დრო სტუდიაში სამუშაოდ. ახლაც ასეთი პერიოდი მაქვს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ სადღაც ერთ წელიწადში სხვა გამოფენის ნაწილი ვიქნები.



როგორია შენი სამუშაო პროცესი?

თითქმის ყოველთვის ერთზე მეტ რამეზე ვმუშაობ. შესაბამისად, პროცესიც  ამაზეა დამოკიდებული.

ჩემი სტუდიური სამუშაო პროცესი უფრო რუტინულია. 8:30 ვიღვიძებ, ვამოწმებ დღის ახალ ამბებს, ვსვამ  ყავას და ჩემს სტუდიაში შევდივარ. შესვენების პერიოდებში დავრბივარ ან მეგობრებს ვხვდები. დღის ბოლოს ვწერ იმას, თუ რა მინდა გავაკეთო მომდევნო დღეს.


როდესაც ქმნი ნამუშევარს, რა არის შენთვის უფრო მნიშვნელოვანი -  ნარატივი, ფორმა თუ პალიტრა?

ჩემთვის ეს სამივე დარწმუნების იარაღია. მიმუშავია რეკლამებზეც, სადაც მიზანი ყოველთვის ისაა, რომ დაარწმუნო ადამიანი იყიდოს რამე. როდესაც ჩემს ხელოვნაბზე ვმუშაობ, ასე სწორხაზოვნად არ ვფიქრობ.

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო არ იყოს მოსაწყენი. თუ მუშაობის პროცესში მოვიწყენ, ნამუშევრის ნახვის დროს სხვასაც იგივე შეგრძნება ექნება. მე ჩემს სამუშაოს ვიყენებ, როგორც გზას, რომელიც მეხმარება იდეების გააზრებაში და ხშირად არც ვიცი, საით წამიყვანს ის.


აკეთებ ჩანახატებს?

ზოგჯერ და არა ტრადიციული გაგებით. ფანქრით მონახაზს მხოლოდ იმიტომ ვაკეთებ, რომ არ დამავიწყდეს ის, რის გაკეთებაც მინდა. თუ უფრო დიდი პროექტი მაქვს, რომელიც რამდენიმე ნაწილისგან შედგება, ზოგჯერ ციფრულად ვქმნი ფაილს, სადაც დაწერილ ინფორმაციას და იდეებს ვინახავ.



სტუდიური სამუშაოს გარდა, ასევე მუშაობ არტ დირექტორად და დიზაინერად. გვესაუბრე შენს არტ დირექტორულ და დიზაინერულ სამუშაოზე და როგორ ყოფ ამ ორ კრეატიულ საქმეს ერთმანეთისგან?

ძალიან ბევრნაირი სამსახური მქონია და ალბათ ამიტომ შემიძლია ამ ორის ერთმანეთისგან გაყოფა, რადგან ისე ვუყურებ, როგორც სამსახურს. რაც  უნდა კრეატიული იყოს შენი პოზიცია კორპორაციაში, ის მაინც არ არის ბოლომდე შემოქმედებითი. ასევე ვარ ფრილანსერი და მყავს კლიენტები, რომლებისთვისაც ვაკეთებ დიზაინერულ სამუშაოს, და უმეტესობამ არც იცის ჩემი ხელოვნების შესახებ. ის, რასაც კლიენტებისთვის ვაკეთებ, არასდროს იქნება საქმე, რომელსაც ჩემთვის გავაკეთებ.

ზოგადად, მომწონს დიზაინერული და არტ დირექტურული სამუშაო, როგორც საარსებო წყარო. ეს მაძლევს იმის თავისუფლებას, რომ ვიმუშაო ხელოვნებაში ფულზე ფიქრის გარეშე, და არ შევხედო ჩემს ხელოვნებას, როგორც საარსებო წყაროს.



რომელია შენი ყველაზე საყვარელი ადგილები ახალი ხელოვნების სანახავად?

ლოს-ანჯელესში მიყვარს ჰამერი (the Hammer). იქ ბევრი კარგი პროგრამა, საჯარო კითხვა და გამოფენები აქვთ. ნიუ-იორკში კი ნოგუჩის მუზეუმი და ნიუ მუზეუმი (Noguchi Museum and The New Museum).