მაროკოში, ქალაქ მარაქეშში, რომელსაც „წითელ ქალაქსაც“ ეძახიან, ივ სენ-ლორანის სახელობის მუზეუმი გაიხსნა . ფრანგ დიზაინერს განსაკუთრებით შეუყვარდა მაროკო, მას შემდეგ, რაც იქ პირველად დადგა ფეხი, თავის პარტნიორთან ერთად, 1966 წელს.
ფრანგი დიზაინერების – ოლივერ მარტისა და კარლ ფურნიერის მიერ დაპროექტებული შენობა, რომელიც ტერაკოტასა და ტერაზოს აერთიანებს, აშენებულია წითელი აგურით. ერთიანობაში ეს კონსტრუქცია შეადგენს ანარეკლს იმ დიზაინისა, რომელსაც ლორანი თავის კოლექციებში იყენებდა. შენობის ცენტრში, 400 კვ.მ ფართობზე განლაგებულია წრიული ატრიუმი, რომელიც კრისტოფერ მარტინის მიერაა დაპროექტებული. აქ განთავსებული გამოფენა ეძღვნება მოდის სფეროში ივ სან-ლორანის კარიერას. მუზეუმში ასევე ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, წიგნების მაღაზია, აუდიტორია და კაფე.
ივ სენ-ლორანის პარტნიორის, პიერ ბერგეს გადმოცემით, ლორანი ჩასვლისთანავე იმდენად აღფრთოვანებულა მარაქეშით, რომ იქ სახლიც კი უყიდია და ხშირად სტუმრობდა ამ ქალაქს. „არ მიკვირს, რომ სწორედ ამ ქალაქში, რომელიც დიზაინერისთვის ასეთი დიდი ინსპირაცია იყო, ორმოცდაათი წლის შემდეგ აშენდა მუზეუმი მისი მოღვაწეობის პატივსაცემად.“ – ამბობს ბერგე.
მარაქეშის მუზეუმი 2017 წლის 19 ოქტომბერს გაიხსნა, ივ სენ-ლორანის პარიზული მუზეუმის ამოქმედების შემდეგ.
დაწერე კომენტარი