სულ რამდენიმე საათში საუკეთესო საერთაშორისო ფილმების ნომინაციაში 5 ფილმიდან ერთ-ერთი ოსკარს მოიპოვებს. "ტკივილი და დიდება", "პარაზიტი", "თაფლის ქვეყანა", "ქრისტეს სხეულის დღესასწაული" და Les miserable - ის საერთაშორისო ფილმებია, რომლებიც ოსკარის 2020 წლის დაჯილდოებაზე საუკეთესოს ტიტულისთვის იბრძვის.
Parasite - კორეა
ბონ ჯონ ჰოს "პარაზიტი" 2019 წლის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ფილმია, რომელსაც უამრავი მაყურებელი 2020 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე არაერთ ნომინაციაში გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს. ფილმმა, რომელიც სარდაფში მცხოვრები ღარიბი კორეული ოჯახის ისტორიას გვიყვება, კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტო უკვე მოიპოვა, ასევე მიიღო საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის წოდება ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზეც. ოსკარის 92-ე დაჯილდოებაზე კი, სადაც ფილმი ექვს ნომინაციაზეა წარდგენილი, გამარჯვებას მოიპოვებს თუ არა, ამას სულ რამდენიმე საათში გავიგებთ.
Pain and Glory - ესპანეთი
გენიალური ესპანელი რეჟისორის ჯერჯერობით უკანასკნელი ფილმი "ტკივილი და დიდება", რომელშიც რეჟისორის საყვარელი პენელოპე კრუსი და შემოქმედებით კრიზისში მყოფი პედროს პროტოტიპი - ანტონიო ბანდერასი თამაშობენ, წელს ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე ერთ-ერთი ფავორიტი კინოსურათია. ოსკარის 92-ე დაჯილდოების ცერემონიაზე ხუთ ნომინაციაში წარდგენილი ფილმი მაყურებელმა პირველად კანის კინოფესტივალზე იხილა, სადაც ანტონიო ბანდერასმა და ალბერტო იგლესიასმა საუკეთესო მსახიობისა და საუკეთესო საუნდტრეკის ნომინაციებში გამარჯვება მოიპოვეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ჟურნალმა Time-მა "ტკივილი და დიდება" 2019 წლის საუკეთესო ფილმად დაასახელა.
Corpus Christi - პოლონეთი
პოლონურ-ფრანგული დრამა, რომელიც რეჟისორმა იან კომასამ გადაიღო, მაყურებელმა პირველად 2019 წლის ვენეციის კინოფესტივალზე იხილა. ის ასევე ნაჩვენები იყო 2019 წლის ტორონტოს კინოფესტივალზეც. ფილმი შთაგონებულია რეალური ამბებით, რომლებიც 20 წლის დანიელისა და მისი წინააღმდეგობებით აღსავსე სულიერი ტრანსფორმაციის ისტორიას გვიყვება.
Honeyland - მაკედონია
2019 წლის მაკედონიური დოკუმენტური ფილმი, რომელიც რეჟისორმა თამარა კოტევსკამ გადაიღო, მაყურებელმა პირველად 2019 წლის სანდენსის კინოფესტივალზე ნახა. ფილმმა, რომელშიც დოკუმენტურ ჭრილში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ვაწყდებით, როგორიც კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი რესურსების ექსპლოატაციის პრობლემებია, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების კინოფესტივალებზე არაერთი ჯილდო მოიპოვა. ის იყო ერთადერთი ფილმი, რომელმაც სანდენსის კინოფესტივალზე სამ სხვადასხვა კატეგორიაში გაიმარჯვა. ის ასევე პირველი ფილმია ისტორიაში, რომელიც ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე საუკეთესო დოკუმენტური და საერთაშორისო ფილმების კატეგორიაში ერთდროულად არის წარდგენილი.
Les Miserables - საფრანგეთი
2019 წლის ფრანგული დრამა, რომლის პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა, რეჟისორის სრულმეტრაჟიანი სადებიუტო ნამუშევარია. ფილმი არ წარმოადგენს ვიქტორ ჰიუგოს იმავე სათაურის რომანის მორიგ ეკრანიზაციას. სურათში უბრალოდ თანამედროვე საფრანგეთში არსებული რეალობაა აღწერილი, რომელიც რეჟისორმა მათ შორის საკუთარი ცხოვრების გამოცდილებიდანაც გააცოცხლა. "ფილმი იმ ყოველდღიური სიღარიბის შესახებაა, რომელიც საფრანგეთის ქალაქ მონპერმელში უამრავ ადამიანს აერთიანებს", - ამბობს რეჟისორი.
დაწერე კომენტარი