პედრო ალმოდოვარს არაერთხელ მოვუჯადოვებივართ თავისი სიგიჟისა და სილამაზის სამყაროს მაგიით. მის უახლეს “ტკივილსა და დიდებას” (2019) ჯადოსნური ფლეიტა მყარად უჭირავს, რათა რთულია არ დაგვეთანხმოთ, რომ ფილმისგან თვალის მოწყვეტა ძნელია და მისი არგანხილვა დასრულების შემდეგ - შეუძლებელი.
მახსოვს სცენა, სადაც ალბერტო სალვადორის ავტობიოგრაფიულ პიესას ასრულებს? თეატრი, რომელშიც წარმოდგენა მიმდინარეობს, ბნელ სარდაფს ჰგავს და თუ გნებავთ, მას გამოქვაბულიც შეგვიძლია ვუწოდოთ. ალბათ გამოქვაბული უკეთესი შესატყვისია, რადგან ფილმს პლატონის “გამოქვაბულის თეორიასთან” ბევრი საერთო აქვს.
სცენა თეთრი ეკრანია, რომელიც წითელ კედელზე კიდია. როცა პლატონი “სახელმწიფოში” გამოქვაბულს აღწერს, ის ასევე ახსენებს “ეკრანს”, რომელსაც დაბმული მონები გაუნძრევლად შეჰყურებენ და რეალური ობიექტების აჩრდილებს ხედავენ.
ჩრდილები არც ამ სცენას აკლია, ცხადია, გადატანითი მნიშვნელობით. მუსიკა, რომლის რიტმიც ალბერტოს სხეულს განუმეორებელად ამონებს, La Vie en Rose-ის გადაკეთებული ვერსიაა, გრეის ჯონსის შესრულებით. კოტ-დ’ივუარის ფოტოები, სადაც ალბერტომ და მისმა სატრფო ფედერიკომ საოცარი დრო გაატარეს, ისევ ანარეკლები და აჩრდილებია, რომლებიც თეთრ, გრძელ, ილუზორულ ეკრანზე ისახებიან. ავტობიოგრაფიის მთხრობელიც კი, არა თვით სალვადორი, არამედ მისი ანარეკლი ალბერტოა, მსახიობი, რომელსაც ეს ცხოვრება თვითონ არ უცხოვრია და საბოლოო ჯამში, ამ მოცემულობაში, რეალური ადამიანის ჩრდილია.
ერთი რამ, რაც ალბათ ყოველი ჩვენგანისთვის საკმაოდ გასაკვირი იყო, ამ სცენის გადამეტებული სენტიმენტალიზმია, რის შედეგადაც შესაძლებელია დავასკვნათ, რომ ალმოდოვარისთვის ხელოვნება რეალობაა, აბსოლუტი, პლატონური ჭეშმარიტება - თუმცა მხოლოდ მაშინ, როცა ის შემქმნელის სულიდან მოდის; არა როგორც მოგონილი, სენტიმენტალური ამბავი, არამედ ჭეშმარიტი ემოცია. სწორედ ეს გახლავთ იმის მიზეზი, რომ ფილმის ბოლოს, როცა სალვადორი ნამდვილად თავის პროექტზე იწყებს მუშაობას, დაავადება, რომელიც მას ტანჯავდა - ქრება. ის ახერხებს საკუთარი თავის აჩრდილების სამყაროსგან გათავისუფლებას და როგორც პლატონის ფილოსოფოსი მეფე ტოვებს გამოქვაბულს, რათა დაიპყროს საკუთარი სულიდან ამოფრქვეული ხელოვნების აბსოლუტური რეალობა.
მთელ ამ ამბავში ყველაზე სიანტერესო ის არის, რომ ალმოდოვარი, როგორც ამ ავტობიოგრაფიული ფილმის რეჟისორი, ფილოსოფოსი, მეფე თვითონ ხდება, რადგან ფილმის მეშვეობით ის გამოხატავს საკუთარი თავის ჭეშმარიტ ნაწილს - ცხოვრებას, რომელიც მან იცხოვრა, შეიგრძნო და შეიყვარა, იქნება ეს ტკივილსა თუ დიდებაში.
დაწერე კომენტარი