დახუჭულ ქუთუთოებს მზის სხივები ათბობს. ვრცელ მდელოზე მაღალ ბალახებს ნიავი აშრიალებს. ზაფხულის მზიანი შუადღეები უსასრულოდ იწელება. ზღაპრიდან გადმოსული პერსონაჟები და გოგონები ფერიების როლში მზის აბაზანებს იღებენ. ჰაერში ჰარმონია და ყვავილების სურნელი ტრიალებს. ოცნების დროა. – ეს სიზმარი არ არის, ტიმ უოლკერის გადასაღები მოედანია. ტიმოთი, იგივე ტიმ უოლკერი, 1970 წელს დაბადებული ბრიტანელი მოდის ფოტოგრაფია. მისი სტილი ექსცენტრიკული და დახვეწილია, ხოლო ფოტოების ნარატივი მუდამ მაგიურია, სიზმრისეული გარემოთი და ოცნებებით სავსე. 1994 წელს, ფოტოგრაფიის 3-წლიანი კურსის დამთავრების შემდეგ, ლონდონში, ექსეტერის ხელოვნების კოლეჯში დაიწყო მუშაობა ფრილენს ასისტენტად, შემდეგ კი ნიუ-იორკში მუშაობდა რიჩარდ ავედონის ასისტენტად სრულ განაკვეთზე. ინგლისში დაბრუნების შემდეგ ტიმოთი გაზეთებისთვის იღებდა პორტრეტებსა და დოკუმენტურ ფოტოებს.
უოლკერმა თინეიჯერობის ადრეულ პერიოდში მოდის ჟურნალების კითხვა დაიწყო და ძალიან დაინტერესდა – “ვხედავდი, რომ მოდის ფოტოგრაფია იყო ერთადერთი გზა, რომლითაც ადამიანს ამბის თხრობა შეეძლო. მე ვუყურებდი მოდის ფოტოებს და ვფიქრობდი: საკმაოდ მომწონს ეს სამყარო. მართალია, ტიმი მოდის ფოტოგრაფია, მაგრამ მას განსხვავებული მიდგომა აქვს. ფოტოგრაფისთვის სამოსი შთაგონების წყაროა, ფანტაზიის გასაქანი და საშუალება, რომლითაც ის თავის ზღაპარს გვიამბობს ფოტოებით. ტიმოთი 25 წლის იყო, როდესაც პირველად გადაიღო ვოგისთვის. დღესდღეობით იგი რეგულარული კონტრიბუტორია ჟურნალების – იტალიური, ინგლისური და ამერიკული VOGUE-ის, LOVE-ის, W-ის და ასე შემდეგ.
დღემდე ბრიტანული ვოგის ორი ქავერი სწორედ ტიმ უოლკერს ეკუთვნის – ლილი ქოული 2005 წლის ივლისის ქავერზე და სტელა ტენანტი 2005 წლის ნოემბრის გამოცემაზე. ტიმ უოლკერის ნამუშევრების პირველი და დიდი მნიშვნელობის მქონე გამოფენა 2008 წელს ლონდონის დიზაინის მუზეუმში მოეწყო. ამავე დროს გამოიცა მისი პირველი წიგნი სახელწოდებით PICTURES.
ფოტოგრაფს მრავალი ჯილდო აქვს მიღებული, იგი 2008 წელს დაჯილდოვდა Isabella Blow Award for Fashion Creator-ით, ხოლო 2009 წლის მაისში ნიუ-იორკში ფოტოგრაფთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ – Infinity Award-ით. უოლკერის არაამქვეყნიურ ფოტოებში თითქმის ყველაფერი ნამდვილია. მაგალითად, 1998 წლის იტალიური ვოგისთვის გადაღებისას თეთრი ესპანური ცხენი მართლაც ადიოდა ეგლინჰემის სასახლის კიბეებზე, ხოლო ბრიტანული ვოგისთვის 2011 წელს ნამიბიის უდაბნოში გადაღებულ ფოტოში აგნეს დეინთან ნამდვილი ლეოპარდი დგას – ის ადგილობრივი ტომის წევრებმა გაზარდეს, როცა ბრაკონიერებმა ცხოველის ოჯახი ამოხოცეს. ტიმ უოლკერი პიტერ პენია, მეოცნებე და მეზღაპრე – მის ფოტოებში თითქოს თეთრ კურდღელს მივყვებით საოცრებათა ქვეყანაში, სადაც ყველაფერი მაგიურია. იგი ასევე ხშირად თამაშობს პროპორციით – მისი მოდელები ხან გიგანტები არიან შეკუმშულ სამყაროში, ხან – პირიქით.
2005 წლის ერთ-ერთი გადაღებისთვის ტიმის მოთხოვნები ასეთი იყო:
· 80 თეთრი კურდღელი
· 20 ბალერინა
· 17 გედის ფორმის სარკე
· 250 სირაქლემას კვერცხი (ოქროსფრად შეღებილი)
· 1 ყუთი გიგანტური ხელები
· 20 საშობაო ნაძვისხე
· 1 “როლს-როისი”
როგორც თავად ამბობს, მისი შთაგონება ბავშვობიდან მოდის და თავადაც საკმაოდ ბავშვურია – ასე უყურებს სამყაროს. უოლკერისთვის ბავშვობა განსაკუთრებულ პერიოდთან, ოცნებებთან და ფერად სამყაროსთან ასოცირდება. 2010 წელს უოლკერმა პირველად გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი The Lost Explorer, რომლის პრემიერაც ლოკარნოს ფილმების ფესტივალზე შედგა შვედეთში, 2011 წელს კი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ტიტული მიიღო ჩიკაგოს გაერთიანებული ფილმის ფესტივალზე. 2012 წელს გაიხსნა უოლკერის მეტად პოპულარული გამოფენა – Story Teller, სომერსეტის ჰაუსში. ტიმ უოლკერი ხელმძღვანელობდა აგრეთვე სარეკლამო კამპანიებს ისეთი კლიენტებისთვის, როგორებიც არიან Barneys New York, Comme des Garçons, Gap და Yohji Yamamoto. 2019 წლის გაზაფხულის გამოცემის, i-D-ის ქავერი უოლკერს ეკუთვნის, რომელზეც მუსიკოსი სოლანჟია გამოსახული. ფოტოგრაფის ფოტოები ასევე გამოქვეყნებულია Harpers Bazaar-სა და სხვა ჟურნალებში.
დღესდღეობით უოლკერის პორტფოლიოდან ფოტოებს ბინა აქვთ დადებული ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმსა და ლონდონის ნაციონალურ გალერეაში. ბოლო დროს უოლკერის ფოტოებში თითქოს ფერები გაფერმკრთალდა და სიბნელე და მელანქოლიამ დაისადგურა. უოლკერის თქმით, არ იცის ეს რას დააბრალოს, ზრდასრულობას თუ რაიმე სხვას, მაგრამ სულ მოსწონდა მომაკვდავი პოეტის იდეა და გოთიკურობის მთლიანი კონცეფცია. ტიმ უოლკერის სიტყვა მუდმივად დარჩება მოდის ფოტოგრაფიაში, ხოლო მისი სიზმრისეული და ზღაპრული ფოტოები მუდმივად მოაჯადოებს მნახველს.
დაწერე კომენტარი