ქართულ სამზარეულოს, რომ სწრაფი კვების ობიექტად გარდაქმნის პოტენციალი ჰქონდა, ამაში ნატო ყვავილაშვილისა და ნინო ქოქოსაძის წამოწყებული სტარტაპ-იდეის - “გობის” მეშვეობით უკვე დავრწმუნდით. იაკობ ნიკოლაძის 4 ნომერში განთავსებული ვეგეტარიანულ-ვეგანური სწრაფი კვების რესტორანი არა მხოლოდ ქართველი საზოგადოების, არამედ უცხოელი მოგზაურების ერთ-ერთ საყვარელ ადგილადაც იქცა.
“გობის” ისტორია ორი მეგობრის კულინარიის მიმართ ინტერესსა და სიყვარულს უკავშირდება, რომელსაც ქართული სამზარეულოს არა ტრადიციულ, არამედ უფრო თანამედროვე კონცეფციით წარმოდგენის სურვილი ერთვოდა თან. ორი ფსიქოლოგის მიერ 2018 წელს წამოწყებული სტარტაპის მთავარი პრინციპი მისი სახელიდან გამომდინარე რამდენიმე სახის საკვების გობის პრინციპით დაგემოვნებას ეფუძნება, რომელიც ძველ ქართულ ტრადიციას უკავშირდება. თუმცა “გობი” მისი კონცეფციით უფრო მასშტაბურ მიზანს ემსახურება, რომელიც ვეგეტარიანელობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და უხორცო სამზარეულოს პოპულარიზაციას გულისხმობს. მთავარი გამოწვევა კი იმ სტერეოტიპის დამსხვრევაა, რომლის მიხედვითაც ეგეტარიანული კერძები გემრიელი ვერ იქნება.
ამ ყველაფერთან ერთად, რა თქმა უნდა, “გობის” ერთ-ერთი პრინციპი ჯანსაღი და დაბალანსებული კვების ხელშეწყობაა, რაც მათ მაღალი ხარისხის ნატურალური პროდუქციით შექმნილ მრავალფეროვან კერძებშიც გამოიხატება. ვეგეტარიანულ-ვეგანურ სწრაფი კვების რესტორანში არა მხოლოდ ქართულ, არამედ აღმოსავლური სამზარეულოს ნაცნობსა თუ უცნობ გემოებსაც ეზიარებით. ხოლო განსაკუთრებული კერძები, როგორებიცაა ბარდისა თუ ქოქოსის წვნიანები, ბადრიჯნისა და ფალაფელის სენდვიჩები “გობიში” სტუმრობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად გადაიქცევა. გასაკვირი არ არის, რომ “გობიში” ოთხფეხა მეგობრებიც უყვართ, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აქ ცხოველებისთვის სპეციალური ადგილია გამოყოფილი და ამ მიმართულებით სხვადასხვა აქტივობა იგეგმება.
მიუხედავად უამრავი გამოწვევისა და სირთულისა, რომელიც ფინანსურ რესურსებთან, ბაზრის ათვისებასთან, პანდემიასთან და სხვა წვრილმან დაბრკოლებებთან იყო კავშირში, ნატო ყვავილაშვილმა და ნინო ქოქოსაძემ მათი იდეა ბოლომდე მიიყვანეს და მეტიც, ქართული სამზარეულოს ისტორიაში დასამახსოვრებელი ნაბიჯიც გადადგეს. “გობი” სწორედ ის ადგილია, სადაც ღირებულებები უგემრიელეს და ჯანსაღ კერძებს ერწყმის.
დაწერე კომენტარი