ისე მიაკე იაპონელი დიზაინერია, რომლის ნამუშევრებიც ყოველთვის განსხვავებული და თანამედროვეა. ინოვატორული ტექნოლოგიების და განსაკუთრებული დიზაინის შერწყმით, მიაკე ქმნის ნივთებს თანამედროვე ცხოვრების სტილისთვის.
21-ე საუკუნის სწრაფი მოდის სამყაროში მიაკე გამორჩეულია დიზაინერებს შორის ფილოსოფიით და პერსონით. ინტერვიუებში ის გვევლინება, როგორც ფილოსოფოსი, მისი ნამუშევრები კი არასდროს ყოფილა ტრენდებს აყოლილი, არამედ ყოველთვის ემსახურება უფრო სუფთა იდეას – მოდას და სამოსს, როგორც ხელოვნების, ტექნოლოგიის და ფილოსოფიის სინთეზს.
ისე მიაკე იაპონიაში, ჰიროსიმაში დაიბადა 1938 წელს. როცა ჰიროსიმაში ატომური ბომბი ჩამოაგდეს, მიაკე 7 წლის იყო. ის იაპონელთა იმ თაობას ეკუთვნის, რომელმაც ომის შემდგომ ქვეყნის ახლიდან აშენება დაიწყო. მისი შემოქმედება ეფუძნება ექსპერიმენტებს, სიახლეებს, მაგრამ ყველაზე მეტად ერთობლივ, გუნდურ სამუშაოსა და კოლაბორაციას.
მიაკე ბავშვობის მძაფრ მოგონებად არა ატომურ დაბომბვას, არამედ იმ შთაბეჭდილებას ასახელებს, რაც მისი დის ფრანგული და ამერიკული ჟურნალების ფერადმა ყდებმა დატოვა მასზე. სკოლის დამთავრების შემდეგ ის ტოკიოში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც Tama Art University-ში ჩააბარა. Tama-ის უნივერსიტეტში ტექსტილის დიზაინის ფაკულტეტი ნახევრად ინჟინრულ, ნახევრად სკულპტურულ დარგად ითვლებოდა და პრესტიჟული პროფესია იყო. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მიაკე პარიზში გაემგზავრა, სადაც the Chambre Syndicale de la Couture-ში სწავლობდა და შემდეგი 5 წლის განმავლობაში Guy LaRoche და Hubert de Givenchy-ში მუშაობდა. მასზე ყველაზე დიდი გავლენა ამ წლებში Givenchy-მ მოახდინა. 1970 წელს მიაკე ტოკიოში დაბრუნდა, ხოლოდ 1973 წელს პირველად აჩვენა საკუთარი სახლის – Issey Miyake-ის კოლექცია პარიზში.
მისი დიზაინის მთავარი შთაგონების წყაროა სივრცე სამოსსა და სხეულს შორის. მიაკე ხშირად იყენებდა თანამედროვე ქსოვილებს და სხვადასხვაგვარ სილუეტებს, რათა შეექმნა ახალი ტიპის სამოსი, რომელიც სცდება სტანდარტული დიზაინის ჩარჩოებს. როგორც თავად მიაკე ამბობს, დიზაინი მისთვის აღმოჩენაა, და საკუთარ თავს უწოდებს კაცს, რომელიც აკეთებს ნივთებს, რაც იაპონური ტრადიციის – mono-tsukuri-ის ფილოსოფიას მიჰყვება. მის რამდენიმე campaign-შიც გვხვდება ფრაზა – “Making Things”.
80-იან წლებში მან ახალი ფაქტურის, FRP-ის (fiber reinforced plastic) გამოყენება დაიწყო. 1991 წელს ფრანკფურტის ბალეტის თეატრმა მიაკეს მსუბუქი ნაკეცებიანი კოსტიუმები დაუკვეთა. მუშაობის პროცესში მიაკემ თავის დამახასიათებელ სტილს მიაგნო, რის შედეგადაც 1993 წელს მან ახალი ხაზი – PLEATS PLEASE შექმნა, 1998-ში კი A-POC, ანუ A Piece of Cloth. მიაკეს დიზაინი მოდის დარგის ერთ-ერთი მთავარ კითხვას ეხმაურება: როგორ უნდა შემოსო 3-განზომილებიანი სხეული 2-განზომილებიანი ქსოვილით. ამასთან, მიაკემ დაიწყო გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ფიქრი და მისი კონცეფციაც ამ მხრივ საგრძნობლად დაიხვეწა – მან შეძლო და მუშაობისას თითქმის გააქრო ნარჩენები.
1970-იანი წლების შემდეგ მან საერთო ნამუშევრები შექმნა ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან Isamu Noguchi, Irving Penn და Ikko Tanaka. გამორჩეულია მიაკეს და საკულტო ფოტოგრაფის, ირვინ პენის 13-წლიანი კოლაბორაციაც. მიაკემ ამ წლების განმავლობაში პენს სრული შემოქმედებითი თავისუფლება მისცა, ის არც ესწრებოდა ფოტოგადაღებებს, ალბათ ამ ფაქტითაც უნდა აიხსნას ის უნიკალური ფოტომასალა, რომელიც ფოტოგრაფმა დააგროვა. მიაკე პენთან შემოქმედებით კავშირს შთაგონების წყაროდ თვლიდა.
მიაკეს ნამუშევარია სტივ ჯობსის საკულტო შავი სვიტრიც. სტივ ჯობსმა იაპონელ დიზაინერს Apple-ისთვის უნიფორმა მას შემდეგ დაუკვეთა, რაც მიაკეს მიერ შექმნილი Sony-ის კომპანიის უნიფორმა ნახა. Apple-ის მუშაკებს უნიფორმის იდეა არ მოეწონათ, ამიტომ ჯობსის ეს იდეა ვერ განხორციელდა. მიუხედავად ამისა, ჯობსმა საკუთარი თავს უკვე საკულტოდ ქცეული უნიფორმა დაუწესა, რომელიც Levis 501-ისგან, New Balance 991-ისა და მიაკეს შავი სვიტრისგან შედგებოდა.
დაწერე კომენტარი