კონცეპტუალური ვიდეო და ფოტოარტისტი მარტა როსლერი საკუთარ ხელოვნებას ახასიათებს, როგორც კომუნიკაციის საშუალებას. მისი კომუნიკაცია კი უპირველეს ყოვლისა   კრიტიკასა და საპროტესტო მანიფესტებს შეიცავს სოციუმისა თუ არსებული პოლიტიკის მიმართ, მისი ნამუშევრები კომპლექსური, პოლიტიკურად აქტიური და არნახულად სატირულია. ხელოვანის თითქმის ყველა ნამუშევარში შეხვდებით იმ პრობლემებს, რასაც დღესაც აქტიურად აწყდება საზოგადოება. ყველაზე დასამახსოვრებელია არტისტის ფემინისტური ნამუშევრები, მათ გვერდით კი  ფოტოკოლაჟების სერიათავდაპირველად ვიეტნამის ომის, მოგვიანებით კი ერაყისა და ავღანეთის, რომელსაც აშშ აწარმოებდა.





პირველი
სერია – House Beautiful, bringing the war home (1967-72) მოიცავს ჟურნალებიდან, უმეტესად კი Life Magazine-დან აღებულ ვიეტნამის ომის ამსახველ შავ-თეთრ ფოტოკადრებსა და ასევე იმავე გამოცემიდან ამობეჭდილ სახლების ინტერიერის ფოტოებს. თავად ფოტოკოლაჟების ტრადიცია, დადაიზმიდან მოყოლებული, ერთგვარ სატირულ და კრიტიკულ ხედვას მოიცავს. ამგვარი ხედვით როსლერის სერია პირდაპირ საპროტესტო აქტად გადაიქცევა. მეორე მხრივ, ფოტოკოლაჟი გარკვეული რეალობის შექმნას ემსახურება, იმ ფარსის გამოვლენას, რომელსაც მედია და პოლიტიკური სისტემები საზოგადოებას  დამახინჯებულად აწვდიან. ამ სერიაში კი ორი, სრულიად განსხვავებული, ერთმანეთის საპირისპირო რეალობა ხვდება ერთმანეთსმშვენიერი სახლები, უდარდელი ამერიკელების ცხოვრება, რომელშიც ომი მხოლოდ ტელევიზორის ეკრანებიდან აღწევს და მხოლოდ რამდენიმე ვიზუალური კადრით შემოიფარგლება. მოსახლეობის უმრავლესობისთვის ეს ომი მხოლოდ სასტუმრო ოთახში მდგარი ტელევიზორის ეკრანიდან აღიქმებოდა.






რა
განსხვავებაა შინ ყოფნასა და ომში ყოფნას შორის, როგორ უნდა აღვიქვათ ომი, რომელიც დედამიწის მეორე ბოლოშია? ამისთვის მარტა როსლერმა ეს ომი სახლში შემოიტანა რამდენიმე დატვირთვით: ომი, რომელიცშენარ გეხება და ომი, რომელიც შენს სახლშია. სახლი მშვენიერია, კომფორტის ასეთ სრულყოფილებას კი მთლიანად ანგრევს ომის ესთეტიკა. “მინდოდა ადამიანებს შესძლებოდათ, თუნდაც საკუთარ წარმოსახვაში შესულიყვნენ ასეთ ოთახში და წარმოედგინათ, რომ ეს მათი ოთახია, დაენახათ, რა ხდება ამ ოთახში და მის ფარგლებს გარეთ.“





მსგავსი
ანტისაომარი მესიჯი მარტა როსლერმა 2004 წელს ანალოგიური საშემსრულებლო ტექნიკითა და XXI საუკუნის ესთეტიკური მახასიათებლებით გაიმეორა ახალ სერიაში – House Beautiful, Bringing the war home, new series (2004-2008), როდესაც გააპროტესტა ამერიკის საომარი მოქმედებები ერაყსა და ავღანეთში. ახალი სერიის ანალოგიური, გასული საუკუნის კოლაჟური სტილით ფორმულირება სიმბოლურად ხაზს უსვამს ფაქტს, რომ პოლიტიკურ სამყაროში არაფერი შეცვლილა, ადამიანებისთვის ეს ომი კვლავ სასტუმრო ოთახის კომფორტული სავარძლებიდან აღქმული კადრებია – „ამ ყველაფერში ცუდი ის არის, რომ ჩვენ აპოლიტიკურები ვხდებით“, – აღნიშნა მარტა როსლერმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს და იქვე დაამატა, რომ მას არასდროს სჯეროდა ფაქტის, რომ ხელოვნებას შეუძლია სამყაროს შეცვლა. თუმცა, როსლერისთვის ხელოვნებას ნამდვილად აქვს პოტენციალი სხვა ძალებთან შედარებით.


ყველაფრის მიუხედავად, როსლერს კვლავ სჯერა პროტესტის: „ქუჩაში გამოსვლა არის ის, რაც ნამდვილად იქცევს სახელმწიფო მმართველების ყურადღებას.“ ხელოვანი არგუმენტად იყენებს ჰენრი კისინჯერის, ამერიკის სახელმწიფო მდივნისა და ვიეტნამის ომის დროს სახელმწიფო კონსულტანტის სიტყვებს: „ჩვენ არ შეგვეძლო დაბომბვა გაგვეგრძელებინა, რადგან ქუჩაში ბავშვებიც იყვნენ.“