თუკი ავტორიტეტი მიღებული ჯილდოებით განისაზღვრება, მაშინ არქიტექტორი პეტერ ცუმტორი უკონკურენტოა. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მას ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში ძალიან ცოტა პროექტი აქვს შესრულებული.
ცუმტორმა საზოგადო აღიარება თავისი ორი ნამუშევრით მოიპოვა: თერმული აბანოები შვეიცარიაში – ვალსში (Therme Vals) და ბრუდერ კლაუსის სამლოცველო გერმანიაში (Bruder Klaus Field Chapel). ორივე ნაგებობა ასახავს არქიტექტორის გლობალურ მიდგომას დიზაინთან. მისი მოკრძალებული, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანი შენობები მე-20 და 21-ე საუკუნის არქიტექტურულ შედევრებს შორისაა.
მცდარი დახასიათება
“გულჩათხრობილი” – ეს ის სიტყვაა, რომელიც პეტერ ცუმტორთან ასოცირდება, თუმცა თავად 74 წლის არქიტექტორი უარყოფს საზოგადოდ გავრცელებულ შეხედულებას, თითქოს ის გულჩაკეტილი და განდეგილი ადამიანია. “მისტიკა” მისი პიროვნებისგან შორსაა. პირიქით, პეტერ ცუმტორი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს, მისი დღის განრიგი საკმაოდ დატვირთულია. ამჟამად არქიტექტორი შვეიცარიის ალპებში, პატარა სოფელ ჰალდენშტაინში ცხოვრობს, საიდანაც განაგრძობს თავის კარიერას 15 კოლეგასთან, დამხმარეებთან და ცოლთან ერთად. ეს განცალკევებული და მშვიდი რეგიონი დიდად არ განსხვავდება მის მიერ დაპროექტებული ადგილებისაგან. ცუმტორის პრაქტიკული შეხედულებები მის წარსულს უკავშირდება – ის გაიზარდა ავეჯის ხელოსნის ოჯახში. სწორედ ამის დამსახურებით განუვითარდა მახვილი თვალი.
ემოციური სივრცე
ცუმტორმა ჰარვარდის სტუდენტებს საშინაო დავალება მისცა, დააბარა, შეექმნათ “სახლი ფორმის გარეშე”. დავალება ძალიან წარმატებული გამოდგა. სტუდენტებმა გამოიყენეს სუნი, ხმები და სიტყვები, რომ გადმოეცათ თავიანთი დიზაინი, განკუთვნილი ვინმე კონკრეტულისთვის, რომელთანაც მათ ჰქონდათ ახლო, ემოციური ურთიერთობა. პროექტის მიზანი ცუმტორის დიზაინის ფილოსოფიას უკავშირდებოდა, რომელიც მეტად ორიენტირებულია გრძნობებზე, ვიდრე ფორმაზე. თერმული აბანოები ვალსში ითვლება მის შედევრად, რომელშიც კარგად ჩანს შენობის “სულიერი” უპირატესობა ვიდრე ზედაპირულობა. შვეიცარიის მთებში აშენებული ნაგებობა დაპროექტებულია გონივრული კორიდორული სისტემით, რომელსაც თავად ცუმტორი ტყეში სასეირნო ბილიკებს ადარებს. “ამ სივრცეში მოძრაობა გულისხმობს აღმოჩენების გაკეთებას. აქ ყველა თავის საკუთარ გზას ეძებს,” – ამბობს პეტერ ცუმტორი.
ბუნებრივი ძალა
ცუმტორი მშენებლობისთვის მასალებს ისევე ოსტატურად იყენებს, როგორც პოეტი – სიტყვებს. მისი ნამუშევრები არქიტექტურულად ექვივალენტურია იაპონელი პოეტის, მატსუო ბაშოს შემოქმედებასთან: აბსოლუტური მინიმალიზმი გაჯერებული ბუნებრივი ენერგიით. გერმანიაში, ვახენდორფის ველებზე სეირნობისას ვერც კი შეამჩნევთ ბრუდერ კლაუსის სამლოცველოს (Bruder Klaus Chapel), თითქოს ის იქ ყოველთვის იდგა, იქაურობის ნაწილია. მისი შენობების ექსტერიერი ყოველთვის შერწყმულია გარემოსთან, როცა ინტერიერი ფუნქციონირებს როგორც სენსორული პორტალი. მშენებლობის პროცესში ტაძრის კედლები 112 ხის მერქნისგან აშენდა, შემდეგ ცემენტით დაიფარა და ზედაპირი ცეცხლით დამუშავდა, ნამწვარ კედლებში სასიამოვნო ხის სურნელი დარჩა. ტაძარი ბუნებასთან შესისხლხორცებულია. შენობის კედლები მაღლა, ერთი წერტილის ირგვლივ იყრის თავს და ცისკენ ღიაა, არ არის გადახურული. წვიმა და თოვლი ბუნებრივად აღწევს სამლოცველოს კედლებში. წვიმის დროს წყალი პირდაპირ ჩაედინება საკურთხევლის დაბალ აუზში, მზიან დღეს კი ჭერში ფართო წრიული ფანჯრიდან “ვარსკვლავთცვენაა”.
“ემოციური კატასტროფა”
1993 წელს ცუმტორს შესაძლებლობა მიეცა დაეპროექტებინა ბერლინის მუზეუმი, რომელიც გესტაპოს ყოფილ შენობაში განთავსდებოდა. ობიექტის მონახულებისას პეტერი მიხვდა, რომ ის ვერ შეძლებდა შეექმნა რაიმე ისეთი, რომელსაც ექნებოდა ემოციური დატვირთვა და ამასთან დემოკრატიისა და ხალხის დამსახურების შესაფერისი იქნებოდა. მისი ტერორის ტოპოგრაფია უნდა აღმართულიყო, როგორც შენობა – “უშინაარსო, უკომენტარო”. თუმცა, დაფინანსების პრობლემებმა და სხვადასხვა შეფერხებებმა მშენებლობა შეაჩერა და აღარც გაგრძელებულა. გაზეთ “ნიუ-იორკ თაიმსთან” მიტოვებულ პროექტზე საუბრისას ცუმტორმა აღნიშნა, რომ ეს პროექტი მისთვის “ემოციური კატასტროფა” იყო.
სრულიად განსხვავებული პორტფოლიო
პეტერ ცუმტორის შენობები უფრო პატარა ზომისაა, ვიდრე მისი თანამედროვეების. არქიტექტორის პორტფოლიო განსხვავებული და მრავალფეროვანია: მემორიალი იმ 90 ადამიანისთვის, რომლებიც ბრალდებულნი იყვნენ ჯადოქრობაში, მოხუცთა თავშესაფარი, პავილიონი ველური მცენარეების ბაღით, ტაძარი, რომელიც ზვავმა გაანადგურა, მსახიობ ტობი მაგუაიერის საცხოვრებელი სახლი. ზოგადად, ცუმტორს არ უყვარს ინტერვიუები და ძირითადად უარს ამბობს ხოლმე, მხოლოდ პირისპირ ინტერვიუს ფორმატს თანხმდება. როდესაც არქიტექტორი თავის აზრს გადმოცემს, პროფესიულ თუ სხვა საკითხზე, ის ცდილობს მაქსიმალური სიფრთხილით ისაუბროს. ბოლო პერიოდში მან გადაწყვიტა საზოგადოებისთვის რაიმე ახლის შეთავაზება და შექმნა საკუთარი ინტერნეტგვერდი. “ეს იქნება ერთგვერდიანი ვებსაიტი, ყოველგვარი ფოტომასალის გარეშე, მარტივი და გასაგები ტექსტებით, რომელშიც გადმოვცემთ ჩვენი კომპანიის არსს: რას ვაკეთებთ და რას არ ვაკეთებთ.” პეტერ ცუმტორი არის ადამიანი, რომელიც ამჯობინებს შენობებმა ისაუბრონ… მის მაგივრად.
დაწერე კომენტარი