კახეთში მდებარე ყვარლის ტბის კურორტი ულამაზესი ტბისა და ალაზნის თვალუწვდენელი ვენახების ხედებით დასვენებისა და განტვირთვისთვის საუკეთესო ადგილია. კურორტის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას ყვარლის ტბის სასტუმრო წარმოადგენს, რომლის მინიმალისტური დიზაინი და უმაღლესი ხარისხის სერვისი ისტორიული მემკვიდრეობითა და ტრადიციებით მდიდარ მხარეში საინტერესო, მშვიდი და შთამაგონებელი დასვენების გარანტი გახდება. კახეთის შუაგულში მდებარე ბუნებრივი პირობებით გამორჩეული ყვარლის მიდამოები სავსეა ისტორიული თუ კულტურული ძეგლებით, რომელთა მონახულებასაც ყვარლის ტბის სასტუმროში დასვენებისას ძალიან მარტივად შეძლებთ. აქვეა ილია ჭავჭავაძისა და კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმები, ნეკრესისა და გრემის სამონასტრო კომპლექსი, რომელთა სანახავადაც ერთი დღე სრულიად საკმარისია.
თუკი ამ ზაფხულს გეზი ყვარლის ტბის სასტუმროსკენ აიღეთ, ჟურნალი Hammock გირჩევთ, აუცილებლად მოინახულოთ სხვადასხვა კულტურული დაწესებულებები, რომლებიც სასტუმროში დასვენებას კიდევ უფრო საინტერესოსა და თავგადასავლებით სავსეს გახდის.
ნეკრესის მონასტერი
კავკასიონის ქედის განშტოებაზე VI საუკუნეში აგებული ნეკრესის სამონასტრო კომპლექსისგან მიღებული შთაბეჭდილებები დაუვიწყარია. აქ, ულამაზეს ბუნებაში შერწყმული სამი უძველესი ნაგებობა დაგხვდებათ, რომელთაგანაც თითოეულს საკუთარი ნიშა, ისტორია და კულტურული ღირებულებები განსაზღვრავს. ყვარლის ტბის სასტუმროდან ქართული კულტურის ამ უმნიშვნელოვანეს ცენტრამდე მხოლოდ 20 კილომეტრია,, ამიტომაც გირჩევთ, რომ ერთი დღე ნეკრესში ვიზიტს აუცილებლად დაუთმოთ.
ნეკრესის მზის ტაძარი
თუკი ნეკრესის სამონასტრო კომპლექსს ესტუმრებით, არ დაგავიწყდეთ ნეკრესის მზის ტაძარიც, რომელიც ერთ-ერთი უძველესი, I-III საუკუნეებით დათარიღებული ნაგებობაა. “დიდი კვადრატი”, რომელსაც შემდგომ 36-ასოიან იბერიულ-ქართულ ანბანურ წყობასთან კავშირის გამო “იბერიული დიდი კვადრატი” ეწოდა, მისი დაგეგმარების სისტემითაც საინტერესოა.ნეკრესის სამონასტრო კომპლექსიდან 5 წუთის გზაზე მდებარე ანტიკური პერიოდის ტაძარი ასტრალური ღვთაების მზის ღმერთის სადიდებლად აგებულ კომპოზიციას ქმნის, რომელსაც სახელი სწორედ ღვთაების პატივსაცემად ეწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ტაძრის დიდი ნაწილი დღეს შემორჩენილი აღარ არის, მისი უნიკალური და განუმეორებელი ხასიათი იქ მოხვედრისთანავე იგრძობა.
გრემის მთავარანგელოზთა კომპლექსი
ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი შესანიშნავი ნიმუში - გრემის მთავარანგელოზთა კომპლექსი ყვარლის ტბის სასტუმროდან სულ რაღაც ნახევარი საათის გზაზეა, რომლის მონახულებასაც ერთი დღის განმავლობაში თავისუფლად შეძლებთ. მაღალ გორაკზე აგებული ტაძარი არა მხოლოდ მისი ისტორიული წარსულით, არამედ არქიტექტურული მრავალფეროვნებითაც გამორჩეულია. ცნობების თანახმად, XV საუკუნეში გრემი კახეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების ცენტრად მოიაზრებოდა, რომელიც ამ სტატუსს დღემდე ინარჩუნებს. ვფიქრობ, გრემის კომპლექსში სტუმრობა მუზეუმ-ნაკრძალში გამოფენილი ეთნოგრაფიული მასალისა და გათხრების შედეგად მოპოვებული არტეფაქტების დათვალიერების შემდეგ კიდევ უფრო საინტერესო გახდება.
ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი
ყვარელში მდებარე ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავ ძეგლს წარმოადგენს, სადაც ოჯახის მემორიალურ თუ პირად ნივთებსაც აღმოაჩენთ. საგვარეულო კოშკი, რომელიც სახლ-მუზეუმის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა, სეირნობისას ავთენტურობის განცდას იწვევს. ილიას პირადი ნივთები, მის მიერ დაარსებული ჟურნალები და გაზეთები, ილიას თხზულებების თემებზე ლადო გუდიაშვილისა და სხვა ხელოვანების მიერ შექმნილი ნამუშევრები საქართველოს მნიშვნელოვანი ისტორიის ნაწილად გაქცევთ. მიუხედავად იმისა, რომ სახლ-მუზეუმი ყვარლის ტბის სასტუმროდან ცოტა მოშორებითაა, მისი მონახულება ნამდვილად ღირს.
კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმი
ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი რეჟისორის, კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმი ყვარლის ტბის სასტუმროდან სულ რაღაც 10 წუთის გზაზე მდებარეობს, ამიტომ მისი მონახულება დღის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. XIX საუკუნის შუა წლებში სოლომონ ჭავჭავაძის მიერ აგებულ სახლში 300 ექსპონატია დაცული, რომელიც რამდენიმე განყოფილებას მოიცავს, მარჯანიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტენდს, რეჟისორის მემორიალურ ნივთებს, მისი ფილმისა და სპექტაკლების აუდიო- და ვიდეოჩანაწერებს. სახლ-მუზეუმი მისი ძველებური მარნით, ულამაზესი ბაღით, პირადი ნივთებით, ლადო გუდიაშვილისა თუ პეტრე ოცხელი ნამუშევრებითა და თეატრალური ცხოვრების ამსახველი ექსპონატებით სახელოვნებო და კულტურული ცხოვრების მონაწილედ და თანაზიარად გაქცევთ.
დოლოჭოპის ბაზილიკა
მდინარე დურუჯის მარჯვენა სანაპიროზე განლაგებული დოლოჭოპის, იგივე დურუჯისპირა ბაზილიკა ყვარლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლია, რომლის შესახებაც, სამწუხაროდ, არანაირი წერილობითი ცნობები არ არსებობს. თუმცა ჯერჯერობით უცნობი ისტორიის გამო ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლი კიდევ უფრო მიმზიდველი და საინტერესო ხდება. ყვარლის ტერიტორიის ჩრდილო-დასავლეთ კიდეში არსებული ბაზილიკა ყვარლის ტბის სასტუმროდან 15 წუთის გზაზეა, რაც მის მონახულებას კიდევ უფრო ამარტივებს.
ერთდღიანი ტურის შემდეგ სასიამოვნოდ დაღლილებს ყვარლის ტბის სასტუმროში მშვიდი ატმოსფერო, უგემრიელესი კერძები და ულამაზესი ხედი დაგხვდებათ, რაც წარუშლელი შთაბეჭდილებების გაზიარებისა და საინტერესო დღის საუკეთესო დასასრული გახდება.
დაწერე კომენტარი