ოსკარ ნიმეიერი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრაზილიელი მოდერნისტი არქიტექტორია. მისი ნამუშევრები სიმსუბუქით გამოირჩევა, მაგრამ ეს სულაც არ ხდის მათ მოსაწყენს. დღეს მსოფლიოში ნიმეიერის ხუთასზე მეტი ნამუშევარია. მათ შორის არის ნიტეროის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, რომელიც არქიტექტორმა 1996 წელს შექმნა და რომელზეც აღნიშნა, რომ ის მისი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პროექტი იყო.
რიო-დე-ჟანეიროს ეროვნული სახვითი ხელოვნების ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ნიმეიერმა მუშაობა ლუციო კოსტასთან ერთად გააგრძელა. ხოლო 1936 წელს მან განათლებისა და ჯანმრთელობის სამინისტროს შენობის პროექტზე დაიწყო მუშაობა, კოსტასთან და Le Corbusier-თან ერთად. მას შემდეგ, რაც Corbusier-მ ბრაზილია დატოვა, 29 წლის ნიმეიერი პროექტის მთავარ არქიტექტორად დანიშნეს.
ოსკარ ნიმეიერი არ ყოფილა დაინტერესებული თეორიებითა და კლიშეებით, მისი პოლიტიკური შეხედულებები არ აისახებოდა მის არქიტექტურულ ფორმებში. მისი მიზანი მარტივი იყო: მას სურდა სამყაროსთვის სილამაზე დაეტოვებინა.?
“ჩემი სამუშაო არ არის დაფუძნებული ფორმაზე, რომელიც მიჰყვება ფუნქციას, არამედ დაფუძნებულია ფორმაზე, რომელიც მიჰყვება სილამაზეს ან, უფრო უკეთ რომ ვთქვა, ფორაზე, რომელიც მიჰყვება ფემინურობას”. მისთვის ფორმა, რომელიც სილამაზეს ქმნიდა, იყო ყველაზე ფუნქციური და ფუნდამენტური არქიტექტურაში. არქიტექტურა მისთვის იყო გზა, რითაც გამოხატავდა საკუთარ იდეალებს, რომ შეექმნა მარტივი, თანასწორი სამყარო, რომ შეეხედა ადამიანებისთვის ოპტიმისტურად. მისი ეს მიდგომა და პროტესტი სწორ კუთხეებისა და რაციონალისტური არქიტექტურისადმი იმ გარემოდან წამოვიდა, რომელშიც ცხოვრობდა – ქვეყანაში, რომელიც ცნობილია ფერებით და ლამაზი ხედებით.
ცოტა არქიტექტორია, რომლის პორტფოლიოშიც ამდენი სხვადასხვა ტიპის ნამუშევარია ერთად თავმოყრილი. მისი ნამუშევრები დღესაც აქტუალური და საინტერესოა.
ნიტეროის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, გუანაბარას ყურეს თავზეა განთავსებული და რიო-დე-ჟანეიროს გადაჰყურებს.
ეს ინტუიციურად შექმნილი მონუმენტი თითქოს მიწიდან იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ნიტეროის ფორმას ხშირად ადარებენ მფრინავ თეფშს, არქიტექტორმა აღნიშნა, რომ მისი ფორმის ინსპირაცია იყო ყვავილი, რომელიც მიწიდან იზრდება.
სტრუქტურა სიმაღლეში 16 მეტრია და სკვერშია განთავსებული. იმისათვის, რომ შიგნით მოხვდეთ, უნდა გაიაროთ 98 მეტრის სიგრძის ხიდი, რომელიც წითელი ხალიჩით არის გაფორმებული.
მთავარ დარბაზში 400 კვადრატული მეტრის მასშტაბის სრულიად თავისუფალი საგამოფენო სივრცეა, რომელიც შემორტყმულია ფანჯრებით.
4-სართულიანი შენობის აშენებას 5 წელი დასჭირდა. პირველი სართულზეა – ადმინისტრაცია და მისაღები. მესამე სართულზე არის გამოფენის ცენტრალური დარბაზი, რომელიც გარშემორტყმულია შუშის მრგვალი აივნით და აქედან გუანაბარა ყურეს პანორამული ხედი იშლება. ბოლო სართულიც გამოფენებისთვისაა განკუთვნილი და მისი იატაკი მთლიანად ლურჯი ხალიჩით არის დაფარული.
გარედან მონუმენტი განათებულია 34 აირკრაფტით, რომლებიც მუზეუმის გარშემო არსებული წყლის ქვეშ არის განთავსებული.
დაწერე კომენტარი