ტერმინი “დრეგი” საპირისპირო სქესისათვის სახასიათო ტანსაცმლის ტარებას ნიშნავს. ის პირველად ბეჭდური სახით 1870-იან წლებში გამოჩნდა, თუმცა მისი წარმომავლობა ჯერ კიდევ უცნობია. გავრცელებული აზრით, დრეგი მეცხრამეტე საუკუნის თეატრში გამოყენებული სლენგია, რომელიც გრძელი კაბების იატაკზე თრევას აღწერს. შექსპირს ეს სიტყვა “ქალად ჩაცმულის” მნიშვნელობითაც აქვს გამოყენებული.

უნაკლო საბრინა ფოტოგრაფი: ზაქარი დრიუკერი, 2014



 

დრეგი სულაც არაა ახლად აღმოცენებული კულტურა, მის საწყისებს საშემსრულებლო ხელოვნებაში ვხვდებით ძვ.წ. 400 წელსაც. ცნობილია, რომ თეატრალური წარმოდგენები ძველი ბერძნული საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, თუმცა ქალებს ეკრძალებოდათ დადგმებში მონაწილეობა, რის გამოც მათ როლებს ზრდასრული მამაკაცები ასრულებდნენ. მამაკაცები ირგებდნენ ნიღბებს, რისი მეშვეობითაც სასურველ როლს განასახიერებდნენ. რიგ შემთხვევებში კი მსახიობები სახესა და სხეულსაც იღებავდნენ.

სილვია რივერა წინ მიუძღვის 1994 წლის გეი პრაიდს




დრეგ კულტურა სახასიათო მხოლოდ დასავლური საზოგადოებისათვის როდია, მას მეცხრამეტე საუკუნის ჩინურ ოპერაშიც ვხვდებით. ჩინეთში, სხვა ქვეყნების მსგავსად, ქალებს ეკრძალებოდათ სცენაზე გამოსვლა, მაგრამ ამ ფაქტს არ შეუშლია ხელი კაცებისათვის, რომლებიც თავად ასრულებდნენ ქალების როლს. ასეთი მსახიობები საზოგადოებაში დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ, ვინაიდან მათი საქმიანობა დიდ ნიჭსა და შრომას მოითხოვდა. მეი ლანფანგი ყველაზე ცნობილი “დენია” (კაცი, რომელიც ქალის როლს თამაშობს). მეი ჩინეთში დაიბადა და თანამედროვე პეკინის ოპერის საპატიო არტისტადაა აღიარებული, მას პეკინის ოპერის დედოფალსაც უწოდებენ.

მეი ლანფანგი პეკინის თეატრში




ვიქტორიანული ეპოქის დრეგ პერფორმანსის პოპულარული სახე  “ფრიკ შოუ”, ანუ “მახინჯების შოუ” გახლდათ. ის საოჯახო ღონისძიებად ითვლებოდა და ამ პერიოდში მას უფრო იუმორისტული დატვირთვა ჰქონდა. შოუზე, რომელზეც გენდერის ცნება ახლებურად წარმოჩინდებოდა, ძირითადად ტრანს ან ქვიარ ადამიანები წვერიან ქალებად ან ნახევრად ქალ, ნახევრად კაც პერსონაჟებად გვევლინებოდნენ. პოპულარობის მიუხედავად, შენობის გარეთ მყოფ კაცებს, რომლებსაც ქალის ტანსაცმელში პოულობდნენ, პროსტიტუციისა და ჰომოსექსუალობის ბრალდებით იჭერდნენ.

ლოლა, ფოტოგრაფი: ლინდა სიმსონი, 1994




1930-იანი წლების ნიუ-იორკში, მშრალი კანონის მოქმედების პერიოდში, ალკოჰოლის არალეგალური ბაზრები გაჩნდა, მათ შორის იყო  ბარი “ბრმა ღორი”, იგივე “ბრმა ვეფხვი”, სადაც ალკოჰოლი  ხელმისაწვდომი იყო. დრეგ შოუებმა სწორედ ამ ტიპის დაწესებულებებში, ანდერგრაუნდ კლუბებში გადაინაცვლეს, მიუხედავად იმისა, რომ კანონით იკრძალებოდა ნარკოტიკების მიღება, პროსტიტუცია, აზარტული თამაშები და ჰომოსექსუალური ურთიერთობები. ასეთ ადგილებში კრიმინალის დონე მაღალი იყო, თუმცა საკლუბო პლატფორმა ქვიარ თუ ტრანს ხელოვანთათვის მაინც უსაფრთხო სივრცეს წარმოადგენდა.

დივაინი, ფოტოგრაფი: გეიბორ სკოტი




1950-60-იან წლებში დრეგმა დიდი კულტურული ცვლილებები განიცადა, ადამიანები უფრო ღიად საუბრობდნენ საკუთარ ორიენტაციაზე. ამის პარალელურად მეინსტრიმ მედიამ ანტი-გეი პროპაგანდა წამოიწყო. აშშ-ში მიიღეს კანონები ჩაცმულობასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი კანონის მიხედვით, ადამიანი იძულებული იყო საკუთარი სქესისათვის შესაბამისი სულ მცირე სამი რამ სცმოდა. ამ პერიოდში პოლიციელები ადამიანებს ქუჩებში აჩერებდნენ და ქვიარ ბარებში დრეგ პერფორმერებს იჭერდნენ. ცნობილი სტოუნვოლის მასობრივი აჯანყებები სწორედ ერთი ჩვეულებრივი პოლიციის რეიდით დაიწყო, რომელიც გრინვიჩში მოხდა. ეს აჯანყებები ლგბტქი უფლებების დაცვის პირველ ნაბიჯებად ითვლება, რომელსაც აფროამერიკელი და ლათინოამერიკელი ტრანს ქალები – მარშა პი ჯონსონი და სილვია რივერა უძღოდნენ წინ.

მარშა პი ჯონსონი. ფოტოგრაფი: ენდი უორჰოლი




დრეგ  ქუინებისთვის 80-იან წლებში ბევრი რამ შეიცვალა. მათ აღარ უწევდათ დამალვა, რადგან დრეგი თანდათან კულტურისა და ხელოვნების ნაწილი ხდებოდა. 1984 წელს ლედი ბანიმ სპონტანურად შექმნა Wigstock Festival, რომლის სახელწოდებაც “Woodstock-ის” მუსიკალური ფესტივალიდან მომდინარეობდა. Wigstock-ში მონაწილე დრეგ ქუინები  მაყურებლის თავშესაქცევად მართავდნენ შოუებს, კომედიურ სკეტჩებსა და სხვადასხვა სახის პერფორმანსებს. ამ ღონისძიებამ თავის მხრივ დიდი გავლენა იქონია დრეგ კულტურაზე.1995 წელს გამოვიდა დოკუმენტური ფილმი Wigstock, რომელმაც საზოგადოებაში დიდი პოპულარობა მოიპოვა. უკვე 2018 წელს კი ლედი ბანიმ ნილ პატრიკ-ჰარისთან ერთად ძველი ფესტივალი განაახლა.

პირველი Wigstock  ფესტივალი, ნიუ-იორკი, 1984



ლედი ბანი Wigstock-ზე 2018 წელს, ფოტოგრაფი: ქეროლაინ ჰომფკინსი


90-იანი წლების ნიუ-იორკში განვითარებულმა ანდერგრაუნდ კულტურამ დიდი გავლენა იქონია ხელოვნებასა და მოდაზე. მათ შორის ნიუ-იორკის კლუბებში მოღვაწე ახალგაზრდების დაჯგუფებამ – “ქლაბ ქიდსმა”, რომელიც  ცნობილი იყო გიჟური ჩაცმულობით, შესამჩნევი გარეგნობითა თუ ქცევებით.

რუპოლი, ნიუ-იორკი 1980. ფოტოგრაფი: სტივ აიქნერი




დრეგ კულტურა მალევე გამოჩნდა ფილმებშიც. პირველი დრეგ ფილმი “ვიქტორი და ვიქტორია” (1933) გერმანელ რეჟისორს, რეინოლდ შუნცელს ეკუთვნის. 1959 წელს კი ბილი უაილდერმა გადაიღო 50-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი – “ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან”.  დრეგ კულტურაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ჯონ ვოთერსის “ვარდისფერი ფლამინგოები”, რომელშიც მთავარ როლს რეჟისორის მუზა, ნამდვილი დრეგ ქუინი დივაინი ასრულებს. ასევე აღსანიშნავია, რომ დივაინის მიხედვითაა შექმნილი “პატარა ქალთევზას” პერსონაჟი – ურსულა.

დივაინი, ფილმი: “ვარდისფერი ფლამინგოები”, რეჟისორი: ჯონ ვოთერსი




ჯენი ლივინგსტონის დოკუმენტური ფილმი – “პარიზი იწვის” – ალბათ, ყველაზე გამორჩეულია დრეგ კულტურაში. ფილმი გვიყვება ნიუიორკელ, ლათინოამერიკელ, აფროამერიკელ დრეგ ქუინების ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. ლივინგსტონის ნამუშევარი ეხება ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა რასიზმი, ჰომოფობია, კლასთა უთანასწორობა, გენდერი და სხვ. აღსანიშნავია, რომ ფილმის მეშვეობით ცეკვა vouging-მა მეინსტრიმ კულტურაში პოვა განვითარება. მასში ვეცნობით voguing-ის სულის ჩამდგმელს, უილიამ ნინჯას, რომელმაც დრეგ კულტურის სავიზიტო ცეკვის შთაგონება ჟურნალი Vogue-ს გარეკანზე გამოსახული მოდელების პოზებიდან მიიღო. საკულტო ცეკვა მოგვიანებით გამოჩნდა მადონას მუსკალურ ვიდეოში – Vogue.

ფილმი “პარიზი იწვის”, რეჟისორი: ჯენი ლივინგსტონი




90-იანებში დრეგ ქუინებმა ადგილი დაიკავეს პოპკულტურაში. ისინი (მაგალითად: მისანდერსთუდი, დეიმ ედნა ევერეჯი…) ჩნდებოდნენ ტელევიზიებში, ფილმებსა თუ თეატრებში. თუმცა, მეტწილად, დრეგის პოპულარობა ყველაზე ცნობილი და გავლენიანი დრეგ ქუინის, რუპოლის დამსახურებაა, რომელმაც შექმნა სატელევიზიო შოუ RuPaul’s Drag Race.

დეიმ ედნა ევერეჯი, 1970



ლინდა ევანგელისტა და რუპოლი



რუპოლი, ფრენცის კობეინი, კურტ კობეინი. ფოტოგრაფი: ჯეფ კრავიცი




RuPaul’s Drag Race მოქმედი ამერიკული რეალითი შოუა, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და უამრავი ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის – ორი Emmy. შოუში დრეგ ქუინები ერთმანეთს ეჯიბრებიან “ამერიკის დრეგ სუპერვარსკვლავის” ტიტულის მოსაპოვებლად. RuPaul’s Drag Race ამერიკულ ტელევიზიაში ერთ-ერთი ყველაზე სახალისო და გასართობი რეალითი შოუა, რომელიც აგრეთვე ახერხებს მაყურებლის სხვადასხვა მნიშვნელოვან პრობლემაზე დაფიქრებას.

RuPaul’s Drag Race All Stars 4




RuPaul’s Drag Race თვალსაჩინოდ წარმოაჩენს თანამედროვე დრეგ კულტურას. შოუში გართობა და ხელოვნება მაქსიმალურად ერწყმის ერთმანეთს, რაც საბოლოოდ თვალწარმტაც სანახაობას გვპირდება, რომელიც დღითი დღე იხვეწება და ვითარდება.

აქუარია, ფოტოგრაფი: მატეუს პორტო




მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ლგბტქი თემის წარმომადგენელთა უფლელები ხშირად უხეშად ირღვევა, აღსანიშნავია ახალი სივრცეებისა და საკლუბო სცენების განვითარება, რომლებიც მათი უფლებების დაცვასა და უსაფრთხო გარემოს შექმნაში მონაწილეობენ. Success Bar ერთ-ერთი პირველი ბარია, რომელიც ლგბტქი თემს ღიად უცხადებს მხარდაჭერას და საკუთარ სივრცეში დრეგ შოუებსაც მართავს. ცნობილია ქვიარ საღამოების სერია Horoom Nights, რომელსაც კლუბი BASSIANI უკვე მესამე წელია მასპინძლობს. აგრეთვე 30 მარტს კლუბში KHIDI ქვიარ ღამეების სერიის – KiKi-ის ერთი წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებას კლუბის სამი სივრცე დაეთმო, ამავე ღამეს KHIDI-ის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში მოეწყო სამი გაერთიანებული გამოფენა. ქვიარ კულტურის ისტორიული მემკვიდრეობის განვითარებას ემსახურება ვეგეტარიანული კაფე-ბარი BALLROOM, რომელიც ერთი თვეა, რაც ფუნქციონირებს და შემოსული თანხით საქართველოში ქვიარ ადამიანებისთვის თავშესაფრის გახსნას გეგმავს.