ნიუ-იორკში მდებარე სასტუმრო “ჩელსი”, რომელიც წლების განმავლობაში ამერიკელი პოეტების, ხელოვანებისა და მუსიკოსების მთავარი "თავშესაფარი" იყო, დღემდე სწორედ ამ მიზეზის გამო ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და საკულტო სასტუმროების რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც არა მხოლოდ ამერიკული პოპ-კულტურის განვითარების მოწმე, არამედ თაობის ყველაზე შთამაგონებელი და ლეგენდარული ისტორიების მომსწრეც ყოფილა.
1884 წელს არქიტექტორ ფილიპ ჰუბერტის მიერ აშენებული ნაგებობა ერთ დროს ნიუ-იორკის ვიქტორიანული გოთიკის სტილის ყველაზე მაღალ შენობას წარმოადგენდა, წითელი აგურით აშენებული და ელეგანტური აივნებით დამშვენებული "ჩელსი" 1905 წელს სასტუმროდ გადაკეთდა, ამ პერიოდიდან ის ხელოვანებისა და ხელოვნების მოყვარულებისთვის საყვარელ სავიზიტო ადგილს წარმოადგენდა. მისი ერთ-ერთი პირველი სტუმარი მწერალი მარკ ტვენი იყო, აქ ხშირად შეხვდებოდით ტომას ვულფსა და შერვუდ ანდერსონსაც, გავრცელდა ჭორი, რომ ჯეკ კერუაკმა თავისი ცნობილი რომანი "გზაზე" სწორედ სასტუმრო "ჩელსიში" დაწერა, ცნობილია ისიც, რომ კერუაკმა აქ მწერალი გორ ვიდალი მაშინ გაიცნო, როცა გვერდით ოთახში მის მეგობარ უილიამ ბეროუზს მისთვის არ ეცალა, რადგან "შიშველ საუზმეს" წერდა. 1952 წელს სასტუმრო “ჩელსის” 205 ნომერში 18 ჭიქა ვისკის დალევის შემდეგ პოეტი დილან ტომასი გარდაცვლილი იპოვეს, ამ სასტუმროს 211-ე ნომერში დაწერა ბობ დილანმა თავისი ცნობილი ალბომი Blond on Blonde და აქვე გაიცნო მისი მომავალი მეუღლე სარა...
Chelsea Hotel N2 დაარქვა და აქ შეხვედრილ მისტიკურ ქალს, ჯენის ჯოპლინს მიუძღვნა თავისი სიმღერა ლეონარდ კოენმა. მერლინ მონროსთან დაშორების შემდეგ, ექვსი წელი გაატარა არტურ მილერმა 614-ე ნომერში, მის მიერ დაწერილი After the Fall და The Chelsea Affect სწორედ ამ პერიოდის ამსახველი ჩანაწერებია.
სასტუმროს ყველაზე ექსტრავაგანტური ნომერი ძლივს გადაურჩა ხანძარს, რომელიც ენდი უორჰოლის მუზამ ედი სეგვიკმა იმ დროს გააჩინა, როცა რობერტ მაპელტროპი პატი სმიტთან ერთად ყველაზე იაფფასიან ნომერს ქირაობდა, ამ უკანასკნელმა ფოტოგრაფ სენდი დალეისგან ნათხოვარი პოლაროიდით პირველი ფოტო აქ, სასტუმრო "ჩელსიში" გადაიღო და მას შემდეგ პოლაროიდის კამერა ხელიდან არ გაუშვია.
ამ ლეგენდარული ისტორიების მიღმა სასტუმრო "ჩელსის" შენობაში და მისი შთაგონებით არანაკლებ ლეგენდარული და მნიშვნელოვანი ხელოვნების ნიმუშები შექმნილა. აქ გადაიღო ენდი უორჰოლმა პოლ მორისეისთან ერთად ფილმი Chelsea Girls, რომელიც სასტუმროში მცხოვრები რამდენიმე ქალის ისტორიას მოგვითხრობს. "ჩელსიში" დაწერა არტურ კლარკმა რომანი “2001: კოსმოსური ოდისეა”, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოები, რომელიც შემდგომ სტენლი კუბრიკმა ფილმის სახით გააცოცხლა.
ეს და სხვა ბევრი სხვა ამბავი, რომლებიც მეოცე საუკუნის ამერიკული კულტურის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლებს უკავშირდება, დაარსების დღიდან სასტუმრო "ჩელსის" ისტორიის თანამდევია და შეიძლება ითქვას, რომ ოცდამეერთე საუკუნეშიც ასე გრძელდებოდა, სანამ 2011 წელს სასტუმრო დროებით არ დაიხურა. ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც ღამის გათევის სანაცვლოდ იყო დატოვებული, სასტუმროს ინტერიერიდან მის საცავში გადაიტანეს, სასტუმროს სხვადასხვა ნივთები, მათ შორის კარი შემთხვევით აუქციონზეც კი მოხვდა. სასტუმროს ისტორიული მემკვიდრეობის სამუდამოდ დაკარგვის საფრთხე მაშინ გაქრა, როცა რესტავრაციის შემდეგ, 2019 წლის აპრილში, ის თავიდან გაიხსნა.
დაწერე კომენტარი