25 თებერვალს 64 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Talk Talk-ის ფრონტმენი და დამაარსებელი მარკ ჰოლისი.

იმის თქმაც კი არ შემიძლია, თუ რამდენად დიდი გავლენა მოახდინა მარკმა ჩემზე და როგორ შეცვალა ჩემი წარმოდგენები ხელოვნებასა და მუსიკაზე. მადლობელი ვარ იმ დროის, რომელიც მასთან გავატარე და იმ სილამაზისთვის, რაც მან გაგვიზიარა,“ – წერს მარკის მენეჯერი კიტ ასპდენი.


მარკ ჰოლისს მრავალმა მუსიკოსმა მიაგო პატივი, რომლებმაც სოციალური ქსელების მეშვეობით გამოხატეს მწუხარება.

მარკ ჰოლისის მუსიკალური კარიერა დაიწყო მისი უფროსი ძმის, ედ ჰოლისის დახმარებით, რომელიც DJ და პროდიუსერი იყო. 1977 წელს მარკმა შექმნა პირველი პანკ ჯგუფი The Reaction, რომლის არსებობის განმავლობაში მუსიკოსებმა სულ ორი სინგლის ჩაწერა მოახერხეს. 1979 წელს ბენდი დაიშალა, რის შემდეგაც, 1981 წელს, ისევ ედის მეშვეობით, მან გაიცნო პოლ ვები, ლი ჰარისი და საიმონ ბრენერი და მათთან ერთად ჩამოაყალიბა ჯგუფი Talk Talk.


Talk Talk დასაწყისში ტიპური 80-იანების სინთპოპ ჯგუფი იყო, რომელსაც ხშირად ბრიტანულ ჯგუფ Duran Duran- ადარებდნენ. ჯგუფის პირველი ალბომი გამოვიდა 1982 წელს, სახელწოდებით The Party’s Over. მიუხედავად იმისა, რომ ალბომს თავდაპირველად არ ხვდა დიდი წარმატება, ორი სინგლი (Talk Talk, Today) მაინც მოხვდა ბრიტანულ ჩარტებში.

ჯგუფმა საერთაშორისო წარმატებას მიაღწია მეორე ალბომით It’s My Life, რომელიც 1984 წელს გამოვიდა. დიდი პოპულარობა მოიპოვა სინგლებმა – It’s My Life და Such a Shame. ამ პერიოდში უკვე შესამჩნევია მუსიკოსების გაზრდილი არტისტული ამბიციები, ჯგუფი გახდა უფრო მეტად თავისუფალი და მოქნილი.


ამას დაერთო საიმონ ბრენერის წასვლა, რომლის მაგივრადაც ტიმ ფრის-გრინი შემოუერთდა ჯგუფს. მიუხედავად იმისა, რომ ის არასდროს ითვლებოდა Talk Talk-ის ოფიციალურ წევრად, ტიმი, ჯგუფის დაშლამდე, მარკ ჰოლისის მთავარი შემოქმედებითი პარტნიორი გახდა.

შემდეგ იყო 1986 წელს გამოსული ალბომი  The Colour of Spring, რომელმაც ჯგუფს მისი არსებობის განმავლობაში უდიდესი კომერციული წარმატება მოუპოვა. მესამე ალბომი უკვე მიანიშნებს მათი სტილის ცვლილებას. სინთპოპი ექსპერიმენტულმა მეთოდებმა ჩაანაცვლა. გახდა უფრო მეტად კომპლექსური და მრავალმხრივი. ნაკლებად სტრუქტურული კომპოზიციები ერთდროულად  მარტივიცაა და ჩახლართულიც.


თუ The Colour of Spring გარკვეულწილად მათი ახალი და ძველი მუსიკალური სტილის ნაზავია, 1988 წელს გამოსული შემდეგი ალბომი Spirit of Eden უკვე სრულად ახალ, რადიკალურად განსხვავებულ მიდგომებს გვთავაზობს, სადაც ერთმანეთს ერწყმის კლასიკური მუსიკა, ემბიენთი და ჯაზი. პირველ ალბომებს თუ შევადარებთ, შეიძლება ეჭვიც კი გაგვიჩნდეს, არის თუ არა ეს ერთი და იმავე ჯგუფის შემოქმედება.

Spirit of Eden მიიჩნევა, როგორც პიონერული პოსტ-როკ ალბომი, თუმცა რთულია კონკრეტულ მიმართულებაში მოქცევა, მისი ეკლექტურობიდან გამომდინარე, რომელშიც ატმოსფეროსა და განწყობის შექმნა კრიტიკულ როლს თამაშობს. თუ ჯგუფის ასეთი განვითარება მუსიკალურ სამყაროში აღიქმებოდა, როგორც უპრეცედენტო გარღვევად და საოცარ მიღწევად, მეორე მხრივ, სტილის შეცვლამ ჯგუფის კომერციულ წარმატებაზე უარყოფითად იმოქმედა, რომელსაც მოჰყვა EMI ლეიბლისა და ჯგუფის დაშორება.


Talk Talk-ის 1991 წელს გამოსული ალბომი Laughing Stock  ბოლო აღმოჩნდა. საბოლოო რელიზში სრულად იგრძნობა მარკის სიყვარული ჯაზისა და მე-20 საუკუნის კლასიკური მუსიკის მიმართ, რომელმაც ჯგუფი უფრო მეტად ექსპერიმენტული გახადა. შესამჩნევად თავისუფალი და აბსტრაქტულია ფორმა, ყოველი სიმღერა დელიკატურადაა კონსტრუირებული, სადაც თითოეული ნოტი და სიჩუმის ყველა მომენტიც კი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.


1991 წელს ჯგუფი დაიშალა. შემდეგ იყოარაფერი. არც განმარტება და არც მიზეზი. მარკმა  ყურადღება მთლიანად ოჯახს დაუთმო. ის მხოლოდ 1998 წელს დაბრუნდა სოლო ალბომით Mark Hollis, რომელშიც ძირითადად აკუსტიკური ინსტრუმენტებია გამოყენებული, არის უკიდურესად მინიმალისტური, სადაც დიდი ადგილი უკავია ფოლკს, ჯაზსა და კლასიკურ მუსიკას. როგორც ჯგუფის წინა ალბომში, აქაც მთავარი დატვირთვა სიჩუმის მიმართაა, რომელიც მუსიკალური ინსტრუმენტების მსგავსად მნიშვნელოვანია.

ამის შემდეგ მარკი ისევ გაქრა მუსიკიდან, აღარც დაბრუნებულა, თუმცა მისი მუსიკა სამუდამოდ დარჩა.