Hammock Magazine გაგაცნობთ კოკა რამიშვილის “ცუდი და არასწორი სიტყვების კოლექციის” მთავარ კონცეფციასა და შექმნის ისტორიას .

თბილისში დაბადებული ხელოვანი, რომელიც დღემდე ერთდროულად ბევრ სხვადასხვა მედიუმში მუშაობს, სამხატვრო აკადემიაში ინდუსტრიული დიზაინის, არქიტექტურისა და კინემატოგრაფიის მიმართულებით სწავლობდა. 1994 წელს კოკა რამიშვილი თბილისის თანამედროვე  ხელოვნების ცენტრის თანადამფუძნებელი და სახელოვნებო ჟურნალ "სიგნალის" დამაარსებელი იყო.


1990-იანი წლებიდან ბერლინში, მიუნხენში, გლაზგოსა და ბრისტოლში არაერთი ჯგუფური და სოლო გამოფენის მონაწილე ყოფილა, ამ პერიოდში მან ბაუჰაუსის და შტუტგარტის Akademie Schloss Solitude-ის ჯილდო მიიღო ვიდეოინსტალაციისთვის  – “სიგნალი". 2000 წელს საცხოვრებლად ჟენევაში გადავიდა. ამ პერიოდიდან მისი ნამუშევრები მსოფლიოს ისეთ კულტურულ ცენტრებში იფინებოდა, როგორებიცაა - ლონდონის Tate Modern, ამსტერდამის Cobra Museum, ჟენევის Mamco და სხვა. 2009 წელს  კოკა რამიშვილმა ვენეციის 53-ე სახელოვნებო ბიენალეში მიიღო მონაწილეობა, სადაც საქართველოს პავილიონი ვიდეო ინსტლაციით Black Sea წარმოადგინა.


1988-89  წლებში ხელოვანის შემოქმედებაში კონტრაპუნქტის მეთოდი ჩნდება, იქ, სადაც ორი ერთმანეთის საპირისპირო ინფორმაციული შრე ერთმანეთის საპირისპირო ინფორმაციული შრე ერთმანეთს ხვდება და ერთ სიბრტყეში არსებობით სტრუქტურულ და ცხოვრებისეულ დრამატურგიას ქმნის. სწორედ ამ ცხოვრებისეული დრამატურგიის საუკეთესო მანიფესტაციაა მის მიერ 1994 წელს შექმნილი "ცუდი და არასწორი სიტყვების კოლექცია", რომელშიც კოკა რამიშვილმა ოთხი ნეგატიური შინაარსის სიტყვა: "ეგო", "კორუფცია", "კრიმინალი" და "მორფი" აბრეშუმისა და ოქროს ძვირფასი ძაფებითა და ტრადიციული სამონაზვნო ქარგვის ტექნიკით, მაღალი დონის ოსტატის ხელით შეასრულა.



"ცუდი" სიტყვების ბრუტალური შინაარსი და მე-15-16 საუკუნეების რელიგიური წიგნების დამწერლობის ესთეტიკური სილამაზე ერთად სიტყვების "არასწორ" სერიას ქმნის, რომლის გასაღებსაც კოკა რამიშვილი ამ სერიის ერთ-ერთ მთავარ სიტყვაში - "ეგოში" ხედავს.

"ეგო არის ის,  რაც საშუალებას გაძლევს მიაგნო გზას და იპოვო შენი საკუთარი თავი, მეორე მხრივ, ეგომ შეიძლება დაგღუპოს კიდეც, მაგრამ ადამიანი რომ ადამიანი გახდე, ალბათ საჭიროა, რომ ცოტა ეგო მაინც ჰქონდეს. მის გარეშე ადამიანი არ არსებობს, მასში არის კარგიც და ცუდიც, სიკეთეც და ბოროტებაც და ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ ეს სიტყვა მთელი სერიის გასაღებია, სადაც ერთმანეთის საპირისპირო შინაარსი და ესთეტიკური სილამაზე კონტრაპუნქტს ქმნის".