პანკ არტისა და ნეოექსპრესიონიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი, კარიბული ტემპერამენტის მქონე ჟან-მიშელ ბასკია, ამერიკელი მხატვარია, რომელმაც აფრო-ამერიკული და ლათინური გამოცდილება ელიტარულ სახელოვნებო სცენას გააცნო და გაუზიარა. ნიუ-იორკის 1980-იანი წლების ქუჩები, ვუდუს კულტურა, ქრისტიანული მითოლოგია, რომაული და ანტიკური საბერძნეთის გმირები ბასკიას შემოქმედებისთვის დამახასიათებელი ელემენტებია, რაც მხატვარს განუმეორებელს ხდის. 



ბრუკლინში გაზრდილ ბასკიას არასდროს მიუღია ფორმალური სამხატვრო განათლება, მის არტისტად ჩამოყალიბებაზე ბავშვობიდანვე დედა ზრუნავდა, რომელსაც იგი ნიუ-იორკის სხვადასხვა მუზეუმებში დაჰყავდა. Brooklyn Museum-ის ყველაზე პატარა წევრმა, რომელიც ხატვის გამოცდებზე იჭრებოდა, ბევრი რამე სამყაროს, გარემოსა და საგნებზე დაკვირვებით აითვისა. მოგვიანებით ბასკია მის მეგობარ  გრაფიტი არტისტთან და მუსიკოსთან, ფრედ ბრაითვაიდთან ერთად “Museum Club”-ის ჩამოყალიბების შემდეგ ქალაქის სხვადასხვა მუზეუმებში თავს სტუდენტად ასაღებდა, ათვალიერებდა ნამუშევრებს და შთაგონებული ჩანახატებს ქმნიდა. არტისტისთვის კარავაჯოს, ჯექსონ პოლოკის, როტკოს და სხვა აბსტრაქტული ექსპრესიონისტების ნამუშევრები განსაკუთრებით საინტერესო იყო, რომელთა ტექნიკასა და კომპოზიციებსაც აკვირდებოდა. 



ბასკიას პირველი საჯარო ნამუშევარი მის მეგობარ ალ დიასთან შემოქმედებითი ალიანსის - SAMO-ს (Same Old Shit) დაფუძნების შემდეგ გამოჩნდა, რამაც ნიუ-იორკის ქუჩები მოიცვა. კედლებზე, მეტროში წერდნენ და ავრცელებდნენ პოეტურ გზავნილებს, რომლებიც კაპიტალიზმს, ნეპოტიზმსა და იმ თემებს ეხმაურებოდა, რაც ხელოვნებაში ძალაუფლების მოპოვების გარანტია. “იმ მომენტში მინდოდა გალერეებსა და იქ გამოფენილ ნამუშევრებზე მიმეტანა იერიში… მაშინ, როდესაც მე ვიწყებდი, ხელოვნებაში კონცეპტუალიზმი და მინიმალიზმი დომინირებდა, რაც ჩემთვისაც და ალბათ საზოგადოებისთვისაც დამაბნეველი იყო. თითქოს ამ მიმართულებამ ხალხი და ხელოვნება ერთმანეთს დააშორა და უცხოები გახადა”. 




სანამ ბასკია მხატვრობას შეუდგებოდა, იგი ვინსენტ გალოსთან და სხვა მეგობრებთან ერთად მუსიკალურ ბენდს, “Gray”-ს აყალიბებს, რომლის პერფორმანსებიც მანჰეტენის სხვადასხვა კლუბებში იმართებოდა. ბასკიას საერთაშორისო კარიერა 1980 წლის Time Square Show-ში მონაწილეობასა და ხელოვნების კრიტიკოსის, რენე რიჩარდის ჟურნალ “არტფორუმში” გამოქვეყნებულ სტატიას სახელწოდებით “გაბრწყინებულ ბავშვს” უკავშირდება. 1982 წლისთვის მისი ნამუშევრები რეგულარულად იფინებოდა ხელოვან ჟულიან შნაბელთან და სხვა არტისტებთან ერთად. სწორედ ამ დროს მონათლეს ბასკია კრიტიკოსებმა და კურატორებმა ნეოესქპრესიონისტად.
გალერისტ ანინა ნოსეის სტუდიაში დასახლებისა და იქ მუშაობის პერიოდში ბასკიამ მისი კუმირი ენდი უორჰოლი გაიცნო, რომელთან ერთადაც მოგვიანებით უამრავი ნამუშევარი შექმნა.


ბასკია უორჰოლს 1979 წლიდან “აედევნა”, როდესაც საფოსტო ბარათების გაყიდვა Soho-ში დაიწყო. ერთ დღესაც კი უორჰოლმა, რომელიც ხელოვნების კრიტიკოს ჰენრი გელდაზლერთან ერთად ნიუ-იორკის რომელიღაც რესტორანში იმყოფებოდა, ბასკიას საფოსტო ბარათი 1$-ად შეიძინა. სულ მალე ისინი ერთმანეთს ბასკიას გალერისტის, ბრუნო ბიშოფბერგერის წყალობით პროფესიონალურად გაეცნენ, თუმცა მათი ურთიერთობა ხელოვნების საზღვრებს გასცდა და კარგ მეგობრობაში გადაიზარდა. 1985 წელს ორი ფენომენალური არტისტის გამოფენა “Warhol/Basquiat Paintings” Soho-ში, Tony Shafrazi Gallery-ში გაიმართა, რომელსაც კრიტიკოსებისგან ძირითადად ნეგატიური შეფასება მოჰყვა. თუმცა ამავე წელს New York Times Magazine-მა ბასკია 1980-იანი წლების ყველაზე ახალგაზრდა და საინტერესო არტისტად მოიხსენია. 



ბასკიას შემოქმედებით ხელოვნებამ ერთგვარი რევოლუციაც კი განიცადა. მისი კარიერის დასაწყისში ხელოვნებაში მინიმალიზმი მეფობდა, მაგრამ მისმა პრიმიტიულმა და ნეოექსპრესიონისტულმა სტილმა ხელოვნებას ახალი სიცოცხლე შესძინა, რამაც ხელოვნების მიმართ დამოკიდებულებები და აღქმა 180 გრადუსით შეცვალა. ბასკიას შემოქმედებას მისი საყვარელი ანიმაციები და ბავშვური ბუნების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებაც განსაზღვრავს. ხოლო გვირგვინი, რომელიც ასე ხშირად გვხვდება მის ნამუშევრებში, მისი გმირების: შავკანიანი სპორტსმენების, მწერლების, მუსიკოსების და თავად არტისტის დიდებულებაზე მიანიშნებს. იგი ყოველთვის მოხიბლული იყო აფრო-ამერიკული ისტორიით, რომლის იდეებსაც თავის შემოქმედებაში რასიზმთან ბრძოლასთან კომბინაციაში 70-80-იანი წლების ამერიკულ კონტექსტში გამოხატავდა. მისი შემოქმედება დატვირთულია სიმბოლიზმით, სხვადასხვა გზავნილებითა და სლოგანებით, რომლითაც საკუთარ სათქმელს გამოხატავდა. 


ბასკია დიდების ზენიტში გარდაიცვალა. რამდენიმე წლის განმავლობაში მისი გამოფენები ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკში, ბერლინსა და პარიზში რეგულარულად იმართებოდა, ხოლო  მის მიერ ოდესღაც სახატავ მასალად გამოყენებული ნივთები - მაცივრები, სკამები, ხის ყუთები, ტანსაცმლის საკიდები არტისტის სიცოცხლეშივე მილიონებად იყიდებოდა. თუმცა არტისტი დამოკიდებული იყო ისეთ მძიმე ნარკოტიკზე, როგორიცაა ჰეროინი, რამაც იგი 27 წლის ასაკში იმსხვერპლა. მისი გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა რეჟისორ ჟულიან შნაბელის ბილმი “ბასკია”, სადაც არტისტის პერსონალური თუ კარიერული პრობლემები და გზა შთამბეჭდავად არის ასახული. არტისტს, რომელიც დღემდე უამრავი ხელოვანის შთაგონების წყაროა, გარდაცვალების შემდეგაც არ დაუკარგავს პოპულარობა, პირიქით, მისი 1981 წლის უსახელო ნამუშევარი 2007 წელს 14,6 მილიონ დოლარადაც კი გაიყიდა. 

 

“ხატვისას  არა ხელოვნებაზე, არამედ ცხოვრებაზე ვფიქრობ”.