ერთადერთი ნამდვილი რამ ამ სამყაროში უმიზეზო სიყვარულია. თუკი ერთი წინადადებით დავახასიათებთ ქსავიე დოლანის შემოქმედებას, ალბათ ისევ ალფრედ დე მიუსეს ამ სიტყვებით, რომლითაც დოლანის 2010 წელს გადაღებული ფილმი Les Amours imaginaires იწყება. უმიზეზო სიყვარული სოციალური წნეხისა და სტერეოტიპების მიუხედავად, უმიზეზო სიყვარული გენდერული იდენტობის გაუთვალისწინებლად და, რა თქმა უნდა, უმიზეზო სიყვარული დედის მიმართ ისაა, რამაც კანადელი რეჟისორის ხელწერა - სადებიუტო ფილმიდან დაწყებული, „მატიასი და მაქსიმით“ დამთავრებული - თითქმის ყველა ფილმში გააერთიანა.
ყველაფერი 2009 წელს, 20 წლის ასაკში დაიწყო, მაშინ როცა მისმა პირველმა ფილმმა – I killed My mother კანის კინოფესტივალზე საერთაშორისო აუდიტორიის ყურადღება მიიპყრო და რეჟისორს პირველი ჯილდო მოუპოვა. კიდევ უფრო ზუსტად თუ ვიტყვი, არა 20-ის, არამედ 16 წლის ასაკში, მაშინ როცა ჯერ კიდევ ბავშვმა თავისი პირველი ფილმისთვის სცენარი დაწერა. ალბათ ამიტომაც გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ 16 წლის ბავშვის მიერ დაწერილი სცენარი სწორედ 16 წლის გმირის – ჰუბერტის შესახებ იქნებოდა, რომელსაც ფილმში თავად ქსავიე დოლანი განასახიერებს. ფილმი ჰუბერტის შავ-თეთრი მონოლოგით იწყება, გვიყვება, როგორ უყვარს და ამავდროულად სძულს საკუთარი დედა, რომელთანაც ბავშვობაში მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად ყველაფერი შეიცვალა, თანაც ისე, რომ ახლა მისი ყველაზე უმნიშვნელო ქცევაც კი შვილზე ძალიან გამაღიზიანებლად მოქმედებს. მთელი ფილმის განმავლობაში ვხედავთ, ალბათ ყველაზე უფრო მეტად დაკავშირებული ადამიანები რამდენად უცხო არიან ერთმანეთისთვის. ამ გაუცხოების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ჰუბერტის სექსუალური ორიენტაციაა, რასაც დედას არ უმხელს, თუმცა ის ამ ამბავს მისთვის სრულიად უცხო ადამიანისგან შემთხვევით მაინც იგებს. მაშინ როცა დედა-შვილის ურთიერთობა დაძაბულობის პიკს აღწევს, მშობლების ერთობლივი გადაწყვეტილებით და მისი ნების საწინააღმდეგოდ, ჰუბერტი კათოლიკურ სკოლა-პანსიონში, საკუთარი ქალაქიდან შორს აგრძელებს ცხოვრებას.
ფილმი ავტობიოგრაფიულია, ეს ისტორია კი ძალიან ჰგავს გასულ წელს ქსავიე დოლანის მიერ საკუთარ ინსტაგრამზე ლგბტქ თემისადმი მიძღვნილ გულწრფელ წერილს:
„თერთმეტი წლის რომ ვიყავი, სკოლა-პანსიონში გამაგზავნეს, იქ ყველასთან არ ვმეგობრობდი, თუმცა ვინ მეგობრობს ყოველთვის ყველასთან, ვისთანაც ვმეგობრობდი, მათთან არაჩვეულებრივი მოგონებები მაკავშირებს. ასეთ გარემოში დავასრულე დაწყებითი სკოლა. მომდევნო საფეხური სრულიად განსხვავებული იყო, მანამდე არასდროს მიგრძნია ამხელა ბოროტება - ადამიანები სცემდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ ერთმანეთს, მათ შორის მეც ვიყავი... თავიდანვე ცხადი იყო, რომ სხვა ბიჭებისნაირი არ ვიყავი, ზოგიერთი მათგანი იმაზე უფრო მეტად მიყვარდა, ვიდრე შეიძლება მეგობარი გიყვარდეს, ნათელი იყო ისიც, რომ არ მინდოდა გეი ვყოფილიყავი, არ შეიძლებოდა, რომ გეი ვყოფილიყავი, ყოველ შემთხვევაში - არა იქ და არა მაშინ. მივხვდი, რომ იმ ჯუნგლებში როგორმე საკუთარი თავი უნდა გადამერჩინა და მეც სხვა ადამიანების ჩაგვრა დავიწყე, მათი, ვინც ჩემსავით სხვებს ჩაგრავდა. 14 წლის ვიყავი, როცა დედაჩემი დავარწმუნე, რომ სხვა სკოლაში გადავეყვანე, სადაც საბედნიეროდ მეგობრულად მიმიღეს, ახალი მეგობრები გავიჩინე... ნამდვილი მეგობრები. მას შემდეგ არასდროს არავინ დამიჩაგრავს, მაგრამ იმ წლებზე ყოველდღე ვფიქრობ და ძალიან მრცხვენია. 15 წელზე მეტი გავიდა, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, ძალიან ბევრი რამ ისევ ისეა. ახლა ლგბტქ ახალგაზრდების გვერდით ვდგავარ, მხოლოდ სიყვარულით და მხარდაჭერით. ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანებს, ვისაც გული ვატკინე. იმედი მაქვს, შეხვდნენ უკეთეს ადამიანებს, ვინც ისინი გულწრფელად შეიყვარა და მიიღო. თუ ვინმე გვტოვებს, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ თვითონ ვირჩევთ ამას, ჩვენ თვითონ ვირჩევთ იმასაც მათ გულებში სიყვარულის კვალი დავტოვოთ თუ სიძულვილის. ამას როცა მივხვდი, უკვე ძალიან გვიანი იყო. არასდროს ვაპატიებ საკუთარ თავს იმას, რაც ჩავიდინე, მაგრამ ახლა დროა საკუთარი თავიც გვიყვარდეს და სხვებიც. 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც I killed my mother გადავიღე, მხარდაჭერა სხვა ადამიანებისგან და სიყვარული საკუთარი თავის მიმართ – აი რა შეიცვალა ამ ათი წლის განმავლობაში, აღმოვაჩინე რომ ეს ორი ღირებულება შიშთან და სხვა ადამიანების სიძულვილთან შეუთავსებელია, მაგრამ თუ საკუთარი თავი არ გიყვარს…”
თუ საკუთარი თავი არ გიყვარს, არ გიყვარს სხვები და ალბათ ვერც სხვებს მოსთხოვ, რომ უყვარდე, მაგრამ საკუთარ ტყავში თავს კომფორტულად თუ არ გრძნობ, არ აქვს მნიშვნელობა, ვის უყვარხარ და ვისთვის ხარ მისაღები, რაც მთავარია, შენ არ გიყვარს შენი თავი. ლოურენს ალია ხარ, ოღონდ მანამდე, სანამ ქალი გახდებოდა. დოლანის მიერ 2012 წელს გადაღებული ფილმი Laurence Anyways ტრანსგენდერი ქალის – ლოურენს ალიას შესახებაა, რომელმაც 35 წელი კაცის სხეულში გაატარა. საკუთარ თავთან იმის აღიარება, რომ სინამდვილეში კაცი კი არა, ქალია, იმაზე ბევრად ადვილი იყო, ვიდრე ამის შეყვარებულისთვის გამხელა, რომელსაც თავიდან ძალიან გაუჭირდა ახალ ამბავთან შეგუება, შემდეგ თითქოს მიიღო, ბოლოს კი მაინც გაიქცა მისგან. მიუხედავად იმისა, რომ ფრედი შორს გაიქცა, ვერ გაექცა სიყვარულს, რომელმაც ხუთი წლის შემდეგ მისი სახლის ვარდისფერ აგურთან მიაკითხა. ლოურენსმა მას თავისი ლექსების კრებული გაუგზავნა, რითაც ფრედი მიხვდა, რომ ის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მასთან ძალიან ახლოს იყო და უთვალთვალებდა. მაშინ როცა ფრედი ლოურენსს თავისივე ლექსების კრებულში ხელახლა აღმოაჩენს, დოლანის კადრი წყლით ივსება. ამგვარი მეტაფორები, ფანტაზიის და ქვეცნობიერის რეალობასთან ერთად გამოხატვა, ისე რომ მათ შორის ზღვარი იშლება, ქსავიე დოლანისთვის დამახასიათებელი სტილია. ფილმი ასევე გამორჩეულია 80-იანი წლების პოპკულტურისა და ბაროკოს ესთეტიკით - იქ, სადაც საზოგადოების დაჟინებული მზერის პირობებში პერსონაჟები ბოლომდე ვერ გამოხატავენ საკუთარ თავს, ამას საგნები, ფერები და Moderat-ის მუსიკის ფონზე ნაჩვენები ტანსაცმლის წვიმა აკეთებს. ზოგადად, მუსიკას დოლანის კინოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს - კლასიკურიდან დაწყებული, სენტიმენტალური ფრანგულითა და რაც მთავარია, პოპ-მუსიკით დამთავრებული - მასთან ყველაფერს შეხვდებით, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად Mainstream შემსრულებელს ეკუთვნის, ქსავიეს კადრების ფონზე შეიძლება სელინ დიონიც კი Arthouse მოგეჩვენოთ.
კიდევ ერთი ფილმი, რომელიც ქსავიე დოლანის შემოქმედებაში განსაკუთრებული ესთეტიკით გამოირჩევა, 2010 წელს, 22 წლის ასაკში, გადაღებული Heatbeats-ია. ფილმი ორი საუკეთესო მეგობრის შესახებაა, რაც მათ ცხოვრებაში ქერათმიანი ბიჭის, ნიკოლასის უეცარი გამოჩენით საბოლოოდ სასიყვარულო სამკუთხედად გადაიქცევა. ნიკოლასის გამო მეგობრებს შორის თითქოს ფარული კონკურენცია ჩნდება, ისინი ცდილობენ, ერთმანეთს საკუთარი უპირატესობა დაუმტკიცონ, რასაც დოლანი ზოგჯერ კომიკური სცენებითაც გვიჩვენებს. გარდა ესთეტიკური მხარისა და ნათელი ფერებისა, ფილმი გამორჩეულია საუნდტრეკებითაც, სადაც ბახთან და ვაგნერთან ერთად, Fever ray და The Knife-იც ისმის. როგორც კრიტიკოსები ამბობენ, Heartbeat ჰიპერსტილიზებული „ჯული და ჯიმია“, სადაც კარ ვაი ვონგის ფერების და ალმოდოვარის ადრეული ფილმების გავლენა იგრძნობა. თუმცა, ზედმეტია ასე პირდაპირ რაიმე გავლენაზე საუბარი - შენელებული კადრები, ერთდროულად პოპ და კლასიკური კულტურა, რომელიც, ფანტაზიისა და რეალობის მსგავსად, ერთმანეთის გვერდით არსებობენ, მგონი, სწორედ მისეული და ნამდვილია. ისეთივე ნამდვილი, როგორც მხოლოდ ქსავიესთვის დამახასიათებელი უპირობო სიყვარული, მისთვის განკუთვნილი კანის აპლოდისმენტები და ყოველ ჯერზე დოლანის დაუსრულებელი ცრემლები ამ აპლოდისმენტების გამო.
კანში ყველაზე ხანგრძლივი ტაში Mommy-სთვის დაუკრეს, ფილმისთვის, რომელშიც ისევ დედა-შვილის ურთიერთობას უბრუნდება, უბრალოდ, ამჯერად იმ განსხვავებით, რომ დედა „კლავს“ შვილს. ჰიპერაქტიური, აგრესიული, ერთი სიტყვით, რთულად აღსაზრდელი სტივის გამო დედა თითქოს საკუთარ ცხოვრებას კარგავს, მიუხედავად არაერთი მცდელობისა და ლუდოვიკო ეინაუდის მუსიკის ფონზე წარმოდგენილი შვილის ნათელი მომავლისა, რეალობა მისთვის სულ სხვანაირია და მხოლოდ ისღა დარჩენია, სტივენი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაგზავნოს. ფილმმა 2014 წელს კანის კინოფესტივალზე ჟიურის პრიზი დაიმსახურა, სხვადასხვა ფესტივალებზე ჯილდო მიიღეს მისმა საყვარელმა ანა დორვალმა და სიუზან კლემენტმაც, ასევე მთავარი როლის შემსრულებელმა ანტუან-ოლივიე პილონმა. ესთეტიკური თვალსაზრისით დოლანის ეს ფილმი გამორჩეულია იმით, რომ რეჟისორმა პორტრეტის ფორმატი აირჩია, თითქოს მთელი კინო მობილური ტელეფონით აქვს გადაღებული, რაც პირდაპირ ასახავს მთავარი გმირის სულიერ განწყობას. კადრი მხოლოდ იქ იშლება, სადაც სტივენი თავს ბედნიერად და თავისუფლად გრძნობს, ამ თავისუფლებას კი ყველაზე მეტად ფილმის დასკვნით სცენაში აღწევს, სადაც ის ფსიქიატრებს ხელიდან უსხლტება და ლანა დელ რეის Born To Die-ის ფონზე საავადმყოფოს შუშაბანდისკენ გარბის.
„არ არსებობს ადგილი, რომელსაც ზუსტად მოვერგები, სანამ თვითონ არ შევქმნი მას“, - ჯეიმს ბოლდუინის ეს ფრაზა დოლანს არც ერთ ფილმში არ გამოუყენებია, უბრალოდ, ინსტაგრამის Bio-ში უწერია და მისი, როგორც რეჟისორის ბიოგრაფიაც ალბათ სწორედ ეგ არის - საკუთარი ადგილის ძებნა იმ სამყაროში, რომელიც მისნაირი, Cest Special ადამიანის მიმართ მტრულადაა განწყობილი. ის კი ამ სამყაროს მაინც უმიზეზო, ნამდვილ და გულწრფელ სიყვარულს სთავაზობს, არ აქვს მნიშვნელობა, ჰუბერტის თუ ლოურენსის სახელით, ორივე მაინც ქსავიეა, Xavier Anyways.
დაწერე კომენტარი