ოცნების დიზაინი, ასე უწოდებენ პიერო ფორნაზეტის მიერ შექმნილ ბრენდ "ფორნაზეტის", რომელიც  მეოცე საუკუნიდან დღემდე თავისი განუმეორებელი ნამუშევრებით თანამედროვე იტალიური კულტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. უკვე ოცდაათ წელზე მეტია, რაც პიერო ფორნაზეტის მიერ დაარსებულ ბრენდს მისი შვილი,  ბარნაბა უდგას სათავეში, რომელმაც  მამის დანატოვარი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა თავისი ახლებური ხედვითა და განსხვავებული შემოქმედებითი ხელწერით სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანა.

ბარნაბა ფორნაზეტი 2021 წელს Tbilisi Design Days-ის ერთ-ერთი მთავარი სტუმარი იქნება. Hammock Magazine გთავაზობთ ინტერვიუს დიზაინერთან, რომელიც "ფორნაზეტის" ბრენდის ისტორიისა და თავისი შემოქმედების შესახებ გვიყვება. რუბრიკის წარმდგენია თიბისი კონცეპტი.



ბატონო ბარნაბა, მოგვიყევით, როგორ დაიბადა "ფორნაზეტის”, როგორც ოცნების დიზაინის იდეა?

მამაჩემს ბავშვობიდან უნდოდა, რომ ხელოვანი გამხდარიყო. ბებიაჩემი ელოდა,  რომ მისი შვილი ბუღალტერი გახდებოდა და ოჯახურ ბიზნესს უხელმღვანელებდა, თუმცა მამამ თავისი ოცნების გზა აირჩია, Brera-ს აკადემიაში ჩაირიცხა, საიდანაც გამოაგდეს, რადგან იქაური  სწავლების მეთოდებს აპროტესტებდა. საბოლოოდ, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სკოლაში აღმოჩნდა, სადაც მისთვის საყვარელ ბეჭდვის ტექნიკას დაეუფლა. ლაბორატორიაში, რომელიც მამამისმა სპეციალურად მისთვის ააშენა, გამუდმებით ექსპერიმენტებს ატარებდა, საბოლოოდ კი ეს ადგილი პრინტ ნამუშევრების სივრცედ ჩამოყალიბდა, სადაც მეოცე საუკუნის დიდებულ იტალიელ ხელოვანებთან ერთად მუშაობდა. მაიმო კამპილი და ჯორჯო დე კირიკო ხშირად მოდიოდნენ ამ სახელოსნოში თავიანთი ნამუშევრების დასაბეჭდად. შემდეგ ჯიო პონტის შეხვდა, რომელმაც მისი ნიჭი შენიშნა და რომელიც მასავით იმ პერიოდში ექსპერიმენტებითა და ქსოვილზე ბეჭდვის ტექნიკით იყო დაინტერესებული. საბოლოოდ, მათი შეხვედრა ნამდვილი მეგობრული პარტნიორობით დასრულდა და წლების განმავლობაში უამრავ სხვადასხვა სახის თანამშრომლობაში გამოიხატა. "ფორნაზეტიმ" 50-იან წლებში დაიწყო ფუნქციონირება იმ რწმენით, რომ ნებისმიერი ობიექტის დეკორაცია შესაძლოა იყოს გზა იმისა, რომ ხელოვნებამ თითოეული ჩვენგანის სახლში შეაღწიოს. 70-იანი წლების ბოლოს მამამ მთხოვა მასთან ერთად მემუშავა, იმ დროს ოჯახისგან შორს ვიყავი, ვცდილობდი, რაღაც ჩემი შემექმნა, თუმცა არც მიყოყმანია და დაბრუნება გადავწყვიტე.   80-იანი წლების ბოლოს მარტო აღმოვჩნდი და პიეროს დავპირდი, რომ სირთულეების და შეცდომების მიუხედავად, მის მიერ გზაზე დაყენებული "ფორნაზეტი" საბოლოოდ ისეთი გახდებოდა, როგორიც დღეს არის. ჩემი, როგორც ხელოვანის ხედვა უკვე 31 წელია ამ მიმართულებით მიდის და ხანდახან თუ არ დავფიქრდი, ზოგჯერ არც კი მჯერა ამის.



პიერო ფორნაზეტის და ჯიო პონტის ურთიერთობა... რა როლი ჰქონდა პონტის ფორნაზეტის განვითარების ისტორიაში?

ჯიო პონტი ყოველ ოთხშაბათს,  სასწავლებლიდან დაბრუნების შემდეგ, ლანჩზე ჩვენთან შემოივლიდა ხოლმე, ეს მომენტები ყოველთვის ძალიან შემოქმედებითი იყო, მახსოვს, ლანჩის დროს ქაღალდზე ან ხელსახოცზე ხშირად გაუკეთებიათ ჩანახატები. მამაჩემისა და ჯიო პონტის შემოქმედებითი პარტნიორობა ორივე მათგანისთვის და განსაკუთრებით - "ფორნაზეტის" ისტორიისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პონტი იმ დროს ტრიენალეს ხელმძღვანელობდა, მან აღმოაჩინა მამაჩემის ნიჭი და შეიძლება ითქვას, რომ სწორედ მისი წყალობით ნახა ამ ნიჭმა დღის სინათლე. 30-იანი წლების ბოლოს პიერო თავის აბრეშუმის შარფებზე მუშაობდა, რომელსაც მილანის მეხუთე ტრიენალესთვის ამზადებდა. მილანის ტრიენალემ ეს შარფები დაიწუნა, რადგან მთავარ თემას სცდებოდა, თუმცა სამაგიეროდ ჯიო პონტის ყურადღება მიიპყრო. ორივე მათგანისთვის საერთოა დეკორაციის მნიშვნელობა, გლობალური არქიტექტურული ხედვა და ურთიერთობა ადამიანსა და გარემოს შორის. 40-იან წლებში მამაჩემის და ჯიო პონტის ურთიერთობა უფრო მჭიდრო გახდა, ისინი ერთად ქმნიდნენ ინტერიერის დიზაინს, ავეჯს, სახლების, აპარტამენტების, გემებისა თუ კინოთეატრების დეკორაციებს, მათ მრავალწლიან შემოქმედებით ურთიერთობას და თანამშრომლობას ყველაზე კარგად ალბათ პონტის ეს სიტყვები აღწერს: თუ ერთ დღეს ვინმე ჩემი ცხოვრების შესახებ დაწერს, წიგნის ერთ-ერთ თავს - Passion For Fornasetti უნდა ერქვას".



ამბავი ლინა კავალიერის სახის მიღმა...  ამ პრინტის გამოყენება პიერო ფორნაზეტიმ 1952 წელს დაიწყო და დღემდე თქვენი ბრენდისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სიმბოლოს გამოხატავს, რა შეგიძლიათ გვითხრათ მისი მნიშვნელობის შესახებ?

მამაჩემი დაჰიპნოზებული იყო ამ სახის იდეალური ნაკვთებით, გრძნობდა, რომ იმას, რაც გონებაში წარმოედგინა, ეს სახე ყველაზე უკეთ გამოხატავდა. მისი ინტერესი, რა თქმა უნდა, ხელოვნებისა და დიზაინისკენ იყო მიმართული, თუმცა ეს სახე, რასაკვირველია, სიყვარულის გამოხატულებასაც წარმოადგენდა. "ფორნაზეტის" ნამუშევრების უმეტესობა დაფუძნებულია მრავალჯერ განმეორებადი გამოსახულების უსასრულო ვარიაციებზე. ამ შემთხვევაში ამ სახის ფორმალური ლოგიკა ძალიან ჰგავს მუსიკალურ ვარიაციებს, რომელიც არა მხოლოდ ჰარმონიული სავარჯიშო, არამედ ინტელექტუალური ტრადიცია და წარმოსახვის ვირტუოზული ფორმაა. ლინა კავალიერის სახე, თავისი იდეალური პროპორციებით ფორნაზეტის უსაზღვრო შემოქმედებითობას ძალიან კარგად გამოხატავს.



გახსოვთ ის მომენტი, როდესაც გადაწყვიტეთ დიზაინერი გამხდარიყავით, თუ თქვენი ოჯახის გამო ეს ყველაფერი თავისთავად მოხდა?

თუ ჩემს ცხოვრებას ფილმად წარმოვიდგენდი, ეგ მომენტი ალბათ გარდამტეხი წერტილი იქნებოდა. მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, ეს წამი არასდროს ყოფილა გაცნობიერებული. ეს ყველაფერი ხანგრძლივმა ძიებამ და გამოცდილებამ მოიტანა. როგორც ხელოვანს ყოველთვის მინდოდა შემოქმედებით სფეროში მუშაობა, დიზაინის მიმართულება კი იმ ბუნებრივმა გარემომ მოიტანა, რომელშიც გავიზარდე. ბავშვობაში მანქანის დიზაინერობა მინდოდა, როცა წამოვიზარდე მოდის ინდუსტრიაშიც ვცადე ბედი. 80-იანი წლების დასაწყისში, როგორც უკვე გითხარით, მამამ შინ დაბრუნება და მასთან ერთად მუშაობა შემომთავაზა, ასე დავტოვე ტოსკანა და მასთან ერთად ის საქმე, რასაც მაშინ ვაკეთებდი. ეს იყო ახალი სამუშაოს და  ჩემი და მამაჩემის ურთიერთგაგების ახალი ეტაპი. იმ მომენტში არ ვფიქრობდი, რომ ეს შეგნებული გადაწყვეტილება იყო, ახლა, როცა უკან ვიხედები, ვიცი, რომ რეალურად "ფორნაზეტის" საქმიანობის გაგრძელება ავირჩიე, რაც არასდროს მინანია. მას შემდეგ "ფორნაზეტი" მთელ ჩემს ცხოვრებად იქცა და როდესაც განვლილ შეცდომებზე, სირთულეებზე ან იმედგაცრუებებზე ვფიქრობ, ვხვდები, რომ ეს იყო საუკეთესო რამ, რაც კი შემეძლო გამეკეთებინა.  



ხომ ვერ გაიხსენებთ თქვენს შექმნილ პირველ დიზაინერულ ობიექტს და მამის რეაქციას, როცა მას ეს ნამუშევარი პირველად ანახვეთ?

არის ერთი ისტორია, რომელსაც სულ ვყვები ხოლმე: სამი წლის რომ ვიყავი, მამაჩემს ჰორტენზიის ფოთოლზე დადებული გვირილა მივუტანე, ცერა თითით მაჩვენა, რომ მოეწონა,  შემდეგ კი ეს ემოცია და მთლიანად  სურათი ლანგრის დეკორაციაზე გადაიტანა, შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩვენი პირველი კოლაბორაცია იყო.



ზოგადად, რა არის "ფორნაზეტის" ბრენდის ფილოსოფია და  თუ არის იდეა, რომელიც ამ ფილოსოფიაში ყველაზე მეტად გიყვართ?

დარწმუნებული ვარ, რომ სილამაზეს შეუძლია სამყაროს შეცვლა. ესაა ჩემი ფილოსოფია და ამიტომაც შემაქვს ეს მესიჯი ჩემი პროდუქტის დიზაინში. . ჩვენ ვქმნით კულტურულ და სახელოვნებო პროექტებს, რომლებიც უბრალო საბაზრო პროდუქციის ფარგლებს სცდება, ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ კულტურა ტრენდად და საზოგადოების საჭირო და აუცილებელი ინტერესის სფეროდ ვაქციო. "ფორნაზეტის" საფუძველი არა მხოლოდ მის გარეგნულ რეპრეზენტაციაში ან მარკეტინგულ ოპერაციებში, არამედ იმ კულტურულ ღირებულებებსა და მიღწევებშიცაა, რომელიც ბიზნესის კეთების უნიკალურ გზებში გამოვლინდა.



თქვენი სახლი მილანში... ვიცი, რომ პიერო ფორნაზეტი ამ სახლში ქმნიდა თავის ნამუშევრებს, რომელთა არქივიც სწორედ აქ ინახება. დღეს Casa Fornasetti თქვენი სამუშაო სტუდიაცაა, მოგვიყევით, რას ნიშნავს ეს სახლი თქვენთვის?

Casa Fornasetti ჩემთვის ერთდროულად ბევრ რამეს ნიშნავს, აქაურობითაა გარშემორტყმული მთელი ჩემი ცხოვრება: ჩემი ოჯახის ისტორია, "ფორნაზეტის" თითოეული ნამუშევრის წარმომავლობა და ბევრი ძალიან მნივნელოვანი შეხვედრაც.  სწორედ აქაა "ფორნაზეტის" მთავარი სამმართველო, სადაც დღემდე ჩვენი ყოველი ნამუშევრის დიზაინი იქმნება.



ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ "ფორნაზეტის" არქივი დღემდე თქვენი შთაგონების უშრეტი წყაროა, რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ არქივში აღმოგიჩენიათ?

ეს არქივი ყოველთვის იყო ბაზა, რომლის საფუძველზეც "ფორნაზეტი" თავის საქმიანობას განაგრძობდა, ვიტყოდი, რომ მას ფუნდამენტური როლი აკისრია, რადგან საშუალება მომცა ისტორია გამეგრძელებინა ძირეულად  გაცნობიერებული გზით, ისე რომ, არ შემელახა მამაჩემის ორიგინალური ხედვა.



ძალიან ბევრი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ხართ, თუმცა მაინტერესებს, პირადად თქვენთვის რა არის წარმატების მთავარი საზომი?

რაც შეეხება ჯილდოებს, ერთ-ერთი, რამაც ყველაზე დიდი კმაყოფილების გრძნობა დამიტოვა, ეროვნული ჯილდო იყო, რომელიც შემოქმედებითი სფეროსა და მუსიკის ერთმანეთთან დაკავშირებისთვის მივიღეთ. ძალიან ვამაყობ ამ აღიარებით, რადგან სწორად მიესადაგება "ფორნაზეტის" მისწრაფებას მუსიკის განვითარებასა და ხელისშეწყობისთვის. რამდენიმე წლის წინ ჩვენ დავდგით ოპერა Don Giovanni სიმონე ტონის მუსიკალური დირიჟორობითა და რომეო გილიგოს კოსტიუმებით. ნამდვილად გასაოცარი გამოცდილება და ძალიან ლამაზი  შთაბეჭდილება იყო.



არსებობს რაიმე წესები, რომლებსაც ყოველთვის მიჰყვებით?

არ მაქვს არანაირი წესი, მაქვს მხოლოდ დამოუკიდებელი ფიქრის მეთოდი. წესებს თავიდან ბოლომდე უარვყოფ.



მოგვიყევით თქვენი უახლესი პროექტის - Fornasetti suMisura-ს შესახებ, რით არის განსხვავებული და გამორჩეული იმისგან, რაც აქამდე შეგიქმნიათ?

ახალი Insolitisalotti-ის (უჩვეულო მისაღები ოთახები)  კოლექცია მოიცავს მისაღები ოთახებისთვის ხუთ განსხვავებულ მოდელს, რომელშიც ერთდროულად გაერთიანებულია მკაცრი დიზაინი, ტრადიციული ხელით შექმნილი დიზაინი და ის წარმოსახვა, რომელიც ყოველთვის გამოარჩევდა “ფორნაზეტის”. Leopardo, Facciataquattrocentesca, Malachite, Sole a ventaglio და Solitario - ეს არის სახელები ხუთი განსხვავებული სეტისა, რომელშიც სავარძლები, სკამები და მაგიდები ერთიანდება. ახალი კოლექციის შთაგონება “ფორნაზეტის” არქივში ნაპოვნმა ორგვერდიანმა ხელნაწერმა დოკუმენტმა მოგვცა, ეს არის მამაჩემის გამოუქვეყნებელი ნახატების კოლექცია, რომელიც ჩვენი ატელიეს სტილს და წარმომავლობას შეუცდომლად გამოხატავს. ახლახან ამ პროექტთან ერთად ჩვენ წარმოვადგინეთ ახალი სერვისიც, რომელიც წინასწარი შეკვეთით დამზადებულ ხელნაკეთ ობიექტებს და მათი ახალი სივრცის გახსნას გულისხმობს. პროექტის სახელწოდებაა Fornasetti suMisura (Fornasetti Made to Measure) და ეს არის სივრცე, რომელიც ორიენტირებული  იქნება დიზაინერებისა და ჩვენი პარტნიორების ინდივიდუალურ საჭიროებებზე. ადგილი, სადაც წარმოსახვა თავისუფლად მიედინება და ახალი იდეები მატერიალურ ფორმას იღებს.



როგორია თქვენი უახლოესი სამომავლო გეგმები, რაზე მუშაობთ ამჟამად?

Fornasetti suMisura - ეს სწორედ ის პროექტია, რომელსაც  დიდ ყურადღებას ვუთმობ, პროექტს ძალიან საინტერესო შემოქმედებითი პოტენციალი აქვს, ეს არის ხაზი, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს ატელიეს წარმომავლობას და პერსონალიზებული პირადი სივრცის იდეას. ახლა სწორედ ამ პროექტის განვითარებაზე ვმუშაობთ.



ვიცით, რომ 2021 წელს Tbilisi Design Days-ის ერთ-ერთი მთავარი სტუმარი იქნებით, რას გვეტყვით თქვენი სამომავლო ვიზიტის და ზოგადად, ამ ტიპის ღონისძიების მნიშვნელობის შესახებ?


ძალიან მიყვარს საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში პირველად მომეცა თქვენთან სტუმრობის საშუალება. ეს არის ქვეყანა, რომელიც მუდმივად გამოხატავს თავის კულტურულ ცხოვრებას, ეს ყველაფერი კი ყოველთვის იქცევს ყურადღებას. ვიმედოვნებ, რომ თბილისის დიზაინის დღეები იქნება ის ღონისძიება, რომელიც საქართველოს საერთაშორისო ცნობადობაში კიდევ უფრო მეტ წვლილს შეიტანს.