“არ აქვს მნიშვნელობა old school-ის გულშემატკივარი ხართ თუ თანამედროვე hypebeast-ის ტენდენციებს მიჰყვებით, ეჭვგარეშეა, რომ Reckle$$-ში თქვენთვის მოსაწონ ნივთს აუცილებლად აღმოაჩენთ”.
ნიკა ჯორჯაძისადმი მიძღვნილმა ქართულმა ბრენდმა Reckless-მა, რომლის შექმნის იდეაც სალომე გველესიანს ეკუთვნის, სულ ცოტა ხნის წინ აიღო სტარტი და უკვე უამრავი ადამიანის ყურადღებაც მიიპყრო. ბრენდი, რომლის მამოძრავებელი მოტივი ქაოსის გადალახვა და მისი კვლევაა, სხვადასხვა ინტერესისა და ჰობის მქონე ახალგაზრდებს აერთიანებს. Reckle$$ არა მხოლოდ ვიზუალური სტილით, არამედ მიზნებითა და ღირებულებებითაც გამორჩეულია. შიშები, წარუმატებლობები, მიღწევები, სოციალური მიკუთვნებულობის განცდა - ეს ის თემებია, რომლებსაც Reckle$$ ეხმიანება და თავის მთავარ ღირებულებად თავისუფლებას მოიაზრებს.
ბრენდი საინტერესო და მომხიბლავია იმ თვალსაზრისითაც, რომ მის უკან ახალგაზრდა თაობის ხელოვანები და დიზაინერები დგანან, ისეთები, როგორებიც არიან მასუ მწარიაშვილი, ანკა ქოიავა და ლიზა ყაჯრიშვილი. მასუს და ფოტოგრაფ ნატა სოფრომაძის ფოტოპროექტი კი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ დამოკიდებულებას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბრენდისთვის იდენტობა, თავისუფალი არჩევანისა და გადაწყვეტილებების პატივისცემა. ერთი შეხედვით უბრალო პორტრეტები მკაფიოდ გადმოსცემს იმ ენერგიასა და მუხტს, რაც უკვე Reckle$$-ის, როგორც ბრენდის ხელწერის ნაწილია.
A dancing star - ასე გამოხატავს Reckle$$ მის მისწრაფებას, რაც სირთულეების ერთად გადალახვაში, ახალი, კრეატიული ნამუშევრების შექმნასა და საკუთარი პოტენციალის პროგრესში გამოიხატება. ბრენდის უნიკალური დიზაინის, მიხაკის ყვავილებითა და არაორდინალური დამწერლობით შექმნილი პროდუქციის დათვალირება და შეძენა მის ოფიციალურ ვებგვერდზე - Reckless.ge-ზეა შესაძლებელი.
ფოტო: მასუ მწარიაშვილი, ნატა სოფრომაძე
დაწერე კომენტარი