1989 წელს თბილისს ლეგენდარული იაპონური მოდის სახლის - Come des Garcons-ის დამაარსებელი რეი კავაკუბო სტუმრობდა. ვიდეოკადრებში, რომელშიც ასახულია, როგორ იღებს ფოტოგრაფი ბრაიან გრიფინი ადგილობრივ მოსახლეობას, შავ და მისთვის დამახასიათებელ უცნაურ ტანისამოსში გამოწყობილი რეი კავაკუბოც თავის ასისტენტებთან ერთად ჩანს.
გადაღება, რომელიც Six Magazine-სთვის მოეწყო, კახეთის ერთ-ერთ სოფელში ადგილობრივი მცხოვრებლების მონაწილეობით ჩატარდა და მისი მთავარი იდეა რეი კავაკუბოს კოლექციისა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩაცმის სტილის სინთეზის ასახვა იყო. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ფოტოგრაფი ბრაიან გრიფინი განმარტავს, მისი და კავაკუბოს საქართველოში სტუმრობის მიზეზი დიზაინერის ფიროსმანისადმი დიდი სიყვარული იყო. როგორც ჩანს, ქართველი მხატვრის შემოქმედებით ორივე ხელოვანი იმდენად აღფრთოვანდა, რომ ამ ემოციამ ისინი ჯერ საქართველოში ჩამოიყვანა, გადაღების დროს კი ფიროსმანის ესთეტიკამ, შეიძლება ითქვას, რომ ბრაიან გრიფინის ფოტოების განათება და კომპოზიციაც განსაზღვრა.
ჟურნალ Dazed and Confused-თან ინტერვიუში ბრაიან გრიფინი დეტალურად იხსენებს 80-იანი წლების თბილისში სტუმრობას, რომელიც ფოტოგრაფმა მეორედ დიდი ხნის შემდეგ, ამჯერად უკვე დამოუკიდებელ საქართველოში გაიმეორა.
"არასდროს ვყოფილვარ მოდის ფოტოგრაფი, ძირითადად ბიზნეს ჟურნალებისთვის ვმუშაობდი და ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს ვიღებდი, ამასთანავე კარგი პორტრეტისტიც ვიყავი და ისეთ ხალხთან ერთად ვმუშაობდი, როგორებიც, მაგალითად, ჯონ მალკოვიჩი და ჯულიან სანდსია. შემდეგ მოდის კვირეულებზე დავიწყე მუშაობა, თუმცა პოდიუმს არასდროს ვიღებდი, ძირითადად მოდელებთან ვმუშაობდი, მას შემდეგ, რაც რეიმ ჩემი ნამუშევრები ნახა, მუდამ მხარში მედგა.
საქართველოში ჩვენი სტუმრობის მიზეზი ქართველი მხატვარი ნიკო ფიროსმანი იყო, რომლის შექმოქმედებაც ორივეს ძალიან მოგვწონდა. გადაღება თბილისიდან დაახლოებით 20 წუთის სავალზე, ბერძნულ ეკლესიასთან ახლოს, გორაკის წვერზე მიმდინარეობდა. რეიც და ადგილობრივი მცხოვრებლებიც იქ იყვნენ. მთელი ამ გადაღების მთავარი კონცეფცია რეი კავაკუბოს სამოსისა და ადგილობრივი მცხოვრებლების ჩაცმის სტილის მიქსს წარმოადგენდა. გარემო ცოტა უცნაური იყო, ჩვენი გადაღების ფონზე, იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ეკლესიაში ცხვარს სწირავდნენ, შემდეგ კი იქვე ამზადებდნენ ცხოველის ხორცს. ამას ერთი უცნაური გარეგნობის დანიანი კაცი აკეთებდა. სიმართლე გითხრათ, დიდად არ მომწონდა ეს ყველაფერი, მაგრამ ყველამ ერთად მაინც სასიამოვნოდ გავატარეთ დრო.
მეორე დღეს, როცა რეიმ საქართველო დატოვა, მე ქართლის დედა გადავიღე. ეს კადრი მთელი ამ გადაღების მთავარ სიმბოლოდ იქცა. ეს ის პერიოდი იყო, როცა საბჭოთა კავშირი ინგრეოდა, ჩვენ ყველა ზედამხედველობის ქვეშ ვიყავით, ქუჩის ბნელ კუთხეებში რაღაც გარჩევები მიდიოდა და პარალელურად ხალხი სტალინის ძეგლებს ანადგურებდა. ახლა როცა ამ ფოტოებს ვუყურებ, ვფიქრობ, რომ დღეს ასჯერ უკეთესად გადავიღებდი, მაშინ ყველას ძალიან სწრაფად გვიწევდა მუშაობა და ისე ვერ გამოვიდა, როგორც მე მინდოდა. ახლა რომ იმავე ფოტოებს ვიღებდე, ფიქრისთვის უფრო მეტი დრო მექნებოდა და ბევრად უკეთესი ნამუშევრებიც გამომივიდოდა, თუმცა უცნაურია, მაგრამ ის, რაც გადავიღეთ, ყველას ძალიან უყვარს"
ბრაიან გრიფინი 1989 წლის გადაღების შემდეგ საქართველოში კვლავ დაბრუნდა. მას გალერეა Project ArtBeat-მა უმასპინძლა და მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე 1989 წელს გადაღებული სერიიდან - Mother Georgia - დამთვალიერებელს 12 ნამუშევარი წარუდგინა.
დაწერე კომენტარი