ცხელი, ხშირად დაუგეგმავი, ცარიელი ზაფხულის დღეები, ბუნებრივი განათება, გრძელი, ნატურალისტური დიალოგები, მარტოობა და ბავშვური ცრურწმენები... ჩამონათვალი იმ ძირითად ელემენტთა კრებულია, რომელიც შესამჩნევ ხელწერად სდევს მეოცე საუკუნეში მოღვაწე ფრანგი რეჟისორის, ერიკ რომერის, ფილმოგრაფიას.
ნამდვილი ადგილები იქნება ეს თუ გმირთა შორის ხშირად იმპროვიზებული დიალოგები, რომერის ნამუშევრები თითქმის ყოველთვის ინარჩუნებს მსუბუქ ავთენტურობას. ერთი შეხედვით მარტივი სიუჟეტური ხაზები, რომლებიც ხშირად დაბნეული, ადამიანებისგან იზოლირებული ან მარტოობას მოწყურებული გმირების გარშემო ტრიალებს, იშვიათად თუ კარგავს ბუნებრიობას.
მრავალი ასოციაციიდან, რაც შესაძლოა რომერის სახელის გაგონებაზე გაგვიჩნდეს, ერთ-ერთი “პერსონაჟთა” რეალისტურობა და მათ შორის ხანგრძლივი, უდარდელი და პირადი გადმოსახედიდან აღქმული ფილოსოფიური შინაარსის, უდავოდ მიმზიდველი საუბრებია. საუბრები, რომელშიც თავადაც ერთვები, ზოგს ეთანხმები, ზოგს აბსურდულად მიიჩნევ, მაგრამ ფაქტია, მათში მონაწილეობ. რეჟისორის მიერ შექმნილ სახეებში ერთ ისეთ გმირს მაინც ამოიცნობ, რომელიც საკუთარი იდეოლოგიითა და შეხედულებებით თავს განსაკუთრებულად დაგამახსოვრებს. რომერის პერსონაჟები მეტწილად ახალგაზრდა, თავიანთ თავში ჩამოუყალიბებელი, ადამიანური ურთიერთობებითა თუ პირადი პრობლემით გატაცებული ადამიანები არიან.
მათ შორის ნაწილი ზაფხულის შვებულებაში თავს დაკარგულად გრძნობს და პარიზის გარშემო უმიზნოდ დაეხეტება, ნაწილს ყოველი მნიშვნელობისგან თავისუფალი, ერთჯერადი ურთიერთობები სურს, რაც მხოლოდ რამდენიმე კვირა გასტანს, ზოგი კი, პირიქით, განმარტოებასა და პირად თავისუფლებას ითხოვს. რომერის შემოქმედება იშვიათად თუ სრულდება ფორმულირებულ ნოტაზე, ის, რაც მის ნამუშევრებს ხშირად აერთიანებს, მათი პრაგმატული დასასრულია, რომელიც მშვიდი მაგიურობითა და ნატურალიზმით გამოირჩევა. რეჟისორის ფილმები თავს ხშირად არა „ამბებად“, არამედ პატარა „გამოცდილებად“ გვამახსოვრებენ. ცოტა თუ გადმოსცემს ზაფხულის სიმსუბუქეს და ადამიანთა შორის კავშირს ისე ნაზად, როგორც რომერი.
რეჟისორის კოლექციები „ექვსი ზღაპარი მორალზე“ და „კომედიები და ანდაზები“ ძირითადად მეგობრულ, ხშირად არაჯანსაღ ურთიერთობებზე, უცხო ადამიანებთან მოულოდნელ შეხვედრებსა და ყოველთვის რაიმეს ძიებით გატაცებულ თუ რაღაცისადმი მისწრაფების მქონე ადამიანებზე დაწერილი ბალადებია. ადამიანებზე, რომელთა დაკვირვების დროსაც, მათ არა როგორც ფიქციად, არამედ ნამდვილ პიროვნებებად აღვიქვამთ.
გარდა პერსონაჟებისა, რომერის შემოქმედებაში მუდმივად შეიმჩნევა საფრანგეთის უცხო ადგილები - გმირთა ხასიათის შესაბამისად შერჩეული სახლის ინტერიერი თუ გარემო და ის ვიზუალური ნიშან-თვისებები - ფერები, კადრთა ხანგრძლივობა და ჩაცმულობა, რომლებიც საბოლოოდ ამბავში სამახსოვრო ატმოსფეროს ქმნიან.
მცირებიუჯეტიანი, იმპროვიზებული, ხშირად სულ რამდენიმე ადგილას გადაღებული ფილმები რომერს ფრანგული ახალი ტალღის გვიან, თუმცა ერთ-ერთ აღსანიშნავ ფიგურად აქცევს; მისი ნამუშევრები კი, პერსონაჟების მსგავსად, სწორედ ისეთი ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, ზაფხულში რომ მოწყენილობას ებრძვიან, ვერსად მიდიან ან, უბრალოდ, სხვა არაფერი დარჩენიათ, გარდა იმისა, მეტი ინტენსივობით შეიგრძნონ სეზონური განწყობა.
დაწერე კომენტარი