სოფია კოპოლასა და ბილ მიურეის თანამშრომლობის შედეგად გადაღებული პირველი ფილმი - Lost in Translation მათთვის საოცარი წარმატების მომტანი აღმოჩნდა -  რეჟისორმა  წლის საუკეთესო სცენარის ნომინაციაში ოსკარი მოიპოვა,  ოსკარი მიიღო ბილ მიურეიმაც   საუკეთესო მსახიობი მამაკაცის როლისთვის.  



ჩვიდმეტწლიანი პაუზის შემდეგ ისინი კიდევ ერთ ფილმზე  მუშაობენ, რომელსაც კინომანები უკვე წელიწადზე მეტია დიდი ინტერესით ელოდებიან. ახალ ფილმში, სახელწოდებით On the Rocks, მთავარ როლებს ბილ მიურეი, რაშიდა ჯოუნსი და მარლონ ვაიანსი ასრულებენ. ფილმის სიუჟეტი მამა-შვილის თავგადასავალს ასახავს და პერსონაჟების თავბრუდამხვევი ცხოვრების ტემპს ააშკარავებს. რაშიდა ჯოუნსის პერსონაჟი,  ორი მცირეწლოვანი შვილის დედაა, მუშაობს და შესაბამისად, ქაოსით სავსე ცხოვრებით გამოირჩევა, თვლის, რომ ქმარმა მის მიმართ  ინტერესი დაკარგა, ამიტომ ცდილობს გაარკვიოს - ღალატობს თუ არა მეუღლე (მარლონ ვაიანსი) თავის მომხიბვლელ თანამშრომელთან. ამ ეჭვის საფუძველზე იგი მამასთან (ბილ მიურეი) მისვლას გადაწყვეტს, რომელიც  “გამოცდილი მექალთანეა” და გართობის მოყვარული კაცების ფსიქოლოგიასაც კარგად იცნობს.


როგორც სოფია კოპოლამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, ფილმი ჯაშუშად ქცეული მამისა და ქალიშვილის ნიუიორკულ თავგადასავალზეა, რომლებიც ცხოვრებისეულ საკითხებზე, კაცებისა და ქალების შესახებ საუბრობენ. ეს საუბრები კი მარტინის ფონზე მიმდინარეობს. On the Rocks რეჟისორისათვის მერვე სრულმეტრაჟიანი ფილმია. იგი კომპანია A24-თან თანამშრომლობის შედეგად გადაღებულ მეორე, ხოლო A24-ისა და მისი ახალი პარტნიორ  Apple Tv+-ის ეგიდით  პირველ ფილმს წარმოადგენს. ფილმის პრემიერა   ნიუ-იორკის კინოფესტივალზე  ოქტომბერში  გაიმართება.