პედრო ალმოდოვარის ახალ ფილმში ტილდა სუინტონი ბალენსიაგას 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის გამორჩეულ ლუქშია წარმოდგენილი. დემნა გვასალიას მიერ შექმნილი ხავერდის წითელი კაბა მკვეთრ კონტრასტს ქმნის ერთფეროვან, ნაცრისფერ ფონთან, თუმცა, ამავდროულად, იდეალურად ერწყმის მსახიობის ალისფერ თმას და დრამატულ გამომეტყველებას.

 

“La Voz Humana” პედრო ალმოდოვარისა და ტილდა სუინტონის ერთობლივი, პირველი ინგლისურენოვანი ნამუშევარია. მოკლემეტრაჟიანი ფილმის სიუჟეტი, რომელსაც  ჟან კოქტოს პიესა -  “The Human Voice” უდევს საფუძვლად, მთავარი გმირის გარშემო ვითარდება: მსახიობი ქალი მოულოდნელად გაიგებს, რომ მისი საყვარელი ადამიანი სხვაზე აპირებს დაქორწინებას. ფილმის პრეზენტაცია 3 სექტემბერს ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. 


რაც შეეხება ბალენსიაგას, ბრენდმა გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია გასული წლის სექტემბერში, პარიზის მოდის კვირეულზე Cité du Cinéma-ში წარადგინა. ხავერდის წითელი კაბა მალევე იქცა კოლექციის გამორჩეულ ლუქად, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება სწორედ მას შემდეგ დაიმსახურა, რაც აგუსტინ ალმოდოვარმა ტვიტერის საშუალებით ახალი ფილმის მცირე ნაწყვეტი გაასაჯაროვა.



ფილმში ტილდა სუინტონმა წითელი კაბის გარდა, ბალენსიაგას სხვა სამოსიც მოირგო. ლურჯი ორეული ბრენდის 2020 წლის, ხოლო წითელი 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციაში იყო წარმოდგენილი.