ჟაკმუსი მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ფიგურაა. როგორც Vogue-ის ერთ-ერთი სტატიის სათაური გვამცნობს, ფრანგი დიზაინერი ამ სფეროში შტორმივით შეიჭრა და დღეს ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, რასაც მისი ინსტაგრამ-გვერდის 2.8 მილიონი გამომწერიც ადასტურებს.
თუმცა ჟაკმუსის საქმიანობა მხოლოდ დიზაინით არ შემოიფარგლება. მართალია, იგი საკუთარ თავს ფოტოგრაფს არ უწოდებს, თუმცა, როგორც თავად ამბობს, მისი პირველი პროფესია სწორედ ფოტოგრაფიას უკავშირდებოდა. ამიტომ გასაკვირი არცაა, რომ ფრანგმა დიზაინერმა თავისი ავტორობით პირველი ფოტოალბომი დაბეჭდა. ფოტოალბომი 236 გვერდისაგან შედგება, ხოლო მასში წარმოდგენილი სურათები აიფონითაა გადაღებული, რომლებსაც ჟაკმუსი წლების განმავლობაში იღებდა და ზოგს საკუთარ ინსტაგრამის გვერდზეც ათავსებდა ხოლმე.
„ხალხი მთხოვდა, რომ აიფონით გადაღებული ფოტოები წიგნად გამომეცა“, - განაცხადა ჟაკმუსმა ვოგისთვის მიცემულ ინტერვიუში. პროცესი ძალიან დამღლელი უნდა ყოფილიყო, რადგან მას აიფონის გალერეის 85 000 ფოტოსურათიდან 321 უნდა ამოერჩია, თუმცა, მისი თქმით, ეს ძალიან სახალისო ყოფილა. განსაკუთრებით კი საარქივო მასალის დათვალიერება სიამოვნებდა, რაც ჟაკმუსს იმის გაცნობიერების საშუალებას აძლევდა, თუ საიდან დაიწყო და როგორ მოვიდა დიზაინერობამდე.
ჟაკმუსის სადებიუტო ფოტოალბომი მისი ორიგინალური ხედვითა და ესთეტიკით გამოირჩევა. „ამ წიგნში მოდას დიდი დოზით ვერ შეხვდებით. ფოტოალბომი ცხოვრების სტილს, ხედვასა და ყოფის ყოველდღიურ პოეზიას ასახავს და ამაში მოდის კულუარების აღბეჭდვას სულაც არ ვგულისხმობ. ყოველთვის მიყვარდა ფოტოსურათი და ვფიქრობ, რომ მოდა, პირველ რიგში, ფოტოდან იბადება, სადაც ქმნი ამბავს და მასზე საუბრობ. იმისათვის, რომ შექმნა ბრენდი, ცხოვრების სტილი ან თუნდაც რაღაც ამბავი, ამისათვის ფოტოგადაღებით უნდა იყო შეპყრობილი“, - განაცხადა ჟაკმუსმა.
დაწერე კომენტარი