ახალგაზრდა არტისტისა და მისი გულშემატკივართა გუნდის დისფუნქციური დინამიკა, უარყოფითი შედეგები, რაც რეალობისა და იდენტობის ილუზიურ აღქმას მოჰყვება, იაპონელი რეჟისორის, სცენარისტისა და ანიმატორის, სატოში კონის სამიზნე თემატიკად ჯერ კიდევ 1997 წელს იქცა. “სრულყოფილი ლურჯი” (Perfect Blue) ანიმაციის სამყაროში დღემდე განსაკუთრებულ ნამუშევრად ითვლება როგორც ვიზუალური კუთხით, ისე თემატური ღირებულებებითაც.
“მაყურებელი ზედმეტად მიჩვეულია გულისხმიერ მოპყრობას, ამიტომ განზრახ გადავწყვიტე, ეს შაბლონი დამერღვია”, ამბობს კონი და თავის საკულტო ფილმში თამამად ეხება ისეთ პროგრესულ თემებს, როგორებიცაა: იდენტური კრიზისი, პარანოია, კიბერდანაშაული და პოპ-კულტურის არაჯანსაღი მხარე. ეს ხდება იმ ეპოქაში, რომელშიც ინტერნეტი და მედია ჯერ კიდევ ტექნოლოგიური განვითარების საწყის ეტაპზეა. ჩვენს დროში კი “სრულყოფილი ლურჯის” პრობლემატიკა იმაზე რელევანტური და ყოფითია, ვიდრე ოდესმე. ფილმი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ხალხის ტენდენციაზე - შექმნან ცნობილი ინდივიდის იდეალიზებული სახე, აღიქვან ისინი საკუთარ “კუთვნილებად” და მათი სურვილით აკონტროლონ არტისტის ქცევა, კარიერა, პირადი გადაწყვეტილებები. ანიმაციის თანახმად კი ტექნოლოგიური წინსვლა პირად სივრცესა და ბარიერს საგრძნობლად ამცირებს, შედეგად, უფრო მარტივი ხდება, ნებართვის გარეშე, სხვის ცხოვრებას კომპულსურად ადევნო თვალი. მთავარი პერსონაჟის, მიმას, ფსიქოლოგიურ შფოთს კონი სხვადასხვა სახის ნარატიული მეთოდების გამოყენებით ხატავს.
ერთ-ერთი საინტერესო ხერხი, ფერთა სპეციფიკური მიზნით გამოყენებაა. თუკი ვარდისფერი მიმას სასცენო კოსტიუმში სისუფთავის, უდანაშაულობისა და გულუბრყვილობის გამოხატულებაა, თეთრს ამბავში გაურკვევლობა, სიზმრისეული ილუზია და რეალობის რღვევა მოჰყვება. ანიმაციის სათაურის მიუხედავად, მასში ყველაზე ფუნდამენტური აზრის მატარებელ ფერს რომ ვირჩევდეთ, ეს უდავოდ წითელი იქნებოდა. წითელი, რომელიც იშვიათად ტოვებს კომპოზიციას და მუდმივად შეიმჩნევა უკანა პლანზე განათების, ტანსაცმლისა თუ ინტერიერის ფორმით. წითელი ფილმში მიმას შინაგანი კრიზისის, შიშისა და აგრესიის ვიზუალური რეპრეზენტაციაა.
ფერთა ამგვარი მონაცვლეობით სატოში კონი ფილმში ოსტატურად ქმნის დაძაბულობის, ეჭვისა და მომხიბვლელი გაურკვევლობის მქონე ატმოსფეროს. ანიმაციაში მიმას ყველა ანარეკლსა და სარკეში, ტელევიზორის ეკრანსა თუ კამერაში ვადევნებთ თვალს, რაც ქვეტექსტურად კვლავ ხაზს უსვამს პერსონაჟის არასტაბილურ ფიქრებსა და თვითკონტროლის სისუსტეს, ტექნოლოგიური ზრდის ფონზე.
“სრულყოფილი ლურჯი”, რეჟისორის პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი, სრულიად არღვევს იმ მცდარ წარმოდგენას, რომ ანიმაციის მედიუმი, თავისი კონცეფციით, აუცილებლად უნდა ატარებდეს სამეცნიერო-ფანტასტიკისა თუ ფენტეზის ჟანრობრივ ელემენტებს. სატოში კონის “ზღაპარი” სავსეა გლუვი, ღია, დამამშვიდებელი ფერის პალიტრით, თუმცა არასოდეს არიდებს თავს, გამოიკვლიოს საზოგადოების ბნელი, ტოქსიკური გავლენა ცნობადი პიროვნების რეალობაზე და არც იმას ერიდება, პერსონაჟის იდენტური კრიზისის თანამონაწილე გაგვხადოს.
იმასაც ვიტყვით, რომ “სრულყოფილი ლურჯი” ერთი მხრივ, ზღაპრის სტრუქტურას ატარებს, რადგან შიშის მომგვრელი თემატიკის მიუხედავად, ის მაინც დადებით ნოტაზე სრულდება, თანაც მაშინ, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ველით. ნამუშევრის გამოსვლისას კრიტიკოსთა ნაწილი თვლიდა, რომ სატოში კონმა ადამიანის, იდენტობისა და ტექნოლოგიური სინთეზის პრობლემატიკით მომავალი იწინასწარმეტყველა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი არ ცდებოდნენ.
“სრულყოფილი ლურჯი” ანიმაციის ჟანრის ეპიკური ნიმუშია. ვიზუალური ნიშანთვისებების გარდა, ფილმი დღემდე ინტერესს იწვევს თავისი თამამი თემატიკის გამო, რადგან პოპ-კულტურასა და პიროვნების იდეალიზებულ სახეზე ის რეალისტურ, ხშირად შემზარავ, თუმცა უდავოდ სენსიტიურ ამბავს გვიყვება. ამბავს, რომელშიც ადამიანი თავის ავთენტური სახის ძიებაში მოჩვენებით იმიჯსაც კარგავს, მის გადაწყვეტილებებს კი მასათა მოლოდინი და იმედგაცრუების შიში განაგებს.
დაწერე კომენტარი