მოდის სამყაროში “წყვდიადის მბრძანებლად” წოდებული რიკ ოუენსის საკულტო შემოქმედებამ თანამედროვე მოდის უამრავი დიზაინერის ხედვაზე იქონია გავლენა. პოსტაპოკალიფსური ქაოსი, გოთური ესთეტიკა, მონოქრომული მინიმალიზმი და დომინანტი - წლიდან წლამდე უცვლელი წამყვანი შავი ფერი - რიკ ოუენსის სახასიათო ხელწერის განუყოფელი ელემენტებია.
ყოველი ახალი კოლექციის ჩვენებისას დიზაინერი გარკვეული დოზით იმეორებს მისივე წინა კოლექციას. ნამუშევრები ავტობიოგრაფიულია, ტანსაცმლის დიზაინი სკულპტურული და ძლიერი, ასიმეტრიული ფორმებით და შავი ტყავის ჩანართებით გაფორმებული. თავის ნამუშევრებს იმაზე მეტი ყურადღებით სწავლობს და აკვირდება ვიდრე სხვისას, რაც ეგოცენტრიზმად მიაჩნია, თუმცა საკუთარი შეცდომების და წარმატებული ნაბიჯების გათვალისწინება მისთვის მუდმივი პროგრესის პირობაა.
აგრესიული ელემენტებისა და თამაშის მეთოდების ნაზავით ოუენსი ახერხებს საზოგადოების ყურადღების კონცენტრირებას თავის შემოქმედებაზე. შოკის განცდა, რომელსაც დიზაინერი შოუსგან ისე ელის, როგორც მაყურებელი, მიზნად ისახავს მისი კოლექციის ნახვისას ს დამსწრე საზოგადოებასაც ისეთივე შეგრძნება დაეუფლოს. კლასიკური სილამაზის უგულებელყოფით, ტანსაცმლის ნარატივით სავსე კომპოზიციებით ის აუდიტორიაში ემოციების კასკადს იწვევს. ოუენსი დიზაინერების იმ მცირე რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც მოახერხეს შემოქმედებითი საქმიანობისას მრავალი წლის განმავლობაში ყოფილიყვნენ დამოუკიდებლები.
ოუენსი მიიჩნევს, რომ უამრავი შესანიშნავი იდეა არსებობს, თუმცა მათ ვერ განახორციელებ, თუ გარშემომყოფთა შეხედულებებს ზედმიწევნით გაითვალისწინებ, ვერ გაუძლებ წნეხს და ზუსტად ისე არ შექმნი, როგორც თავად გსურს. მოტივაცია რისკის არსებობაა. რაც უფრო სარისკოა იდეა, მით უფრო მაღალია მისი ღირებულება.
შესაძლოა რისკის ელემენტის ძიებად ჩაითვალოს 2010 წელს რიკ ოუენსის მიერ ფუნქციონალური, თუმცა მონუმენტური ავეჯის კოლექციის წარმოდგენა, რომელიც მნახველს ტოტემის ქანდაკებებს უფრო მოაგონებს, ვიდრე ყოველდღიური მოხმარების ნივთებს.
ოუენსის ეს სვლა ეჭვს ბადებდა, როგორც დილეტანტური ნაბიჯი და ძირითადი საქმიანობისგან მოცდენა. თუმცა, ლონდონის Carpenters Workshop Gallery-ში გამოფენილმა ავეჯის კოლექციამ, სახელწოდებით “პრეისტორიული”, ცხადყო მისი მიზნებისა და ხედვის სიმტკიცე. ავეჯის ფორმები ისეთივე სკულპტურული და განსაკურებული ხასიათის გამოდგა, როგორც მისივე შექმნილი ტანსაცმლის დიზაინი.
იტალიელი ოსტატების მიერ ადგილობრივი მასალის გამოყენებით დამზადებული სკამები, სასადილო მაგიდა, დივანი, ტახტი და უზარმაზარი შირმა ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებენ, თითქოს ყველა ეს ნივთი არაამქვეყნიური, წარმოსახვითი სამლოცველოს კუთვნილებას წარმოადგენს, სადაც მათ უცნაური რიტუალების აღსასრულებლად იყენებენ.
დიზაინერის მიერ ავეჯის კოლექციის შესაქმნელად შერჩეული მასალა შთამბეჭდავი და მარადიულია. მარმარილოს, თაბაშირის, ირმის რქების და ბრინჯაოს ნაზავი ოუენსის კოლექციას კოლოსალურობის და სიძლიერის ელფერს სძენს.
პირველყოფილი ბრუტალიზმი და მინიმალისტური ფუფუნება მისი ნამუშევრების განსაკუთრებულ ესთეტიკას ქმნის.
ოუენსი ფიქრობს, რომ ნებისმიერი, ვინც საკუთარ გარემოს ქმნის, უტოპიური ხედვით გამოირჩევა. Vice-სთან ინტერვიუში ავეჯის დიზაინის მისეული ფილოსოფია და ვიზუალიზაცია შემდეგნაირად დაახასიათა - “ბრუტალისტური ბეწვი ბრუტალისტურ ქვაზე, ბრუტალისტურ ცეცხლთან, ბრუტალისტურ გამოქვაბულში”.
ოუენს სწამს, რომ მისი კოლექციების წარმატება არა მხოლოდ ნიჭმა, არამედ მის გარშემო არსებულმა ძალამ განაპირობა, რომელიც მას მიზნების მიღწევაში დაეხმარა.
2017 წელს მილანის ტრიენალეს დიზაინისა და ხელოვნების მუზეუმში მოეწყო რიკ ოუენსის სოლო ექსპოზიცია, სახელწოდებით Subhuman Inhuman Superhuman. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თავად დიზაინერის მიერ შერჩეული ტანისამოსის ასზე მეტი მოდელი, სიმბოლური ნივთები, აქსესუარები, გრაფიკული ნამუშევრები, ავეჯი და შოუს ჩანაწერები. ექსპოზიციამ ერთგვარ ჰომოგენურ დინებაში გააერთიანა ხელოვნების განსხვავებული მიმდინარეობები - ძერწვიდან ფოტოგრაფიამდე, დიზაინიდან მუსიკამდე.
Subhuman Inhuman Superhuman რეტროსპექტივა ყველა იმ ნამუშევრის თავმოყრაა, რომელიც განსაზღვრავს რიკ ოუენსის პიროვნებას და შემოქმედებას, იძლევა იმ ესთეტიკისა და იდეების გააზრების საშუალებას, რომლებსაც დიზაინერი წლების განმავლობაში იყენებდა ურთიერთობისთვის.
დაწერე კომენტარი