ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, ბავარიის სახელმწიფო ოპერამ 2020-21 წლის  სეზონი მარინა აბრამოვიჩთან კოლაბორაციული ოპერა-პერფორმანსის - „მარია კალასის 7 სიკვდილის“ პრემიერით გახსნა. ჯერ კიდევ აპრილში დაგეგმილი ოპერა-პერფორმანსი, რომლის პრემიერაც მსოფლიოში გართულებული  პანდემიური მდგომარეობის გამო გადაიდო, მაყურებლებს შეუძლიათ  7 სექტემბრიდან ერთი თვის განმავლობაში იხილონ. 


ოპერა-პერფორმანსი შვიდ არიას მოიცავს, რომელთაგან ექვსი სცენაზე სიკვდილის სცენით სრულდება, მეშვიდე კი მომღერლის რეალურ სიკვდილს განასახიერებს, რომელიც 1997 წელს პარიზში გულის შეტევით გარდაიცვალა.

„მარია კალასის 7 სიკვდილი” უზარმაზარი მულტიმედია პროექტია, რომელიც თანამედროვე მუსიკის, პერფორმანსისა და ვიდეოს ელემენტებს მოიცავს. გაფორმებულია რიკარდო ტისკის კოსტიუმებით, ფილმებში მონაწილეობს ვილემ დეფო, რომელიც მარია კალასის ცხოვრების საბედისწერო სიყვარულს - არისტოტელე ონასისს განასახიერებს.


პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე მარინა აბრამოვიჩმა მარია კალასის მიმართ თავის დამოკიდებულებაზე New York Times-სთან ისაუბრა: ”დამუნჯებული ვიყავი, როდესაც 14 წლის ასაკში პირველად მოვუსმინე, მოგვიანებით კი, როდესაც მის შესახებ დაწერილი ყველა ბიოგრაფიული ნაწარმოები წავიკითხე, მარიასთან უდიდესი მსგავსება აღმოვაჩინე. ჩვენ, ორივე, მშვილდოსნის ნიშნით  ვართ დაბადებულნი, გვყავდა ცუდი დედები და  გვაერთიანებს უდიდესი შინაგანი სიძლიერე”.


Artnet-თან ინტერვიუში კი  აღნიშნა, რომ ხელოვანი ამ ნამუშევარმა ფაქტობრივად გადაარჩინა და რომ ეს ოპერა-პერფორმანსი ქალების გაძლიერებას ემსახურება - „მსურდა, რომ ქალების ამტანობა და სიძლიერე მეჩვენებინა, ყველა იმედგაცრუება ტრაგედიით როდი სრულდება, მჯერა, რომ იმედი არსებობს“.