ბოლო ათწლეულის განმავლობაში დიზაინის ტენდენციებში ხშირად შეხვდებით ე.წ.  საყვარელ ავეჯს. ისტორიულად ამგვარი  დიზაინი  რამდენჯერმე  შეუმჩნეველად  გამოჩნდა -   თავდაპირველად, 1940-იან წლებში, დანიაში,  1970-იან წლებში - იტალიაში, მესამედ კი, 2008 წლის შემდეგ, მისი გამოჩენა  კონკრეტულ ადგილს და კულტურას არ უკავშირდება. ავეჯის და განათების დიზაინერებმა  ნამუშევრების შექმნა უფრო მეტად მომრგვალებული ფორმებით დაიწყეს, რომელსაც ჯასტინ დონელიმ „ნეოტენური“ დიზაინი დაარქვა. 



დიზაინის ისტორიაში სამივე პერიოდი, როდესაც მრგვალი ფორმები აქტუალური გახდა, გეოპოლიტიკურ არეულობას უკავშირდება: დანიაში მეორე მსოფლიო ომს და გერმანულ ოკუპაციას 40-იან წლებში, იტალიაში ინტენსიურ სოციალურ და პოლიტიკურ ცვლილებებს 70-იან წლებში, ხოლო მესამე  გამოჩენა კი 2007-2009 წლის ეკონომიკური დეპრესიის პერიოდს. საინტერესოა, რომ  მძაფრ სიტუაციაში დიზაინერები ისეთ ნამუშევრებს ქმნიდნენ, რომლებიც დადებით ემოციას იწვევდა. ასეთი ესთეტიკა იმედის მომცემი იყო და რეალობის დაძლევაში ეხმარებოდათ. 




დიზაინი, რომლის შთაგონების წყაროც ბავშვური ესთეტიკაა, პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც 2019 წელს ჯასტინ დონელის და მონლინგ ლის კურატორობით A/D/O-ს სივრცეში გამოფენა “ნეოტენური დიზაინი” გაიმართა. გამოფენამ სხვადასხვა საერთშორისო ავეჯის და განათების დიზაინერები წარადგინა. A/D/O მანქანის მწარმოებელი ბრენდ მინი-ს კრეატიული ჰაბია ბრუკლინში, რომელიც წარმატებულად მუშაობდა 4 წლის განმავლობაში და დიზაინერების გლობალურ კავშირად იქცა. თუმცა, სამწუხაროდ, პანდემიის ეკონომიკური პრობლემების გამო 2020 წლის აპრილში დაიხურა.




გამოფენის კურატორები - ჯასტინ დონელი და მონლინგ ლი ბრუკლინში დიზაინის სტუდიო JUMBO-ს დამფუძნებლები არიან.
სწორედ ჯასტინ დონელიმ უწოდა  დიზაინის ამ ახალ მიმდინარეობას “ნეოტენური”, რომელიც 1943 წელს გამოქვეყნებულ კონრად ლორენცის თეორიას ეხმაურება. ნობელის პრემიის მფლობელი ლორენცი ავსტრიელი ზოოლოგია და ამბობდა, რომ ახალგაზრდული ფიზიკური თვისებები, როგორიცაა მრგვალი სახე, დიდი თვალები და მსუქანი კიდურები, მნახველში დადებით რეაქციას იწვევს. “ნეოტენია” -  ტერმინია ზოოლოგიაში და აღწერს ნორჩი ნაკვთების შენარჩუნებას ზრდასრულ ცხოველებში. ამასთან, სხვადასხვა მეცნიერული კვლევების მიხედვით, ბავშვური ფორმები ადამიანის სივრცით აღქმას ცვლის, მათ სტრესის და მღელვარების შემცირებაში ეხმარება და მოვლის თანდაყოლილ ინსტინქტს აღვიძებს. 




“ნეოტენური” დიზაინის პრინციპები ექვს მთავარ მახასიათებლად იყოფა: ცხოველისებური თვისებები, მასალის და ფერის მუდმივობა, მარტივი და მრგვალი ფორმები, საყრდენი სტრუქტურის ნაკლებობა და მსუქანი ნაკვთები. ჯასტინ დონელიმ და მონლინგ ლიმ გამოფენისთვის ნამუშევრები ამ თვისებების მიხედვით აარჩიეს. თუმცა, მსგავსების მიუხედავად, გამოფენაზე ნაჩვენებ ნამუშევრებში ბევრი განსხვავება შეინიშნება. ყველა ავლენს თავისებური მუშაობის ტექნიკას, მასალებისადმი დამოკიდებულებას და ზოგადად, ინდივიდუალურ მიდგომას ამ სტილისადმი. 


პანდემიის პირობებში ჯასტინ დონელიმ და მონლინგ ლიმ ახალი კოლექცია - “Creature Comfort” შექმნეს, რომლის შთაგონებაც კარანტინის პერიოდში ყველაზე ხშირად გამოყენებული საყოფაცხოვრებო ნივთები გახდა. თუმცა, მათ დიზაინში ნეოტენური დეტალიც შეინიშნება. 

“ჩვენი ახალი კოლექცია უფრო უღრმავდება “საყვარელი”  დიზაინის კულტურას,  - ამბობს დონელი,  - ვცადეთ გადმოგვეცა ის დაძაბულობა, რაც ფიზიკურს და ციფრულს, რეალურსა და სიურრეალისტურს შორისაა”. კოლექციის ხუთეული ნეოპრინის სავარძელი, სილიკონის განათება, ალუმინის სარკე, ალუმინის სკამი და ღვინის დეკანტერია.