128 გვერდისა და 400-მდე ილუსტრაციისგან შემდგარი კომიქსი იაიოი კუსამას ცხოვრებას, მის განვლილ გზას და შემოქმედებას ეძღვნება. 


იტალიელი ილუსტრატორის, ელისა მაჩელარის ბოლო პროექტმა იაპონელი არტისტის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები ერთ წიგნში გააერთიანა.  მაჩელარიმ ილუსტრაციების მეშვეობით კუსამას შიშები და ის მძაფრი შეგრძნებები წარმოადგინა, რომელიც იაპონელ არტისტს კარიერის დასაწყისში  მშობლებთან უთანხმოების გამო ჰქონდა. 


   

გარდა ბიოგრაფიული დეტალებისა, ილუსტრირებული წიგნი კუსამას ცნობილ ნამუშევრებსაც აერთიანებს. მათ შორისაა ინსტალაციები, სკულპტურები, ფერწერული ნამუშევრები და კოპლებიანი პატერნით შექმნილი ხელოვნების სხვა ნიმუშები. 


კუსამას მიერ 60-იან წლებში იაპონიიდან ნიუ-იორკამდე განვლილმა სირთულეებით სავსე გზამ შესაბამისი ასახვა პოვა არტისტის შემოქმედებაში.  “კოპლებიანი კაბების პრინცესად” წოდებული იაიოი ბავშვობაში მძაფრი ჰალუცინაციებით იყო შეპყრობილი. სწორედ ამ გამოცდილების შედეგია მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება ამ ფიგურების მიმართ. 

“სხვა ვარსკვლავებთან ერთად ჩვენი პლანეტა ერთი მცირე წერტილია კოსმოსში. კოპლები უსასრულობისკენ მიმავალი გზაა…” - ამბობს კუსამა. 


 

 ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იაპონელი არტისტის გრაფიკული ბიოგრაფიის გაცნობას  მკითხველი  15 სექტემბრიდან შეძლებს