ლინდენ ფრედერიკი ის მხატვარია, რომელიც ლანდშაფტისთვის დამახასიათებელი მხოლოდ რამდენიმე ობიექტითაც კი შეძლებს სიმყუდროვის განცდა შეგიქმნას. ფრედერიკი ამერიკის ერთ-ერთ რეგიონში, ახალ ინგლისში გაიზარდა, დაახლოებით 30 წლის შემდეგ კი საცხოვრებლად ბელფასტში გადავიდა. მისი შემოქმედების უდიდესი ნაწილიც სწორედ ამ რეგიონის ლანდშაფტს ასახავს. ამერიკის გარეუბანი - ტიპური გზისპირა სახლები, ოფისები, ბარები, რესტორნები - სწორედ ამ დეტალებისგან შედგება მხატვრის ის შემოქმედება, რომლის სიმყუდროვეც არა მხოლოდ ფერებითა და ობიექტებით, არამედ იმ სიჩუმითაცაა განპირობებული, რომელიც თითქოს წამიერად „გვესმის“ მისი  ნამუშევრების ხილვისას.




მისი შემოქმედების ძირითადი ნაწილი ღამისა და ცარიელი ქუჩების სინთეზს წარმოგვიდგენს. ამის ფონზე კიდევ უფრო მკვეთრად ჩანს ნამუშევრის მთავარი პერსონაჟი - შენობა, რომლის ფანჯრებიდანაც ძირითადად მხოლოდ ერთია განათებული. მიუხედავად იმისა, რომ ფანჯრიდან გამომავალი სინათლე შენობაში ადამიანის არსებობაზე მიგვანიშნებს, ფრედერიკის თითქმის არცერთ ნამუშევარში არ ფიგურირებს ადამიანი, ის მხოლოდ იგულისხმება, რაც მხატვრის შემოქმედებას უფრო მიმზიდველს ხდის.




სწორედ იმ ფაქტმა, რომ მისი ნამუშევრების ძირითად ნაწილში ადამიანების არსებობის მხოლოდ კვალს ვხედავთ,
შთააგონა ცნობილი მწერლები, რომლებმაც  15 სხვადასხვა შინაარსის მქონე ნარატივი შექმნეს. ეს ამბები საფუძვლად დაედო ლინდენ ფრედერიკის 15 ნამუშევარს, საბოლოო ჯამში კი შეიკრა წიგნად - Night Stories, რომელიც 2017 წლის 7 ოქტომბერს გამოიცა და დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას მხატვრის თაყვანისმცემელთა წრეებში. ამ წიგნის მთავარ ხიბლს მკითხველთათვის წერილობითი და ვიზუალური ხელოვნების ნაზავი წარმოადგენს - თითო ნახატს თავისი ისტორია აქვს, რომელიც ისეთი მწერლების შექმნილია, როგორებიც არიან: რიჩარდ რუსო, ლოურენს კესდენი, ენ ფაშეტი და ელიზაბეთ სტრაუტი. 



ალბათ შეუძლებელია უყურებდე ლინდენის ნამუშევრებს, ამასთან ერთად იცნობდე ედუარდ ჰოპერის შემოქმედებას და ეს უკანასკნელი არ გაგახსენდეს. ჰოპერისეული ღამის ამერიკა ფრედერიკის ნამუშევრებივით უცნაურად ცარიელი და მელანქოლიურია. აშკარაა, რომ ფრედერიკი ჰოპერის სტილითაა შთაგონებული, თუმცა მათ შემოქმედებას ერთი ფუნდამენტური რამ - ადამიანების არსებობა ასხვავებს ერთმანეთისგან. ჰოპერთან ლანდშაფტისა და ადამიანის ოსტატურ ურთიერთმიმართებას ვაწყდებით, ფრედერიკთან კი  ლანდშაფტსა და უადამიანობის იდუმალებას.



„ხანდახან მგონია, რომ ადგილი გამოვიცანი, შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ ვცდები. ლინდენის შემოქმედების კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისება ისაა, რომ ის ყველასთვის ნაცნობ სცენებს ქმნის, სცენებს, რომლებზეც გვგონია, რომ ვიცით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არც კი არსებობენ“, - ამბობს მეინის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის დირექტორი სიუზეტ მაქევოი.


ალბათ განსაკუთრებულად უნდა გიყვარდეს და იცნობდე იმ ადგილს, რომელსაც  სხვანაირად ხატავ, თუმცა ის მაინც ნაცნობი რჩება სხვებისთვის - მიუხედავად იმისა, რომ შენი შექმნილი სივრცე სინამდვილეში არ არსებობს, იმ კონკრეტული ქუჩისთვის დამახასიათებელი შტრიხები იგივეა. ზოგი შტრიხი ცალსახაა, ზოგი კი ისეთი, მხოლოდ იქ მცხოვრები ადამიანი რომ შეამჩნევს.  



მელანქოლიითა და იდუმალებით გაჟღენთილი სიჩუმე - ასე აღვწერდი ერთი წინადადებით მის შემოქმედებას. ფრედერიკის ნამუშევრებში ისეთი სიჩუმეა, როგორიც შუაღამის ძალიან მცირე მონაკვეთში - არც ადამიანების, არც ძაღლების ყეფის, არც ავტომობილებისა თუ სირენების ხმები - სრული სიმშვიდე, რომელიც მხოლოდ რამდენიმე წამს გრძელდება.